logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: დავით ზურაბიშვილი ვერაფრით დაიმკვიდრებს ადგილს დიდ პოლიტიკაში
- +

17 აპრილი. 2016. 16:04




პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება. დეპუტატი ამ სახკითხზე „ინტერფაქტნიუსს" ესაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, ექსპრემიერზე ზურაბიშვილის შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.



-ბატონო თამაზ! „რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილის განაცხადებას, რომ ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ნეგატიური პროცესი დაიწყო, რის გამოც, კოალიციის რეფორმირება გახდა გადაუდებლად აუცილებელი, თუმცა ეს ბოლომდე ვერ მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოიცვალა, როგორ შეაფასებთ?



-მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი ამ კოალიციაში ყველაზე ნათელი ფიგურა იყო. დავით ზურაბიშვილი რომ ამბობს რეფორმები ბოლომდე ვერ მივიდაო. მან, საერთოდ რა იცის, რეფორმები რა არის? ზურაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიზანი იყო ღარიბაშვილის თანამდებობიდან ჩამოშორება და ეს პროცესი მიმდინარეობდა უწყვეტად. ეტყობა, ზურაბიშვილი ღვარძლიანი პიროვნებაა. ღარიბაშვილი კი არის, იყო - არ ვიტყვი, ეროვნული ძალა „ქართულ ოცნებაში" და ზურაბიშვილისმაგვარი პირების მხრიდან ხდებოდა ზეწოლა სწორედ ეროვნული ღირებულებების მატარებელ ადამიანებზე და საერთო ჯამში ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ღარიბაშვილი მოეცილებინათ.

ეს არის ცინიზმი, როცა დავით ზურაბიშვილი ასეთი ტონით მოიხსენიებს ყოფილ პრემიერს, რომელსაც ყველა პატივს ვცემთ, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, თუნდაც იმ შეცდომებისა, რომელიც შეიძლება დაუშვა კიდევაც, ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ვერავინ ვერ გავექცევით . ღარიბაშვილი იყო და არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ეროვნული მოღვაწე და ეს მას არ აპატიეს ზურაბიშვილმა და მისნაირებმა და არც მათმა მფარველებმა.

ეთანხმებით თუ არა ზურაბიშვილის ამ მოსაზრებას - საქართველოში პრორუსული ძალების მომძლავრება იმიტომ მოხდა, რომ მათთვის  ყოფილი პრემიერი მისაღები ფიგურა იყო და სწორედ ამიტომ ჰქონდათ „რესპუბლიკელებს" პრეტენზია მასთან.


 

- თქვენი აზრით, ხომ არ ცდილობს დავით ზურაბიშვილი ვინემსთვის რამის გადაბრალებას და თუ ასეა რატომ? როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებით, ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ „რესპუბლიკელები" რაღაც თავის მართლების რეჟიმში არიან ან სხვა რა ქვეტექსტი შეიძლება ამოვიკითხოთ ზურაბიშვილის ამ განცხადებაში?



-მე მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილი იმ ძალების დისკრედიტაციას ახდენს, რომელიც მას უნდა რომ წარმოადგინოს. უფრო კონკერტულად ვიტყვი, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობამ პროდასავლური პოლიტიკა უნდა გაატაროს და ხალხი ევროპული ღირებულებების მიმართ დადებითად არის განწყობილი. ზურაბიშვილისნაირები კი საზოგადოების ფართო მასებში ევროპის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას ხელს უშლიან. იმიტომ, რომ ისინი, როგორც კი იწყებენ საზოგადოებაში აფიშირებას, რომ თვითონ არიან წარმომადგნელი დასავლური ფასეულობებისა, მაშინ თავისთავად ახდენენ ამ ღირებულებების დისკრედიტაციას. როდესაც პროპაგანდა ხდება ერთსქესიანთა ქორწინების, მართლმადიდებლობის დევნისა და შეურაცხყოფის. ლგბტ-ებზე ადრე ვთქვი, როგორც არის მათი სახელწოდება ისე, მაგრამ ახლაც, რომ ვთქვა იტყვიან ფობია აქვსო და მაგათი ნერვები აღარა მაქვს და დაწერეთ ლგბტ. ვიკიპედიაში სხვა სახელი ჰქვია მათ. მოკლედ, მე ამით, იმის თქმა მინდა, რომ დავით ზურაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების ქმედებით მოსახლეობაში ხელი ეწყობა იმ პროცესს, რომ სიმპატიით განეწყონ იმ ძალების მიმართ, რომელთათვის მიუღებელია ევროპული კულტურა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ისინი ამას ხელოვნურად აკეთებენ და საქართველოში ევროპული ფასეულებების დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენენ.



-ევროპიდან არავინ არ გვავალდებულებს, რომ მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. როგორ ფიქრობთ,  რატომ ხდება ქვეყანაში ლგბტ თემის საკითხების ამგვარი პროპაგანდა?



-ჯერ ერთი, მათ არავინ არ შეურაცხყოფს. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ასეთი ორიენტაციის ადამინები, მაგრამ მაშინ ელგბტ-ს არ ეძახდნენ. იმათ აბსოლუტურად ნორმალურად იღებდა საზოგადოება, ის ხალხი იყო თავისთვის და თავიანთი ორიენტაციის აფიშირებას არ ახდენდნენ ისე, როგორც დღეს ხდება. ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას და აქედან გამომდინარე, ხალხს პროტესტი უჩნდება დასავლური ღირებულებების მიმართ და სწორედ ასეთი განწყობების გაღვივებაში წვლილი მიუძღვით მათ, ვინც იძახის რომ დასავლური ღირებულებების მატარებელია და ფართო მასებში უარყოფითი იმიჯით სარგებლობს, რაც ძალინ სამწუხაროა.



-ბატონო თამაზ, ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა იმ ადამიანის გუბერნატორად დანიშვნა, (საუბარია გურიის გუბერნატორზე) რომელმაც გაუპატიურების კადრები უჩვენა რეგიონების მოსახლეობას და მის გარემოცვაში ასეთი ტიპის ადამიანების ყოფნამ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები შექმნა. - თქვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბრძანდებით, ხომ ვერ მეტყვით რა პრობლემებს გულისხმობს ბატონი დავით ზურაბიშვილი და როგორ ფიქრობთ, მაშინ, გია სალუქვაძის ქმედება, იყო თუ არა სწორი.


-ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რეგიონებში წინა რეჟიმის მამხილებელი დოკუმენტური ფილმის ჩვენებამ ქვეყანას პრობლემები შეუქმნა.

ზურაბიშვილს ეშინია, რომ არ მოხდეს ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. ამგვარი გაერთიანების ორგანიზება თუ ვინმეს შეუძლია, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და ზუსტად ამ შიშით არის გამოწვეული მისი ეს განცხადება.

მინდა, გული გავუკეთო ბატონ ზურაბიშვილს და გავაგებინო, რომ ეროვნული ძალების კონსოლიდაცია მაინც მოხდება. ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა და ამის მოთხოვნა, როგორც კი იქნება ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, ეროვნული ძალები გაერთიანდებიან და გაძლიერდებიან. ზურაბიშვილინაირების ადგილი კი არასოდეს არ იქნება დიდ პოლიტიკაში. ის ყოველთვის იქნება მარგინალური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია მხოლოდდამხოლოდ ტალახი ესროლოს ღირსეულ ადამიანს. ის, ვერაფრით ვერ დაიმკვიდრებს ადგილს დიდ პოლიტიკაში და არც არასდროს არ ყოფილა. ის იყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლის სათავეებიდანაც მოდის „ნაციონალური მოძრაობა" და ყველა სხვა ანტიქართული, ანტიმართმადიდებლური პოლიტიკური ძალა და რჩებიან იმ გარე ძალების ინტერესების გამტარებლებად, რომლებიც მათ აფინანსებენ.

ზურაბიშვილს, სახელის გარეშე რომ ვახსენებ, ჩემთვის პატივსაცემი ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილი არავინ არ იგულისხმოს. არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ამ გვარის ხალხში დავით ზურაბიშვილი იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომ სახელის გარეშე ვიხსენიებ. ეს, ნამდვილად არ არის ასე. ასევე, სამწუხაროდ, გვართან ერთად იმდენად საპატივცემლო სახელიც აქვს, ვერც სახელით მოვიხსენიებ, იმიტომ რომ ეს კიდევ დიდი უბედურებასთან მიგვიყვანს. ამ ანტიეროვნული ღირებულებების მატარებელი ადამინის უბედურება იმაშია, რომ ის კი არ აინტერესებს, ვინ აუბედურებდა ამ ხალხს, ამაზე არ აკეთებს აპელირებას და იმ პიროვნებაზე გადააქვს აქცენტი, რომლეზეც მტკიცებულება არ გააჩნია. გია სალუქვაძე არის პოლიტდევნილი და ყოფილი პოლიტპატიმარი. მაშინ, როდესაც ციხეებში გაუპატიურებები ხდებოდა და ამ კადრებს იღებდნენ, თვითონ ის გუბერნატორი პატიმარი იყო, ამაზე არ საუბრობს. მას რატომღაც მარტო ის ახსენდება, რომ დოკუმენტური ფილმის ჩვენება არ შეიძლება, მაგრამ გაუპატიურება და წამება კი.

ამ შემთხვევაში მე არ მგონია, დავით ზურაბიშვილი „ რესპუბლიკური პარტიის" საერთო პოზიციას აჟღერებდეს, იქ საღად მოაზროვნე და ნორმალური ადამიანებიც საკმაოდ არიან და მე ვერ დავაკავშირებ დავით ზურაბიშვილს „რესპუბლიკური პარტიის" ყველა წევრთან. იმ პარტიაში მეგობრებიც მყავს და ღმერთმა გაუმარჯოს მათ.

ისე, ზურაბიშვილი ვისაც კი გალანძღავს, ყველას რეკლამას უკეთებს, რადგან საზოგადოებაში მის მიერ გალანძღული ადამინების რეიტინგი რეკორდულად იზრდება. თავის დროზე, დავით ზურაბიშვილმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა ჩემს რეიტინგზეც „იზრუნა". დავით ზურაბიშვილის მოსაზრებები საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ სამაგიეროდ ხალხისთვის მისაღებია მის მიერ გალანძღული და გაკიცხული ადამიანები.


http://interfactnews.ge/

right_banner right_banner
არქივი
right_banner