„მთავრობის მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ ეკონომიკური ზრდა დააჩქარა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ეკონომიკური ტენდენციების უფრო ხელსაყრელმა განვითარებამ მთავრობას საშუალება მისცა, 2017 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.7 პროცენტამდე გაეზარდა.
„2017 წელი საქართველოსა და რეგიონში ეკონომიკის მკვეთრი გამოცოცხლებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენდა, თუმცა საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი გაჯანსაღების შედეგად, 2017 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ 9 თვეში 4.7 პროცენტი შეადგინა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გამომწვევი მიზეზებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ „უცვლელი საგარეო ვითარების პირობებში, ფისკალური რეფორმის განხორციელების გარეშე, სხვადასხვა შეფასებით 3.1 პროცენტი იქნებოდა. თუმცა ჩვენს მიერ განხორციელებულმა ფისკალურმა რეფორმამ 0.9 პროცენტული პუნქტით დააჩქარა ეკონომიკური ზრდა, ხოლო პოზიტიურმა საგარეო სექტორმა ზრდაში კიდევ დამატებით 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა. შედეგად მოსალოდნელია 4.7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა".