თბილისის მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 4 ნოემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში, ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი, ლეგენდარული ჯო ლოვანო, თავის კვარტეტთან ერთად წარდგება.
თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, 2 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე ჯაზისა და სოულის შემსრულებელი ლენგენდარული ჯგუფი Tower of Power წარდგა. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს კი, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზ- ექსპერიმენტი".
პირველ ჯაზ-ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი, დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.
რიგით მეორე ფესტივალს თბილისმა 1986 წელს, ხოლო მესამეს - 1989 წელს უმასპინძლა. 2000 წლამდე, თბილისის ჯაზ-ფესტივალი არ ჩატარებულა, თუმცა კომპანია „ისთერნ პორმოუშენსმა", ჯაზის მოყვარულებს ალტერნატიული მუსიკალური საღამოები შესთავაზა - სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, „მანჰეტენ ტრანსფერი" და სხვა. 2000 წლიდან კი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ აღდგა და დღემდე გრძელდება. ფესტივალს ერთადერთი წყვეტა 2000 წლის შემდეგ, 2008 წელს ჰქონდა, რისი მიზეზიც აგვისტოს ომი გახდა.
ფესტივალის წარმდგენი: „თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია;
საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2", „იმედი", „არტარეა", რადიო „ფორტუნა", „Music Box," "Georgia Today", ჟურნალი „OK", სარეკლამო კომპანია „ალმა";
მასპინძელი: რესტორანი შავი ლომი;
ფესტივალის პროგრამა:
4 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი - JOE LOVANO CLASSIC QUARTET;
5 ნოემბერი - 19:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - PAPUNA SHARIKADZE TRIO Featuring EDDIE GOMEZ; STANLEY CLARKE BAND.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს:
საკონტაქტო პირი:
ანუკი კანკია - 595 72 04 04; 591 51 48 86
ინფორმაცია მუსიკოსების შესახებ:
TOWER OF POWER (თაუერ ოფ ფაუერ) - მსოფლიოში აღიარებული ცნობილი R&B-ისა და სოულის შემსრულებელი ბენდი „TOWER OF POWER" , 1968 წელს, კალიფორნიაში შეიქმნა და უკვე 5 ათწლეულია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და მართავენ კონცერტებს. ბენდს, არსებობის ისტორიაში, სხვადასხვა ვოკალისტი ჰყავდა, მათ შორის - ლენი უილიამსი, რომლის დროსაც ჯგუფმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. კარიერის განმავლობაში, TOWER OF POWER-ის არაერთი სიმღერა გამხდარა ჩარტების ლიდერი. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ჰიტებია - You're Still a Young Man", „So Very Hard to Go", „Soul With a Capital S", „Soul Vaccination", „What Is Hip?" და სხვა.
JOE LOVANO (ჯო ლოვანო) - ცნობილმა ამერიკელმა საქსაფონისტმა, კლარნეტისტმა და დრამერმა, ჯო ლოვანომ მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბერკლის სამუსიკო სასწავლების დასრულების შემდეგ, მუშაობა ვუდი ჰერმანის ორკესტრში გააგრძელა. სხვადასხვა დროს უკრავდა მელ ლუისისა და ჯონ სკოფილდის ბენდებში. 1990-იანი წლების დასაწყისში, მუსიკოსმა შექმნა კვინტეტი სახელწოდებით „Us Five", რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისათვის ამომავალი ვარსკვლავები: ესპერანსა სპალდინგი (ბასი), ჯეიმს ვაიდმანი (პიანინო), ები ლინკოლნი, ფრანცისკო მელა (დასარტყამი ინსტრუმენტი) და ოტის ბრაუნ მესამე (დასარტყამი ინსტრუმენტი). 1985 წლიდან დღემდე, ლოვანოს რამდენიმე ათეული ალბომი აქვს გამოშვებული.
პაპუნა შარიქაძე - ახალგაზრდა ქართველმა ჯაზ-შემსრულებელმა ,პაპუნა შარიქაძემ კლასიკური მუსიკის შესწავლა, ჯერ კიდევ, 6 წლის ასაკში დაიწყო. 2010-2015 წლებში, მუსიკოსი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის" ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო. სამუსიკო სკოლის დასრულების შემდეგ, პაპუნა შარიქაძემ სწავლა ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო კოლეჯში განაგრძო. დღეისათვის, ახალგაზრდა მუსიკოსს ბაკალავრის ხარისხის მიღებამდე ორი წელი დარჩა. მიუხედავად პატარა ასაკისა, კარიერის განმავლობაში, პაპუნა შარიქაძეს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან - ტერი ლინ ქერინგტონი, ჯო ლოვანო, რალფ პიტერსონი, დანილო პერესი და სხვა.
EDDIE GOMEZ (ედი გომესი) - „ედი გომესი მთელ მსოფლიოს იტევს თავის სიმებზე" - ასე შეაფასა ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „Time", მსოფლიოში აღიარებული ბასისტის, ედი გომესის შემოქმედება. ორი გრემის ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული მუსიკოსი, უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც უნიკალური საშემსრულებლო მანერის წყალობით, პოპულარობას არ კარგავს. ედის მუსიკა აერთიანებს ჯაზის, ბლუზის, პოპისა და სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს. სხვადასხვა დროს, ედი გომესს უმუშავია ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან - მაილს დევისი, ჯონ კოლტრეინი, ბილ ევანსი, რონ კარტერი, ჰერბი ჰენკოკი, ჩიკ კორეა და სხვა. მუსიკოსმა ყველაზე დიდი პოპულობა ბილ ევანსის ტრიოში მოღვაწეობის დროს მოიპოვა. ედი გომესს, 1976 წლიდან დღემდე, გამოშვებული აქვს 15-მდე სოლო-ალბომი.
STANLEY CLARKE (სტენლი კლარკი) - ჯაზმენი და ბასისტი, „გრემის" ჯილდოს 4 გზის მფლობელი სტენლი კლარკი, მსოფლიოს ცოცხალი ლეგენდაა. მუსიკოსს, 40-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს, ფაქტობრივად, ყველა მუსიკალური ჯილდო. 1975 წელს, ჟურნალ „Rolling Stones"-მა, მას წლის საუკეთესო ჯაზმენის და ბასისტის ტიტული მიანიჭა. მუსიკალური კარიერის გარდა, სტენლი კლარკმა საკუთარი ძალები კინო ინდუსტრიაშიც მოსინჯა, როდესაც 2000 წლის ბოლოს, რამდენიმე ათეული ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მსახიობისა და პროდიუსერის რანგშიც. დღეისათვის, სტენლი კლარკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებს საკუთარ ბენდთან ერთად მართავს. მნიშვნელოვანია, რომ ლეგენდარული მუსიკოსის ბენდის მუდმივი წევრი, ბოლო რამდენიმე წელია, ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. აღსანიშნავია ისიც, რომ სტენლი კლარკი თავის ბენდთან ერთად, თბილისის ჯაზ-ფესტივალის სტუმარი, 2014 წელს, ერთხელ უკვე იყო.