logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მზადაა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ბუნებრივი აირის გადასახადის პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს
- +

17 აპრილი. 2016. 15:05




საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე  მზადყოფნას გამოთქვამს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ბუნებრივი აირის გადასახადის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებაში ჩაერთოს.



როგორც კალაძემ „ტელეიმედის" გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში" განაცხადა, მზად არის, კომპანია „სოკართან" შუამვლობა გაწიოს.



ვფიქრობ, დევნილთა სამინისტრო დაინტერესდება ამ კონკრეტული ფაქტით და იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც იქნება მათი მხრიდან მიღებული, მე მზად ვარ, კომპანია „სოკართან" გავწიო შუამავლის როლი და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება. წეროვანის გარდა,  გვაქვს სხვა ბევრი კომპაქტური დასახლება, სამწუხაროდ. იქაც ძალიან უჭირს ხალხს, მაგრამ ის ადამიანები, ყველაფრის მიუხედავად, მაინც იხდიან გადასახადებს. ასეთი პრობლემა მხოლოდ ამ კონკრეტულ დასახლებაში მოხდა და დღემდე არსებობს.  მინდა ვთხოვო სოზარ სუბარს, ერთობლივად მივიღოთ რაიმე სახის გადაწყვეტილება და იქნებ, შევძლოთ ამ საკითხის მოგვარება", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.



ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ინფორმაცია, თითქოს წეროვანის დასახლების მცხოვრებლებს ვინმე წინასაარჩევნოდ გაზის გადასახადის  გაუქმებას დაპირდა, არასწორია.



ძალიან დიდი სიცრუე და დემაგოგიაა, თითქოს, ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც ეწერა, რომ დევნილი მოსახლეობა გათავისუფლდებოდა ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან. შეგიძლიათ, მოიძიოთ და ნახოთ, რომ არც ერთ ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში ასეთი დაპირება არ ყოფილა. ჟურნალისტის მხრიდან იყო მომზადებული განცხადება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ  კახა კალაძე, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, ვიმყოფებოდი იქ წინა საარჩევნოდ და გავეცი ასეთი დაპირებები. 2012 წელს, ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოვიარე და ჩემდა სამწუხაროდ,  წეროვანის დასახლება არის ადგილი, სადაც ნამდვილად არ ვყოფილვარ", - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე ინფორმაციით,  არჩევნების მოგების შემდეგ, როდესაც დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრად,  წეროვანში შევხდა  იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ჰქნდათ სერიოზული პრობლემები, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადები.



იმ ადამიანებმა თავად მოითხოვეს ჩემთან შეხვედრა. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ არ ვცდები, 200-200 ლარი ჩაურიცხეს თითოეულ იქ მცხოვრებ ადამიანს. ეს თანხა მივეცით არა ვაუჩერის, არამედ ფულადი სახით. თუმცა, ამის შემდეგ კიდევ წარმოიშვა მსგავსი დავალიანება. ბუნებრივი აირის მოხმარების შემდეგ არ ხდებდა მისი გადახდა და კომპანია „სოკარს" ვთხოვეთ, თანხის გადახდა გადანაწილებულიყო. ამ საქმეში დევნილთა სამინისტროც ჩართული იყო. დევნილებს მიეცათ საშუალება, გადაეხადათ ყოველთვიურად 15 ლარი და პლუს იმ ბუნებრივი აირის საფასური, რასაც მოიხმარდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ გადასახადი მაინც არ გადაიხადეს, ამიტომ „სოკარმა" ბუნებრივი აირის მილები ჩაჭრა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ 15 ლარსაც იხდიან და ყოველთვიურ გადასახადსაც. იმ ადამიანებს ვინც იხდის საფასურს, აქვს ბუნებრივი აირი, ვინც არ გადაიხადა, არ აქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner