logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ცოტა ხისტად გამომდის, მაგრამ...
- +

6 ნოემბერი. 2017. 21:38

 

 

მოყვარეს პირში უძრახე,

ანუ

მართლა უქმდება ლარი და შემოდის „ქუმსიკა"?


*********************************************************************


არასოდეს დამიმალავს ჩემი პირადი სიმპათია პრემიერ კვირიკაშვილისადმი. ობიექტურთან ერთად სუბიექტური ფაქტორიც არსებობს, დედამისთან დაკავშირებული, რომელიც ყველა ღირსებით შემკული ქალბატონი, ჩვენი სტუდენტობის დროინდელი კოლეგა-ფილოლოგი გახლდათ. მაგრამ...


საერთოდ, რეალობაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა, პრინციპებიდან გამომდინარე, თავს აიძულებ გადადგა ნაბიჯი ან გამოთქვა მოსაზრება, რომელიც შესაძლოა შენი პირადი კეთილგანწყობის ობიექტის „აღტაცება" არ გამოიწვიოს, მაგრამ აშკარად წაადგება საზოგადო-საქვეყნო საქმეს, რომელსაც, როგორც ვიცით, თავადაც გულწრფელად და თავდადებით ემსახურება.. ამჯერად, სწორედ ასეთი შემთხვევაა.


ბუნებრივია ისიც, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბევრ მაღალჩინოსანს (მათ შორის, პრემიერსაც) ხელი რომ არ მიუწვდება მედიის მრავალფეროვან და თითქმის ულევ ინფორმაციაზე. სწორედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ხელმძღვანელთა დროულ და საფუძვლიან ინფორმირებას, როგორც აუცილებელ პირობას ქვეყნის ეფექტიანი მართვისთვის, არსებობს თანაშემწეთა, მრჩეველთა, პრესამსახურების თანამშრომელთა ინსტიტუტი. მონდომებული და გონივრული დაკომპლექტების მიუხედავად, პროფესიული ფაქტორი, მაინც ვერ(არ) არის დაზღვეული ხარვეზებიდან. თუნდაც, უბრალო ადამიანური მომენტებიდან გამომდინარე, კარიერისკენ ლტოლვის, პიროვნული სისუსტეების, პროტექციონიზმისა და ნეპოტიზმის გამოვლინებისგან... ამიტომაც, ხელმძღვანელის საზოგადოებრივ-სახელმწიფო სტატუსის გამო ხელქვეითებს არცთუ იშვიათად უჭირთ უშუალო "ბოსს", ამ შემთხვევაში პირადად პრემიერს (კონკრეტულად) მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც დაკავებულობა-გადატვირთულობის ან სხვა(!) სუბიექტურ მიზეზთა გამო, შესაძლოა, მასთან სრულყოფილი და ობიექტური სახით ვერ (არ) აღწევდეს.


აი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიას, როგორც ხელისუფლების სამივე შტოსადმი ერთ მხრივ მოდარაჯე, ხოლო მეორე მხრივ- „დაპირისპირებულ" ნაგაზს, რომელსაც ბრძენი(!) „პატრონი ქვეყნისა" არ აკლებს ზრუნვა-ყურადღებას, რათა მან ორივე ფუნქცია ჯეროვნად შეასრულოს.


ეს ბანალური შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ არამცთუ ჰარვარდსა და კემბრიჯში, იტონსა და ჯორტაუნში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეულ პრესტიჟულ თუ არაპრესტიჟულ უნივერსიტეტებში (რომელთა „დიპლომებით" ჩვენი ე.წ. ელიტა ყელყელაობს), არამედ, როგორც ჩანს, ჩვენს მშობლიურ კომაროვის საშუალო სკოლაშიც კი, რომელიც დღევანდელი მთავრობის „კადრების სამჭედლო" აღმოჩნდა, ჯეროვნად არ ისწავლება საჯარო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობა, მისი პრობლემატიკა, ფორმები და მეთოდები. ეს რომ ასეა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ ჩვენი მთავრობის და მისი სტრუქტურების უმრავლესობა დაკომპლექტებული კია ინგლისურ-ფრანციცულ-ნემენცური ენა-დიპლომის მქონე კუდაბზიკა კადრებით, მაგრამ ამ მხრივ საქმე „დანიის სამეფოში" მაინც ვერ მიდის რიგიანად.


ეს ხუმრობით (იუმორი გადაგვარჩენს!}, სერიოზულად კი დასამალი არ არის პრობლემა: მთავრობა, მმართველი ძალა საზოგადოების განწყობის პულსს ვერ(არ) გრძნობს! ანუ, „მოდარაჯე ნაგაზი" ქვეყნის „პატრონთა" მხრიდან მისი ორმაგი ფუნქციის არასწორი გაგებისა, დაუნახავობის და ჯეროვანი დაუფასებლობის გამო, მხოლოდ ავად მაყეფარი ნაგაზის შთაბეჭდილებას ტოვებს, არადა, „მოდარაჯეობა", პატრონისთვის შეძახილი და ავის მოახლოების გაფრთხილება მისი გენეტიკური კოდია.


წესით, ეს უნდა ესმოდეს და იცოდეს ჩვენმა მთავრობამ, უფრო მეტიც, იგივე წესით, ეს მას უნდა აწუხებდეს. და ალბათ, ეს ასეა. ოღონდ, ამ გაგებას, ამ წუხილს საზოგადოება, მედია, სამწუხაროდ ვერ ამჩნევს. არა იმიტომ რომ ბრმა და ყრუა (პირიქით, ბოლო წინასაარჩევნო კამპანიამ ეს დაადასტურა), არამედ იმიტომ, რომ ვისაც ქვეყნის სატკივარზე მუშაობის სამთავრობო პრაქტიკის და მისი შედეგების მოსახლეობამდე „მიტანა" ევალება, ან სუსტია, ან ნაკლებმცოდნე, ან ზარმაცი, ან პრიმიტივი (არჩევანი მასზეა).


ეს არის და ეს, ამიტომ, ეგებ, უკეთესიც იყოს შეძახილი, რომელიც კიდევ უფრო დაარწმუნებს ამ პუბლიკაციის ადრესატს პრობლემის რეალობაში.


პრობლემა კი არის საზოგადოების განწყობა, საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის და უშუალოდ მისი, როგორც ამ ხელმძღვანელისადმი. ეს აქტუალური თემაა, ისევე როგორც სისტემატური კვლევის საგანი. არ ვიცი, რამდენად ხშირად და რა მოცულობით იკვლევენ საზოგადოებრივ აზრს, რა შედეგებს აცნობენ მას, როგორია რეაგირება...


იმათთვის. ვინც პროფესიულად ადევნებს თვალს ამ პროცესებს, სწავლობს მედიას, მათ შორის სოციალურ ქსელებს, ნათელია, რომ ამ სივრცეში მთავრობის რეიტინგი აღარ ან ვერ არის ისეთი, რომ მას სატრაბახოდ ქონდეს საქმე. და ვერავითარი მინიშნება ადგილობრივი არჩევნების დამაკმაყოფილებელ შედეგებზე, ვერ გამოდგება საპირისპირო აზრის არგუმენტად, რამეთუ ბევრი, ძალიან ბევრი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან ოპოზიციური სპექტრის აგრესიული საარჩევნო კამპანიის საპასუხოდ, ანუ, „კოლექტიური ნაცების" საწინააღმდეგო განწყობამ მიიყვანა და არა აღტაცებამ „ქართული ოცნების" და მისი მთავრობის საქმიანობისადმი.


ერთი სიტყვით, ამ ბოლოდროინდელ ფაქტებს (თუნდაც, თიანეთის საარჩევნო კონფლიქტში მმართველი პარტიის ერთერთი სახის ქუცნაშვილის იდიოტური პიარ-ჩარევა, ანდა, მარნეულში „სისხლიანი" ინციდენტი"...) თუ გავითვალისწინებთ, ვერც მმართველ პარტიაში და ვერც სამთავრობო სტრუქტურებში ვერ არის რიგიანად დალაგებული ეს სფერო: ხშირად მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა!


კახი კალაძის საარჩევნო კამპანია, ამ მხრივ კი იყო სასიამოვნო გამონაკლისი, მაგრამ... გამარჯვების შემდგომმა ზოგიერთმა აქციამ (თუნდაც მომავალი მერის მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობის დადგმულმა სცენებმა, განსაკუთრებით კი მეტროს ვაგონში „უპატრონოდ მიტოვებული" პოპულარული ფეხბურთელი-მერი-მინისტრის ტელეფონში ჩაღრმავება) ღიმილის მომგვრელი შთაბეჭდილება დატოვა.


თუმც, სხვათაშორის, ამ სფეროში დადებითი ცვლილებების იმედის ნაპერწკალი მაინც გააჩინა ერთმა საინტერესო, მისასალმებელმა მომენტმა, რომელიც, იმედია, წინასაარჩევნო „ტრიუკად" არ დარჩება:


ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, კალაძემ განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია(!!!) საზოგადოებასთან მერიის ურთიერთობის არსებული სტილი და მეთოდები.


ეს მაშინ, როცა თბილისის მერიის ურთიერთობა საზოგადოებასთან არაერთგზის გამხდარა მწვავე კრიტიკის ობიექტი. მერიას სირაქლემას პოზიცია ეკავა და არ იმჩნევდა არამცთუ „წკიპურტებს", არამედ სერიოზულ „დარტყმებსაც" კი. მავანი სუბიექტურ მიდგომასაც გვწამებდა. ჰოდა, აგერ, მოხდა „სასწაული": ახლადარჩეულმა მერმა, არამცთუ აღიარა ამ მიმართულებით სერიოზული ჩავარდნა, არამედ დაგვპირდა მის აღმოფხვრას. ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო!


უნდა გამოვტყდეთ, რომ პირად საუბრებში, ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასევე კრიტიკულად აფასებს სამთავრობო სტრუქტურების „პიარსაც". ამ საქმეში რომ გაბატონებულია არაპროფესიონალიზმი, ეს არაერთგზის გვითქვამს, მაგრამ ბოლო დღეების ამბებმა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ სფეროში სუფევს სრული ქაოსი და მამალი პრიმიტივიზმი. უფრო მეტიც, მთავრობის ერთობ მაღალი სტატუსის მქონე ჩინოსნებს აბსოლუტურად არ აქვთ წარმოდგენა საზოგადოებრივი აზრის მდგომარეობაზე, მის განწყობაზე, ზოგჯერ ისეთ ეიფორიაში არიან, რომ იქმნება შთაბეჭდილება ჯერ კიდევ ვერ გამოსულან 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებების შთაბეჭდილებებიდან და ვერ გაურკვევიათ საქართველოში ცხოვრობენ თუ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს „ბედნიერების სამინისტრო"...


ჰოდა მივადექით ამ ცხელ გულზე სათქმელის მიზეზს:


ბატონო პრემიერო, თქვენამდე მოაღწია იმ ქარიშხალმა, თუ რა ხდება სოციალურ მედიაში, კონკრეტულად, „ფეისბუქში", რომელიც ასე „ძულს" და საქილიკოდ გაუხდია თქვენს ზოგიერთ თანამებრძოლსა და კოლეგას? ან, ის თუ გაგიგიათ, როგორ „ღადაობენ „ლარის" გაუქმებასა და ახალი ფულადი ერთეულის „ქუმსიკას" შემოღებაზე?


საერთოდ, მოდის თუ არა თქვენამდე ზუსტად, ყოველგვარი შელამაზების თუ ინტელიგენტური შეფუთვის გარეშე ის „შეფასებები" (რომელთა გამეორებასაც თავს არ ვაკადრებ), რომლებითაც „უმასპინძლდებიან" პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში, სოციალურ მედიაში თქვენი მთავრობის ზოგიერთ ნაბიჯს, შეფასებას („ლარის „გაქცევა" ჩვენს ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების შედეგიაო), გადაწყვეტილებას ან მთავრობის ამა-თუ იმ წევრის საჯარო გამოსვლას თუ გამონათქვამს, არადა, ზუსტად ისე რომ მოდიოდეს როგორც წერენ და ამბობენ, ასე მგონია, ბღუჯა-ბღუჯა(!) „დააპუტავდით" თმებს (რა თქმა უნდა, რაც შერჩენილი აქვთ) მათ, ვის გამოც ფეისბუქ-საზოგადოება თუ მედია-აუდიტორია თავს ვერ იკავებს არაჯენტლმენური რიტორიკისგან...


ჯერ იყო და ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი ჯეჯელავას „მჭერმეტყველებამ" და ფრთიანმა გამონათქვამებმა აიყვანეს არნახულ „სიმაღლემდე" თქვენი მთავრობის „ავტორიტეტი"... ახლა, „ფეისბუქის" არაერთმა ავტორმა თუ მედიასტრუქტურამ მოიმარჯვა ჯეჯელავას „საძულველი" კომბალი, რათა ვირტუალურად(!) ჩაცხოს კიდევ ვიცე-პრემიერს ბატონ ქუმსიშვილს საჯაროდ გამოთქმული „სიბრძნისთვის". უახლოეს მომავალში არც „ნარცისად" წოდებული მესამე ვიცე-პრემიერის გამიზნული, ღიმილისმომგვრელი „პიარია" დაზღვეული „დეტალური" ყურადღებისგან. განსაკუთრებით, ვიზიტორებთან მისი „ხელისჩამორთმევის" პრიმიტიული ფოტოსესიების და არაფრისმთქმელი ინფორმაციებით მედიის აჭრელებისთვის.


ბოლოდროინდელი ფეისბუქ-რისხვა და ფბ-ანეგდოტები გამოიწვია იმ უსიამოდ განსაცვიფრებელმა(!) განცხადებამ, რომელიც გაჟღერდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე: ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყაროდ „ფეისბუქის" ავტორთა უარყოფით კომენტარები და პოსტები დაასახელა. შეგახსენებთ ციტატას, რომლის სიზუსტე უტყუარი უნდა იყოს, რამეთუ „ინტერპრესნიუსი" არცერთ შემთხვევაში არ დაამახინჯებდა გამონათქვამს იმ ადამიანისა, რომლისთვისაც ეს მედიაჰოლდინგი უცხო ნამდვილად არ არის, რამეთუ მისი მეპატრონეები არ იზიარებენ კახელების აზრს იმის შესახებ, რომ სიძე ცოლის ნათესავებში არ გადის. თავად განსაჯეთ:


„ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხი არის ძალიან მარტივი - ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს.


შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. არა მგონია სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა".


დიდი ხანია მსგავსი „სიბრძნე" არ მომისმენია საქართველოში. რაც შეეხება უცხოეთს, მხოლოდ აშშ პრეზიდენტი ტრამპი უტევს ასე უცერემონიოდ მედიას. თუ ქუმსიშვილი ტრამპისგან იღებს მაგალითს, რაღა მედიასთან ჭიდაობაში მოსინჯა კბილი, ადგეს და დოლარის განმტკიცების გამოცდილება გადაიღოს და ლარი დააოკოს... და თუ მაინც უნდა დაემსგავსოს დონალდ ტრამპს, ბოლოს და ბოლოს, ვარცხნილობა მაინც გადაიღოს იმ ვაჟკაცი პრეზიდენტისგან... ასეა თუ ისე, ბატონ ქუმსიშვილს მაინც მოუწევს საზოგადოებას აუხსნას რა კონკრეტული მიზეზები და არგუმენტები აქვს მის პრეტენზიებს მედიისადმი.


შეიძლება ვინმეს, მათ შორის პრემიერსაც, დაებადოს შეკითხვა, იმ წარმატებების ფონზე, რასაც მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ინსტიტუტები მსოფლიოს გასაგონად აღნიშნავენ, რას გამოეკიდეთო ერთ ფრაზას, ვის არ წამოცდენიაო ემოციურ ფონზე, ტრიბუნაზე მდგომს, სატელევიზიო კამერების წინ, ოპოზიციის დაძაბული ყურადღებისა და რეპლიკებით გაღიზიანებულს, ბოლოს და ბოლოს რიტორიკულს...


არ დგას ასე მარტივად ეს საკითხი. პირიქით! ეს პოზიციაა და არა გაფრენილი, ემოციური ფრაზა! მსგავსი ინტონაცია ადრეც გაისმა, როცა ბატონმა ქუმსიშვილმა „შეამჩნია" აღორძინებული ბიზნესის შედეგად დაგროვილი „ბღუჯა-ბღუჯა" ლარები და მედიას და კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას უსაყვედურა „სიბრმავე"... ეს „ფორმულა" საყვედურნარევი ინტონაციით, თავისი არსით მხოლოდ არაჯანსაღი, კი არ არის, არამედ გახლავთ აბსოლუტურად მიუღებელი, მეტისმეტად სახიფათო, რამეთუ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, პირდაპირ მიმართულია დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - აზრის გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.


და კიდევ: ეს განცხადება გაჟღერდა თქვენი და მთავრობის სრული შემადგენლობის თანდასწრებით. და ვინაიდან აქამდე ამ „ბრძნული, ღრმადკომპეტენტური" შეფასების უარყოფა არ მომხდარა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის პათოსს თქვენც იზიარებთ, რომ ქუმსიშვილმა საჯარო გახადა მთავრობის წევრთა ოფიციალური შეთანხმებული პოზიცია. აი, სწორედ ეს გახლავთ განსაკუთრებით შემაშფოთებელი.


და თუ ქუმსიშვილის განცხადებული პოზიცია წინასწარ განხილული და მოწონებული არ გახლავთ, მაშინ რას უნდა მივაწეროთ თქვენი, თქვენი კოლეგების, თუნდაც, მთავრობის პრესსამსახურის დუმილი? ინტერნეტ-სივრცესთან ურთიერთობისთვის ხომ მთავრობის აპარატში საგანგებო სამსახური მუშაობს. არ გახსენებენ რა „ქარიშხალი მძვინვარებს", რა იარლიყებით ამკობენ თქვენი მთავრობის წევრებს იქ?


თავის დროზე მოსახლეობას ემცნო, რომ სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთობას საზოგადოებასთან ეყოლება წარმმართველი პერსონა - ვიცე-პრემიერი, რომელიც, თქვენი სიტყვებით, ამ სფეროში გამოცდილ სპეციალისტადაა აღიარებული? გვახსოვს მისი განცხადებები ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, „ციანიდის საქმეზე" და სხვ. ახლა? რატომ დუმს იგი? ზოგჯერ, მაღალჩინოსნები ერთმანეთს ასწრებენ საჯარო განცხადებებს ისეთ საკითხებზე, მათ რომ სრულებით არ ეხებათ და ლამის გადარიონ ქვეყანა, ახლა რა, როცა ლარის მერანივით „ჭენებას არ აქვს სამძღვარი", გგონიათ რომ საზოგადოებაში სიმშვიდეა? ვის ელოდებიან?


ეს დუმილი ტრადიციულად თუ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, იცოდეთ, კრიტიკა ქილიკსა და დაცინვაში გადაიზრდება, მოხდება მისი პერსონიფიკაცია... თქვენ ხომ პოლიტიკაში პირველი წელი არ ხართ, ნუთუ ვერ ხედავთ სამწუხარო „პერსპექტივას"? ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ზოგიერთი თქვენი უახლოესი თანამებრძოლის, რბილად რომ ვთქვათ, „ლაყბობამ" ლარის, კომბლეს, გენიოსის მიერ ვითომ სიმთვრალეში შექმნილი შედევრების, ქართული ლიტერატურული კლასიკის საზეპიროების თაობაზე ნაღდი თუ მოარულად გავრცელებულმა "მარგალიტებმა" თქვენი და მმართველ ძალის რეპუტაციას უფრო მეტი ზიანი მოგიტანათ, ვიდრე მთელი ე.წ. ოპოზიციის თქვენი მისამართით მომართულმა წინასაარჩევნო ლანძღვა-გინებამ. სწორედ ამ ვითარებაზეა ზედგამოჭრილი მაქსიმა: ღმერთო დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს თავად გავუსწორდებიო!


ჰოდა, ამ ვითარებაში გულწრფელად გირჩევთ დაგმოთ, ამჯერად ქუმსიშვილის ეს უკვე ავადსახსენებელი განცხადება, მთავრობის სახელით მოუბოდიშოთ იმ ფეისბუქ-საზოგადოებას, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მაგრად კი გაახალისა და რომელიც კრიტიკის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ერთობ კეთილგანწყობილია მმართველი ძალისადმი.


არ მინდა სიღრმეებში წასვლა, მიუხედავად ცხელ გულზე დაწერილი ამ სტრიქონებისა, უტვინო გამონათქვამთა ჩამოთვლა სულ ადვილია... უბრალოდ მინდა შეკითხვა დაგისვათ: ეს ხალხი ხომ თქვენი შერჩეულია; ზოგიერთი-თქვენი გამოზრდილიც; ზოგჯერ, თქვენი დაჟინებული მოთხოვნითაც კი დაინიშნენ თანამდებობებზე; თქვენთან ერთად გზაგამოვლილი, გამობრძმედილნი; ზოგიერთის კარიერულ წინსვლაშიც ხომ ლომის წილი გიდევთ; თანამდებობაზე საჯაროდ წარდგენისას თქვენ მიანიშნებდით მათთან პირად მეგობრობაზეც, თანასკოლელობაზე, თანაკურსელობაზეც... ჰოდა, ბუნებრივად იბადება შეკითხვა, ეს თქვენი ახლო ნაცნობ-კოლეგა-მეგობრები ადრეც იყვნენ დაუფლებულნი ასეთ მეტაფორებს, ძველადაც ასე ენამოსწრებულნი და ენაშეუკავებელნი იყვნენ, ასეთი მახვილი და ორიგინალური აზრის პატრონები, ასეთი ბრძენკაცები, ადრეც ასე უხვად და „უანგაროდ" ტყორცნიდნენ საზოგადოებას მსგავს "მარგალიტებს" თუ ახლა გაუსკდათ მჭერმეტყველების და ენამოსწრებულობის ბუშტი?


ალბათ, არა, წინა წლებში ასე ნამდვილად არ იქნებოდნენ გამორჩეულნი, თორემ უეჭველია, თქვენისთანა გონიერი, გაწონასწორებულ, საკუთარემოციამმართველი მოღვაწე საერთო საქმეში ახლოს არ გაიკარებდით ასეთ ზერელე და სისულელეების წამომროშავ ამხანაგებს. ასეთი „ლაი-ლაი" ხომ მხოლოდ სტუდენტურ „ჯოკერის პულკაში" მოსულა, მთავრობაში და „ქართუ-ბაკში" - ნურას უკაცრავად!


მესმის და მჯერა რომ „რაღაც" მიმართულებით, „რაღაც" სფეროში კოლექტიური „ქუმსიშვილ-ჯეჯელავა", ალბათ, კომპეტენტური გახლავთ (რამაც, ალბათ, გაგაკეთებინათ კიდეც არჩევანი), თუმც საზოგადოებრივი დისკუსიები, რაც მედიაში არცთუ იშვიათად გამართულა, მათი საჯარო გამოსვლები ჩინებული ვოკალური მონაცემების დემონსტრაციითაც კი, მანდამაინც არ ადასტურებს ჩემს და ზოგიერთი კეთილგანწყობილი მოქალაქის ოპტიმისტურ შეფასებებს. უფრო მეტიც: ზოგადად პოლიტიკაში (ეს თანამდებობები კი ნაღდად პოლიტიკურია), კონკრეტულად კი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, საზოგადოებასთან დიალოგში, საზოგადოების ინფორმირების მეთოდებში არამცთუ მოიკოჭლებენ, არამედ უბრალოდ უვიცები გახლავან. ისე, საინტერესოა კია, წარმატებით თუ ჩააბარებენ ისინი ეროვნულ გამოცდებს... უ ნ ა რ ე ბ შ ი !!!


ცოტა ხისტად გამომდის, მაგრამ, ხომ გახსოვთ: პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება - უფრო ძვირფასი! ეს კლასიკაა. მას გავამდიდრებ ერთი ანეგდოტით: გურულს კითხეს, მთელი დღის განმავლობაში ამდენ სისულელეს რომ ამბობ, როგორ ახერხებო? უპასუხა: ადრე ვდგებიო! ედუარდ შევარდნაძემ, რომ მოვუყევი ეს ანეგდოტი, უმალ დაამატა: გვიანაც წვებაო!


ჰოდა კლასიკიდან და ხალხური იუმორიდან გამომდინარე, ერთ რჩევას მოგცემთ: ეგებ, მაღალი რანგის ზოგიერთ თქვენ თანამებრძოლს აუკრძალოთ „ადრე ადგომა და გვიან დაწოლა". დამიჯერეთ: ისინი, თქვენ და ჩვენ - ყველანი ერთად მოვიგებთ!


საზოგადოება დაუნახავი არ არის და ხედავს: „ქართულ ოცნებას" და მის მთავრობას ბევრი საამაყო საქმე აქვს გაკეთებული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკისა და სოციალური კუთხით. მათ შორის, მისასალმებელია, რომ წარმოჩინდა არაერთი ახალი სახე - ახალთაობის განათლებული, ენერგიული, საზოგადოებასთან მისასვლელი პირ-სახის მქონე ჩინებული წარმომადგენლები... „ოცნება" ამის შესახებ არ ყვირის, მაგრამ თანმიმდევრულად, დაბეჯითებით, ზოგჯერ კუს ნაბიჯით, მაგრამ მაინც მოძრაობს წინ და ცვლის პოლიტიკურ ველს, ცდილობს ამ ახალი სახეებით ჩაანაცვლოს მოყირჭებული „ძველები". პრინციპში, არ არის ეს ურიგო ჩანაფიქრი, მხარდასაჭერია, ოღონდ... ზოგჯერ სამართლიანობა და სიფაქიზე აკლია. ესეც ბუნებრივი მომენტია, რომლის თავიდან აცილება ნორმალურ და ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებსაც კი უჭირთ, არამცთუ...


მაგრამ არის ერთი რამ, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კი ამის სურვილი ექნება იმ „ბირთვს", რომელსაც აქვს ამ პროცესზე რეალური გავლენა: ყველა ე.წ. „ძველის" ერთი მეთოდით გაკრეფა არის არა მარტო უსამართლობა, არამედ უსინდისობაც და მავნებლობაც. სამწუხაროდ, ამ ბირთვმა სერიოზული დოზით უკვე დაუშვა ეს უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა, რომელსაც დაემატა არც მეტი, არც ნაკლები: უ მ ა დ უ რ ო ბ ა!!!! ამიტომაც არ მცირდება „ოცნების" კრიტიკოსთა რაოდენობა, სწორედ მათი რიგებიდან ივსება ოპოზიციური სპექტრი.


კრიტიკა და უკმაყოფილება, უწინარესად, ეხება სფეროს, რომელსაც, ძველ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ქვია: კადრების შერჩევის და განაწილების საქმე!!!


კომუნისტებს ქონდათ ფორმულა: კადრები წყვეტენ ყველაფერს. ჩემი 55-წლიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრაქტიკის გადმოსახედიდან, შემიძლია დავარწმუნო მკითხველი, რომ ეს მართლაც ასეა, მართლაც ჭეშმარიტებაა.


შეიძლება გაგაოცოთ იმის თქმამ, რომ არავითარი საჯაროდ განცხადებული და ფართო საზოგადოების მიერ მოწონებული პრინციპი „კადრების" სფეროში „ოცნებას", სამწუხაროდ, არ გააჩნია!


აბა, რომელი პრინციპიდან გამომდინარე შეიძლება გაამართლო ის ვითარება, როცა ბევრი, ძალიან ბევრი გულანთებული, აქტიური მებრძოლი, რომელთა თავდადების გარეშე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება არ შედგებოდა, „თამაშგარე" დარჩა? ეს ხომ საიდუმლო არ არის? გაუგებარია მათდამი უყურადღებობა, ანუ, არაფაქიზი დამოკიდებულება იმ დროს, როცა „ყურადღებით", დაუმსახურებელი კარიერული და სხვა პრივილეგიით სარგებლობს არაერთი აქტიური მოწინააღმდეგე, „ქართულ ოცნებას" რომ ებრძოდა ღიად და განსაკუთრებული მონდომებით.


ის რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გამოცდილებს, პატიოსნებს, კომპეტენტურებს, ნიჭიერებს, თავმდაბლებს - „კოჰაბიტაციის" შედეგად თანამდებობები და დეპუტატის სავარძლები „შეუნარჩუნდათ" და „მოენახათ", არ იწვევს საზოგადოების ჯანსაღი ძალების პროტესტს. დაუფარავ უკმაყოფილებას მხოლოდ ის იწვევს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში „ოცნებას" და მის მთავრობას მედროვეებისადმი მოფერებისას „ნამეტანი" მოსდის, ნამეტანი!.. დავიჯერო, უანგაროდ?!


რომ ვამბობთ წინა „რეჟიმიო", კი სააკაშვილი იყო ამ რეჟიმის სული და გული, მაგრამ... მინისტრის მოადგილეები, დეპუტატები, მთავრობის აპარატის მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, რომლებიც ფულით ამარაგებდნენ ამ „რეჟიმს", მამა აბრამის ბატკნებად რატომ არიან წარმოჩენილნი? რატომ, რა არგუმენტებით, რა მონაცემებით, რა პრაქტიკით, რა დამსახურებით, ცხოვრების რა სამაგალითო წესით ერთნი უმაღლეს თანამდებობებზე (მათ შორის, დეპუტატებად, მინისტრებად და უფრო მეტზეც) თავაწეულნი, ქედმაღალნი დააბიჯებენ, მორალს უკითხავენ საზოგადოებას და, მეორენი, მათზე უფრო ნაღდები, თავმდაბალნი, უფრო კომპეტენტურნი "ოცნების" წყალობის გარეშე არიან დარჩენილნი...


„კადრების" საკითხში კურსის აღება მხოლოდ უმწიფარ, ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე, სამაგიეროდ უცხოურ დიპლომების მფლობელ ახალგაზრდებზე, არის სრული პოლიტიკური იდიოტიზმი. ეს იმდენად დიდი და სერიოზული პრობლემაა, იმდენად მავნებლურია ეროვნული განათლების სიტემის განვითარებისთვის, რომ გაკვრით ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს.


ამ შეკითხვებზე პასუხი გასაცემია და, მოგწონთ თუ არა, საპასუხოდ მოგიწევთ პაწია „ოფლის ღვრა".


...ეს დღეები სულ ერთ, მოულოდნელად გარდაცვლილ, ნიჭიერ და სპეტაკ ადამიანზე ვფიქრობ. ჯერ იმაზე, თუ რა რთულია პოლიტიკაში ყოფნა, მერე, კიდევ უფრო რთულია, მაშინ, როცა პოლიტიკას გაეცლები. მით უმეტეს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭკუა-გონებასთან, ფანტასტურ ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, გააჩნია ზნეობა - სინდისი, პატიოსნება, თავმდაბლობა და მოთხოვნილება არ შეაწუხოს არავინ თავისი პრობლემებით. ყველა ეპოქას, ყველა „რეჟიმს ყავს ასეთი დონ-კიხოტები, იდეაზე შეწირული მოღვაწენი.


ახლა, მინდა წარმოვიდგინო: აი, იმ გადასახედიდან, ხვალ რომ ქვეყანა გადატრიალდეს, ვინ დარჩება ასეთ „ლამანჩელად", თემურ ქორიძესავით ყოველთვის მოუსყიდველად, ვისაც არ ექნება დაგროვილი არამცთუ სიმდიდრე, არამედ სახსარი არსებობისთვის, ვინც სახელმწიფოსგან შეთავაზებულ ხუთოთახიან ბინას გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს დაუთმობს და... ვისაც, უდროოდ აღსრულებულს, გამოასვენებენ ქალაქის გარეუბანში არსებულ, მხოლოდ წიგნებით გაჭედილი ერთოთახიანი „ხრუშჩოვკიდან"...


ვფიქრობ და ვერავინ „გავიმეტე" ამ როლისთვის დღევანდელი მთავრობიდან... ერთი ნაღდია, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თეორიულად(!) რეალობაში თუ კი მართლა განხორციელდა ასეთი „სცენარი", დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღევანდელ არაერთ დეპუტატს, მინისტრს, მაღალჩინოსანს, ძალოვანს ვიხილავთ „ახალ" კოჰაბიტირებულ პარლამენტში, „ახალ" კოჰაბიტირებულ" მთავრობაში, „ახალ" კოჰაბიტირებულ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში...


ეს კლასიკაა! მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ერთობ ნაცნობი, ჩვეული პრაქტიკა-უპრინციპოთა, მედროვეთა პარადი... სამწუხაროდ! ამიტომაც ვტრიალებთ მეოთხედი საუკუნეა ერთ წრეზე და აღტაცებული, აღტკინებული, აჟიტირებული, დაუოკებელნი „ვღრიალებთ" ხმის ჩახლეჩვამდე მორიგი ბელადის სადიდებელს:

„...ჯოს"!..

„...ჯოს"!..

ტაში, კუკური!!!











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner