logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება
- +

7 ნოემბერი. 2017. 14:24



მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ის ყველა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობს, რათა პროცესი გადაიდოს. ამის მიზეზად ველიჯანაშვილი უკრაინაში ქარდავას დაკავებას ასახელებს. მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობით გარანტირებულია ბრალდებულის უფლება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარდეს სასამართლო სხდომები და როგორც ადვოკატი განმარტავს, ვიდრე არ გადაწყდება მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი, მანამდე ყველა პროცესი უნდა გადაიდოს.


„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული თავს არიდებს მართლმსაჯულებას. აქამდე მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე იმიტომ ტარდებოდა პროცესები, რომ მოიაზრებოდა, რომ მეგის ქარდავა თავს არიდებდა სასამართლოს. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან ის დაკავებულია და გამოდის, რომ თავს არ არიდებს მართლმსაჯულებას, შესაბამისად, ვიდრე არ გადაწყდება ექსტრადიციის საკითხი ან დადებითად, ან უარყოფითად, ყველა პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, უნდა გადაიდოს, ვინაიდან ბრალდებულის უპირობოდ აღიარებული უფლებაა სასამართლო განხილვებში მონაწილეობის უფლება და ამის რეალიზაციის საშუალება მას უნდა მიეცეს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.


მეგის ქარდავა უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სასამართლომ 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ქართული საგამოძიებო ორგანო არაერთი დანაშაულის ჩადენას ედავება, რომელთაგან ნაწილზე სასამართლოს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner