logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: კონსტანტინე შარაშენიძე „ქართული ოცნების“ შესაფერისი კანდიდატია!
- +

4 ნოემბერი. 2017. 21:27



„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში ოზურგეთის მერობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც შათირიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო იქნება დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის გამარჯვება.

 

- მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, მხარს უჭერთ არა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს. რა არის ამის მიზეზი?


- მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების" შესაფერისი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე უფრო არის, ვიდრე 2012 წელს „ნაციონალებთან" მყოფი, მათი დამფინანსებელი და მხარდამჭერი ბეგლარ სიორიძე. ის, რასაც ბეგლარ სიორიძესთან დაკავშირებით ვამბობ, არ არის ჩემი პირადი დამოკიდებულება მის ადამიანობასთან. ამის საფუძველს მაძლევს მისი უავტორიტეტობა ოზურგეთში. ოზურგეთი არის  პატარა რაიონი და მე ვნახე ოზურგეთელების დამოკიდებულება სიორიძის მიმართ. ერთი ადამიანიც კი არ შემხვდა, ვინც მასზე დადებითს იტყოდა. მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ არჩევნების ბოლომდე მხარში დავუდგე არა კონსტანტინე შარაშენიძეს, არამედ მის ამომრჩეველს.

 

- რატომ უნდა აირჩიოს ოზურგეთის მოსახლეობამ კონსტანტინე შარაშენიძე?


- კონსტანტინე შარაშენიძე იყო „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ოზურგეთში და პარტიის თავმჯდომარე. იგი იმ თანამოაზრეთა რიგებიდანაა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან" ერთად აქტიურად იყო ბრძოლაში ჩართული. კოტე შარაშენიძემ თავისი საკუთარი სახლი აქცია ოფისად და გამარჯვება მოუტანა „ქართულ ოცნებას". ოთხი წლის განმავლობაში იყო გამგებელი და ყოველთვის ვხედავდი და მესმოდა ამ ადამიანზე, რომ ის არის კარგი მეურნე. გზის მშენებლობა იყო თუ ხიდის მშენებლობა, ჩაფხუტითა და საწვიმარით, მუდმივად ტრიალებდა ხალხში და ჩართული იყო ყველა პროცესში. „ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი სელექცია  მოახდინა და გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი „ქართულ ოცნება" არ უნდა დაეკარგა. ბეგლარ სიორიძემ პირველივე ტურში, ფაქტობრივად წააგო, რადგან თითქმის 50-50%-ზე გადანაწილდა ხმები. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელიც არც რომელიმე პარტიას შეეკრა და არც ფინანსური თუ სახელისუფლებო რესურსი გააჩნდა, ამომრჩეველთა ნახევარი დაიყენა გვერდით. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" თავისი სახელისუფლებო რესურსი არ უნდა მიმართოს ისეთი კანდიდატზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო რესურსით ფიქრობს გამარჯვებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქში, სადაც ბეგლარ სიორიძე სამი წელი მერის თანამდებობას იკავებდა, ვერ შეძლო ხმების მიღება და კონსტანტინე შარაშენიძესთან წააგო. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" უნდა დაფიქრდეს.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ ბეგლარ სიორიძეს არ აქვს ავტორიტეტი, როგორ ფიქრობთ, ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც თვლით, რომ „ქართული ოცნების" შეცდომაა მისი კანდიდატად დასახელება?


- დიახ, ზუსტად ეს არის ძირითადი მიზეზი. „ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის რაიონში დემარშით გაიმარჯვა და ყველა მისი კანდიდატი საკრებულოში შედის უმრავლესობით და ამას ოზურგეთელებიც მიესალმებიან და თავად, კოტე შარაშენიძეც მიესალმება. „ქართულმა ოცნებამ" ბეგლარ სიორიძესთან დაკავშირებით დაუშვა შეცდომა და შეცდომა ყველას მოსდის. ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს, თორემ „ქართული ოცნების" გამარჯვების წინააღმდეგი ოზურგეთში არავინ არის. მეც, პირიქით, ვამბობ, რომ „ქართული ოცნებისთვის" იქნება სასარგებლო შარაშენიძის გამარჯვება, რადგან თუ შარაშენიძემ არ გაიმარჯვა ოზურგეთში დაიწყება „ქართული ოცნების" მეტასტაზის წამოდინება ოზურგეთიდან, რადგან აშკარად გამოჩნდება, რომ თვითონ ვერ ხედავს კანდიდატს, რომლის გარშემოც მას შეუძლია ამომრჩევლის დარაზმვა. „ქართული ოცნების" რესურსი, რომელიც ბეგლარ სიორიძემ მოიხმარა, მუდმივად „ქართული ოცნებისაა". პარტიას შეუძლია ეს რესურსი ნებისმიერი კანდიდატისკენ გადახარო. სწორედ ამიტომ, ეს რესურსი „ქართულმა ოცნებამ", თუკი ის სახალხო პარტიაა, სახალხო კანდიდატთან უნდა გააერთიანოს, რადგანაც კოტე შარაშენიძის ირგვლივ გაერთიანდა ხალხი და სწორედ ის ამომრჩეველი, რომელსაც პარტიული ამბიცია და პარტიული ვალდებულება არ გააჩნია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.


კოტე შარაშენიძის გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთში „ქართული ოცნება" გააერთიანებს ნამდვილ ამომრჩეველს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ვალდებულება არ ექნება და შარაშენიძის სახით, მას ეყოლება ფიგურა, რომელიც „ქართული ოცნების" წიაღიდან მოდის და მათთვის არ არის უცხო. სულისკვეთებით კოტე შარაშენიძე არის „ქართული ოცნების" წევრი და სწორედ ამიტომ იმარჯვებს ყოფილი „ნაციონალების" თაყვანისმცემელზე და ეს ოზურგეთის მოსახლეობამ კარგად დაინახა და შეაფასა.


- ზოგადად, საარჩევნო ფონს როგორ შეაფასებთ პირველი ტურის შემდეგ და როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებს თუ არა კოტე შარაშენიძე ოზურგეთში გამარჯვებას?


- ბეგლარ სიორიძე არაპატიოსანი გზებით ცდილობდა თვითმმარველობის არჩევნებში გამარჯვებას, ამის ფაქტებიც არსებობს. „ქართულ ოცნებას" თხოვნით მივმართავ და გონზე მოსვლისკენ მოვუწოდებ - არ მისცენ ბეგლარ სიორიძეს სახელისუფლებო რესურსის გამოყენების საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ პატიოსნად ჩატარდება არჩევნები, გამოჩნდება თეთრი და შავი. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების" ინტერესი უნდა იყოს, რომ ოზურგეთს ჰყავდეს მერი, რომელიც მომავალში იქნება პარტიის დასაყრდენი იმ ამომრჩეველთან ერთად, ვისი მობილიზებაც მოხდება კონსტანტინე შარაშენიძის გარშემო.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner