logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავა უკრაინაში „ომარ ძანძავას“ სახელით დააკავეს
- +

7 ნოემბერი. 2017. 19:19



სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა ინტერპოლის მიერ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში გასულ კვირას დააკავეს. დაკავების შესახებ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა. ერთი ინფორმაციით, ქარდავას დაკავება უკრაინის საზღვართან მოხდა, რა დროსაც ის ქვეყანაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ დაპატიმრების ოპერაცია გალიცკის რაიონის სოფელ ზადნესტრიანსკში მდებარე ნაქირავებ სახლში ჩატარდა.


ადვოკატი, ასევე, უარყოფს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას დაკავების მომენტში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი - საქართველოსი, ორი - უკრაინის, ერთი - ლატვიის და ერთიც - ბელიზის. ამავე ინფორმაციით, ამოღებულია მეზღვაურის მოწმობა, რომლის გამოყენებითაც მეგის ქარდავა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს კვეთდა.


მართალია, ადვოკატი უარყოფს, თუმცა „პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ მეგის ქარდავა ნამდვილად შეცვლილი გარეგნობით, შეცვლილი სახელითა და გვარით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს" უკრაინის სამართალდამცავ უწყებებში დაუდასტურეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოღებული პასპორტები. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მეგის ქარდავა „ომარ ძანძავას" სახელით და გვარით გადაადგილდებოდა. ის სწორედ ამ პირადი მონაცემებით დააპატიმრეს.


მეგის ქარდავას ქართული მართლმსაჯულება ადამიანების არაერთგზის წამებას ედავება. მის მიმართ ხუთ საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ოთხი საქმე კი ჯერაც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner