„რეპორტიორთან" საუბარში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებასა და შესაძლო ექსტრადირებას გამოეხმაურა. მამრაძის განცხადებით, მეგის ქარდავა მონაწილეობდა, როგორც შემსრულებელი უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილია გახმაურებული.
„რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია მტკიცებულებები, მაგრამ იმ ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც წლების განმავლობაში თავისთავად გროვდებოდა სახელმწიფო სტრუქტურებში, ამის შესაბამისად, ის იყო უმძიმესი დანაშაულების შემსრულებელი, რომელთა ალბათ მცირე ნაწილია მხოლოდ გახმაურებული. მისი ექსტრადირების შემთხვევაში, თუკი ბოლომდე ჩატარდება ობიექტური გამოძიება, შესაბამისად ბრალდებაც და განაჩენიც უნდა იყოს ადეკვატური.
ყველაფერი, რასაც ჩადიოდნენ მერაბიშვილ-ადეიშვილი და მათი სტრუქტურები, ეს კეთდებოდა ან სააკაშვილის პირდაპირი ბრძანებით, ანდა სააკაშვილი ნებას რთავდა და ამის შემდეგ მოქმედებდნენ - მის გარეშე არაფერი მომხდარა. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი ქარდავას პირადად იცნობდა თუ არა, სრულყოფილი გამოძიების შემთხვევაში - კვალი სააკაშვილამდე უსათუოდ მიგვიყვანს, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს იყო ისეთი პირამიდა, ეს იყო ბრძანების გაცემის ისეთი ჯაჭვი, რომ სააკაშვილის გარეშე არაფერი ჩადენილა", - აცხადებს პეტრე მამრაძე.