logo_geo
eng_logo
„სელტიკი“ Vs „რეინჯერსი“ –Old Firm-ის დაწყებამდე საათები რჩება
- +

17 აპრილი. 2016. 00:45


რამდენიმე დღის წინ, გლაზგოს „რეინჯერსმა", რომელიც წლების წინ, ფინანსური მაქინაციების ბრალდებით შოტლანდიის ყველაზე დაბალ საფეხბურთო დივიზიონში იყო გადაგზავნილი, ჩემპიონშიპის 32-ე ტურში 79 ქულა დააგროვა, გათამაშების ჩემპიონობა გაინაღდა და შოტლანდიის უმთავრესი საფეხბურთო ლიგის საგზური მოიპოვა. ამ ინფორმაციამ მოკლე დროში სრულად მოიცვა სოციალური ქსელი და მედია-საშუალებები. მიზეზი მარტივია: რაოდენ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს „ელ კლასიკოდ" შერაცხული „ბარსელონასა" და მადრიდის „რეალის" დაპირისპირება საფეხბურთო სამყაროში, იმდენად დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. Old Firm, გლაზგოური დერბი - "სელტიკისა" და „რეინჯერსის" შერკინება.

„რეინჯერსის" გარეშე დარჩენილ „სელტიკზე", მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიდა პირველობაზე ამ წუთისთვისაც დამაჯერებლად ლიდერობს ცხრილის სათავეს, ღირსეული კონკურენტის არყოფნამ დიდი გავლენა იქონია და რონი დეილას შეგირდები საერთაშორისო ასპარეზზე უწინდელი წარმატებით ვეღარ გამოირჩევიან. ჩემპიონთა ლიგას კი ეს ორი კლუბი ნამდვილად აკლია.

დამტვრეული ძვლები, გაუთავებელი ორთაბრძოლები ბურთის მოსაპოვებლად, გრძელი, შორეული გადაცემები ეს არის Old Firm, ნამდვილი ბრიტანული ფეხბურთი, რომელშიც მატჩის არბიტრმა შესაძლოა შეხვედრა არ გააჩეროს ისეთი დარღვევის გამოც კი, რომლის მსგავსზე სხვა კლუბების დაპირისპირებისას მოთამაშემ ყვითელი ან უფრო მეტიც, წითელი ბარათიც კი მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის უმაღლეს ლიგაში „რეინჯერსის" დაბრუნება ქართველმა გულშემატკივრებმაც სოციალურ ქსელში სიხარულით აღნიშნეს და მორიგი გლაზგოური დერბის ხილვის სურვილი გამოთქვეს, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს კლუბები ერთმანეთს 17 აპრილს, შოტლანდიის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც „ჰემპდენ პარკზე", თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

შოტლანდიის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი, „ჰიბერნიანმა" „დანდი იუნაიტედის" დამარცხება პენალტების სერიაში მოახერხა (4:2). ალან სტაბსის შეგირდები ფინალში „სელტიკი"-„რეინჯერსის" გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner