logo_geo
eng_logo
თემურ მურღულია: მტკვრის დონესთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს
- +

17 აპრილი. 2016. 12:18



გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს.



როგორც მურღულიამ განუცხადა, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარე „ქაია ბეის ჰესი" წყალუხვობის დროს იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.



უბრალოდ წყალსიუხვეა მტკვარში და ახლად აშენებული "ქაია ბეის ჰესის" დამბა წყალს ინტენსიურად უშვებს, მაგრამ არაკრიტიკულად. ეს არ არის დამბის გარღვევა. ეს არის ორი წლის წინ აშენებული, ძალიან თანამედროვე ჰესი. ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცი, ახალციხეში არის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინონ და პანიკა შექმნან, მას საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, წყალმა მოიმატა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ჰესი, ამ პერიოდში მტკვარს შემოსვლაზე წყალუხვობა მაინც შეეტყობოდა. ჩვენ ვართ კონტროლის 100%-იან რეჟიმში. ჩვენი სამსახური აკვირდება მტკვარს როგორც ადგილზე, ასევე მთლიანად თბილისამდე ყველა მონაკვეთზე, რადგან ფარავნიდანაც ცოტა უფრო გაზრდილია შემოდინება, მაგრამ ამ წუთას საგანგაშო ზღვრამდე დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლები წყლის დონე გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა მურღულიამ.



მისივე თქმით, ნებისმიერი ჰესი, როდესაც არის წყალსიუხვე, იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ, ანუ ფარები აქვს უფრო მეტად გახსნილი, რაც ჩვენთან წყლის ტიპურზე ოდნავ მეტ შემოდინებას იწვევს. მინისტრის მოადგილის თქმით, რადგან გაზაფხულია, ეს არის სეზონური.



როგორც მურღულიამ აღნიშნა, მან მოისმინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში არის წყლის დონე აწეული, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებას პროცესზე სრული კონტროლი აქვს.



მინდა შევახსენო თბილისელებს, რომ დედაქალაქში მტკვრის დონეს ორთაჭალჰესი განსაზღვრავს და ის მტკვარი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ორთაჭალაჰესის დამსახურებაა. ზოგადად, მტკვრის დონე თბილისში ძალიან დაბალია. ახლა თუ ცოტათი მომატებულია, ეს არის ისევ და ისევ ორთაჭალაჰესის რეჟიმის თემა და არ არის დამატებითი წყალშემოდინება, რომელიც თბილისს პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას ცდილობენ, რომ ნუ გავაკეთებთ ამას. ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება ჩვენს თანამოქალაქეებს უარყოფითი განცდები შევუქმნათ. ამ წუთას ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი პროცესზე. არაფერი ისეთი არ ხდება და არც "ქაია ბეის ჰესი" არ აპირებს დანგრევას", - განაცხადა მურღულიამ.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის ხვალ აპირებს, რომ სამცხეში პირადად ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს.



ადგილობრივ მოსახლეობაში ქმნიან ნეგატიურ ფონს და ვაპირებ, რომ ავუხსნა, რომ ეს ფონი დღეისთვის აბსოლუტურად უსაფუძვლოა", - განაცხადა მურღულიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner