საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის - ჭაჭის არყის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში 5 620 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.