ავტორი ნიკა მუმლაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეპორტიორთან" საუბარში უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებასა და შესაძლო ექსტრადირების ფაქტს გამოეხმაურა. პოლიტოლოგის თქმით, თუ მოხდება მისი ექსტრადირება საქართველოში, ძალიან ბევრი რამ შეიძება გამოვლინდეს ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
„სასჯელის ზომას, რა თქმა უნდა, მე ვერ მოგახსენებთ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, რადგან ძალიან ბევრი მასალა ვრცელდებოდა და როგორც იქნა უკრაინის ხელისუფლებამ პროცესი დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ვფიქრობ, თუ მოხდება მისი ექსტრადირება და დაიწყება დაკითხვები და ძიება, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოვლინდეს. ბევრია ისეთი დეტალი, რომელიც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.
ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული სამართლიანობის აღდგენის პროცესში", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ვახტანგ ძაბირაძე აქვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებასაც, რის მიხედვითაც სააკაშვილმა მეგის ქარდავასთან ყველანაირი ურთიერთობა უარყო და განაცხადა, რომ მეგის ქარდავას სახელი მხოლოდ პრესიდან იცის.
„სააკაშვილს წესად ექცა, თუ ვინმეს დაპატიმრება ან რაღაც სასჯელი ემუქრება ან თუ შემჩნეულია კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, ის იმავე წუთში გვერდზე გადის და ხელს იბანს. არ ვიცი, პირადად იცნობდა თუ არა, მაგრამ მეგის ქარდავას საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა და ლაპარაკი, რომ ქარდავა და სხვები არაკანონიერ ქმედებებს ჩადიოდნენ, პრესის საშუალებით გახმოვანდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო. მით უარესი, თუ სააკაშვილმა ეს იცოდა პრესიდან და არც კი დაინტერესებულა, რას წარმოადგენდა ეს კაცი. ასე რომ, იცნობდა თუ არა ქარდავას, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.