პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო პროგრამები გააცნო. სულ აღნიშნული პროგრამების შესასრულებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 276 მლნ ლარი გამოეყოფა.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები, აგროდაზღვევის უზრუნველყოფა, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და სხვ.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში" ხორციელდება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და პროექტის დაწყებიდან სულ გაცემულია 28,945 სესხი. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეიქმნა 138 ახალი საწარმო, გადაიარაღდა/ გაფართოვდა 750-ზე მეტი საწარმო, ხოლო საანგარიშო პერიოდში - შეიქმნა 15 ახალი და გადაიარაღდა 50 საწარმო.
ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „აგროდაზღვევის" კომპონენტი, რომელიც შეიქმნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობასთან დაკავშირებული რისკების პრევენციის მიზნით; სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოების თანადაფინანსება; დანერგე მომავალი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა და სხვ.