ავტორი მარიამ ტატიშვილი
„მერაბიშვილის ვადაზე ადრე გამოშვება რეალურ პერსპექტივად მიმაჩნია", - აღნიშნა ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორთან" საუბარში და მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლების ორი ძირითადი ფაქტორი განიხილა.
„არის ერთი ფაქტორი, რომ მისთვის მისჯილი საერთო ვადიდან ძირითადი დრო უკვე არის გასული, რაც, როგორც ყველა პატიმარს, მასაც აძლევს უფლებას, მიმართოს ე.წ. „უდოს" კომისიას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. ასევე არის მეორე ფაქტორი, ესაა ევროპის სასამართლო, სადაც სავარაუდოდ, შეიძლება ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატონ. ეს კი ქვეყნის პრესტიჟს პრობლემას შეუქმნის, რაც ხელისუფლებისთვის სასურველი არ იქნება. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება არჩიოს ევროპის სასამართლოს საბოლოო პასუხს", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
გამზარდია ასევე გამოეხმაურა მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებასაც, რომელიც შეეხებოდა შს ექს-მინისტრის გათავისუფლების შემთხვევაში პოლიტიკაში მის აქტიურად ჩართვას.
„ეს ადამიანი ბოლომდე იყო პარტიის გენერალური მდივანი, ანუ ის მოცემულ მომენტამდეც ინარჩუნებდა პარტიულ სტატუსს. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, მან გარკვეული პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს. მითუმეტეს, მერაბიშვილი უშვებს, რომ შეიძლება გადავიდეს „ევროპულ საქართველოში". ამ დაშვების პირობებში, მან შესაძლოა, აქტიურად იმუშაოს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი საკუთარი ხერხითაც გადაქაჩოს „ევროპული საქართველოსკენ", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.