logo_geo
eng_logo
„მინდა, ყველას მოვუწოდო, ნახონ ეს ფილმი“ - გურიის გუბერნატორი პირველ კომენტარს აკეთებს
- +

17 აპრილი. 2016. 01:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში დადებული პირობა, რომლის თანახმადაც, პირადად უნდა შეესწავლა გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მონაწილეობა წამების კადრების საჯარო ჩვენებაში, პრემიერს მედიასთან შეხვედრის დროს, "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შეახსენა.


„მოვიკითხე და ვერ მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ კადრების ჩვენებაში გურიის გუბერნატორი უშუალოდ მონაწილეობდა", - აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები მომავალშიც იქნება, მაგრამ "სამართლიანობის პრინციპით".

 

„საკადრო ცვლილები აქამდეც იყო და მომავალშიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი ცვლილებები. თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა წამების კადრების საჯარო ჩვენების ორგანიზებას, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ კადრების არსებობა ამაზრზენია.


„ასეთი კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად, ამაზრზენი ფაქტია და კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ჩვენი ოპონენტების ლიდერის განცხადება, რომ ისინი რომ საჯაროდ არ აჩვენებდნენ ამ კადრებს და რომ ეს ყოფილა საკმარისი იმისთვის, მათ მოეხსნათ ვალდებულებები. ძალიან დიდი საშინელებაა, რომ ასეთი კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა ამ კადრების ღია სივრცეში ჩვენება.

 

დღეს, ჩვენი უშიშროება 24 საათის განმავლობაში რომ მორიგეობს იმისთვის, კადრები სადმე არ გამოჩნდეს და თუ გამოჩნდება მაშინვე დაბლოკონ, ეს თავისთავად მარაზმია. ამ კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი დადებითი, პოზიტიური დღის წესრიგი შეცვალონ და გადაიტანონ ყურადღება ისეთ რაღაცეებზე, რაც არის ამაზრზენი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის მიერ გაკეთებულ კომენტარზე და მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე პირველი კომენტარი „გურია ნიუსთან" გააკეთა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.


გურიის პირველი პირის თქმით, წამების კადრების საჯარო ჩვენებასთან მას შეხება არ ჰქონია.

 

„პრემიერმა აღნიშნა, რომ გურიის გუბერნატორის მიერ წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში ჩვენება არ დასტურდება. ეს არის რეალობა, ვინაიდან ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 2013-14 წლებში გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი წინა ხელისუფლების დროს ციხეში არსებული ვითარების შესახებ.

 

ხოლო მეორე ფილმი არის დოკუმენტური. ხაზს ვუსვამ - დოკუმენტური. იგი აღებულია ქართული სატელევიზიო სივრციდან, არის 16-წუთიანი, ქართული და ინგლისური ვერსია და 2014 წელს გოგა ხაინდრავას სტუდიაში შეიქმნა, რომლის პირველადი დემონსტრირება ბრიუსელში ევროპარლამენტის პრესკლუბში მოხდა. აღნიშნული ფილმი განთავსებულია იუთუბზე სახელწოდებით - „ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი".

 

დოკუმენტური ფილმის შექმნისას არ იყო გავრცელებული წამებისა თუ პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი კადრი და შესაბამისად, ამ ფილმში ის ვერ მოხვდებოდა. ფილმი ქრონოლოგიურად ასახავს 2004-12 წლის ჩათვლით, წინა რეჟიმის ნამოქმედარს.

 

მინდა, ყველას მოვუწოდო ,ნახონ ეს ფილმი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ინსინუაციები ამ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ შარშან, ოქტომბერში, საჯარო სივრცეში, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონის პარკში, სამალავებიდან ამოღებული წამების ამსახველი კადრები იქნა გაშვებული, რომელიც უკრაინიდან ჩამოიტვირთა და მე არავითარი შეხება არ მქონია ამ ჩვენებასთან.

 

მე უკვე ვიყავი დანიშნული გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ პერიოდის ქრონიკა, სადაც ნათლად ჩანს ვინ, როდის და რა ვითარებაში გაუშვა ეს ფილმი", - აცხადებს სალუქვაძე.


გურიის გუბერნატორი ადასტურებს, რომ ამ ფილმის ჩვენებას ბავშვები მართლაც ესწრებოდნენ, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია იყო.


„ჩემს მიერ ნაჩვენებ ფილმს, რომელიც სხვადასხვა ქალაქში 2015 წლის გაზაფხულზე იქნა დემონსტრირებული, დახურულ დარბაზში მართლაც ესწრებოდნენ ბავშვები, ოღონდ, მხოლოდ ფოთში - ბავშვები იქ მიიყვანა ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" წევრებმა, რაც შემდეგში დადასტურდა. რაც შეეხება გურიაში ფილმის გაშვებას, ეს არ მომხდარა და ჩორგოლეიშვილს, ეტყობა, რაღაცეები აერია. კარგია, თუ აღნიშნულ ფილმს მედიასაშუალებებიც ნახავენ, რომლებიც დაუსრულებლად ამ თემით", - აღნიშნავს სალუქვაძე.


გთავაზობთ მცირე ინტერვიუს გია სალუქვაძესთან:

- ბატონო გია, სამეგრელოსგან განსხვავებით, გურიაში, იუსტიციის სახლის წინ წამების კადრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. მაშინ თქვით, რომ თქვენ არ იდექით ამის უკან. თუ ეს ასე იყო, რატომ ვერ გაარკვიეთ გამოფენის ორგანიზატორის ვინაობა?


- წარმოდგენა არ მაქვს, როდის, ვის მიერ გაიმართა რაიმე გამოფენა ან საერთოდ რაზეა საუბარი.


- ამ გამოფენის შესახებ „გურია ნიუსი" წერდა და ვიდეოსიუჟეტიც მოვამზადეთ. დავიჯეროთ, არ წაგიკითხავთ წერილი და არც სიუჟეტი არ გინახავთ?


- ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის ორგანიზატორი. არ მესმის, ასეთი დაჟინებული აჩემება რას ნიშნავს, როცა გეუბნებით, არ ვიცი ვინ და როგორ ჩაატარა ეს აქცია, რატომ არ მიჯერებთ? როდესმე ან თავი ამირიდებია პასუხისგან ან მომიტყუებია თქვენთვის?


სიუჟეტის ნახვის შემდეგ გუბერნატორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ გამოფენასთან მას კავშირი არ აქვს:

 

„ეს აქცია იმ პერიოდისაა, როცა უკრაინიდან წამების ამსახველი ვიდეო მასალა აიტვირთა და ასეთი აქციები ყველგან ჩატარდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არავითარი წვლილი ამაში არ მაქვს. იქნებ, ისიც დამაბრალონ „ნაცებმა", მთელს საქართველოში ესეც სალუქვაძემ მოაწყოო. მე ამ დროს ვიყავი გუბერნატორი და ასეთ აქციებში მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდი".


კითხვაზე ესაუბრა, თუ არა მას პრემიერი ამ ფილმის შესახებ, გუბერნატორი ამბობს, რომ არა:


„პრემიერთან შეხვედრისას, ჩვენ გურიის მხარის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე ვისაუბრეთ".


სალუქვაძე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი "შეთითხნილი" ბრალდებებია და ამის გამო თანამდებობის დატოვება არ მოუწევს:

 

„პრემიერ-მინისტრს ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. გიორგი კვირკაშვილის თქმით, საკადრო ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები უნდა იყოს საფუძვლიანი".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner