logo_geo
eng_logo
ბათუმში საქართველოს შს მინისტრისა და NATO-ს წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა
- +

4 ნოემბერი. 2017. 00:17



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა NATO-საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.


ერთობლივი პრესკონფერენცია მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა საქართველოში ბულგარეთის საელჩოს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისს NATO-ს საპორტო ვიზიტის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე.


„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მაქვს პატივი, ვუმასპინძლო NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობას და ალიანსის მუდმივმოქმედ ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო შენაერთს. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟონს იმისთვის, რომ დღეს ჩვენს გვერდითაა. მისი სტუმრობა ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის უდავო დასტურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გახლავთ NATO-ს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია.

 

მოგეხსენებათ, ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოებასა და ზღვაზე სამართალდაცვითი საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი, წამყვანი უწყება გახლავთ შსს-ს სასაზღვრო პოლიცია. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს ვნერგავთ, მათ შორისაა, ერთიანი საზღვაო სურათის შექმნა და უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება. ამ კუთხით, აღსანიშნავია შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომლის შემდგომი განვითარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქტიურად მიმდინარეობს სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზების პროცესიც.

 

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები NATO-ს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველვყოთ ალიანსთან ურთიერთთავსებადობა",- განაცხადა შს მინისტრმა.


პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისმა და NATO-ს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაურმა, II რანგის კაპიტანმა, ჯასთინ ჰეინისმა უპასუხეს.


ერთობლივ პრესკონფერენციამდე NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ შს მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით მყოფი, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) გემების მეთაურები წარუდგინა და საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND" უმასპინძლა.


NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ, სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner