პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გიორგი ონიანი სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. მისივე თქმით, სასამართლომ ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასა მტკიცებულებები.
„გიორგი ონიანს ბრალი 4 მუხლით ჰქონდა წარდგენილი ორ ეპიზოდთან დაკავშირებით. ოთხივე მუხლში დამნაშავედ სცნო სასამართლომ და მას საბოლოოდ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ყველა წარდგენილი მტკიცებულება, სრულად ადასტურებდა გიორგი ონიანის ბრალეულობას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, რაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, ამირან გულუაშვილის თქმით, ამაზე პროკურორებმა სასამართლო პროცესებზე არგუმენტირებული პასუხი გასცეს.
„დაცვის მხარეს ჰქონდა არგუმენტები, რომელსაც აჟღერებდნენ მედიის საშუალებით და ასევე ეს არგუმენტები არაერთხელ იქნა განხილული სასამართლო სხდომებზე. ჩვენ სხდომებზე ამომწურავად ვუპასუხეთ მათ არგუმენტებს", - განაცხადა გულუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. ონიანს, რომელიც სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.