საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „აუდიტორია 115"-ს დღევანდელ შეხვედრაზე პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის ზოგიერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
„სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ სასწავლო პროცესი არის შეჩერებული ზოგიერთ კორპუსში. მე ვთხოვე, შეწყვიტონ პროტესტი და გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან იმაზე, რაზეც ვისაუბრე. თუ ისინი გაიზიარებენ ჩვენ თხოვნას, ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ის შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც და მცირეხნიან შეხვედრაზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
თავად „აუდიტორია 115" კი ამ დროისთვის ერთმანეთში კონსულტაციებს მართავს, რის შემდეგაც პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ მათი პოზიცია გახდება ცნობილი.