logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით 3,5 მლრდ ლარამდე იზრდება
- +

3 ნოემბერი. 2017. 21:11


 

„2018 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 112.2 მლნ ლარით და შეადგენს 3 528.0 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.4%", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.


აღნიშნული თანხის დიდი ნაწილით დაფინანსდება სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროგრამები, რაც 2 465.9 მლნ  ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება 55 მლნ ლარის ოდენობით.


აგრეთვე იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაც, მათ შორის, გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი გამოიყოფა  მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის, რაც704.0 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა იმუნიზაცია, C ჰეპატიტის მართვის პროგრამა, ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება, სოფლის ექიმი, რეფერალური მომსახურება და სხვ. გარდა ამისა, 2017 წელს დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, 2018 წელს გათვალისწინებულია  10.0 მლნ ლარი, 4 ძირითადი ჯგუფისათვის (გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა, დიაბეტის სამკურნალო და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner