პროკურორ ჯარჯი წიკლაურმა „პალიტირის" ეთერში განაცხადა, რომ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები და ჰყავს მოწმეები, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილს დაემუქრა ძალის გამოყენებით, თუ ის ნებაყოფლობით არ დათმობდა ტელეკომპანიას.
„თავის დროზე რკინიგზასაც სთავაზობდა ხელისუფლება პატარკაციშვილს „იმედის" სანაცვლოდ. პირდაპირ მუქარაც კი შეუთვალა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით მოხდებოდა ტელევიზიის წართმევა და ეს მოხდა კიდეც პრაქტიკულად 7 ნოემბერს. ჩვენ ამ ფაქტის პირდაპირი მოწმეები გვყავს, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოში. დადასტურებულია ფაქტებით, რომ „ტელეიმედში" შეიჭრა ყველა ძალოვანი უწყება, რომელიც კი არსებობდა საქართველოში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვედანაყოფები, სოდ-ის ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვის სამმართველო, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის. ეს მოვლენები იმართებოდა ე.წ. მოდულის შენობიდან, სადაც შეკრებილები იყვნენ შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს დადასტურებულია კონკრეტული მოწმეების მიერ. ბრძანება „ტელეიმედის" ამ ფორმით დარბევისა, რა თქმა უნდა, გაცემული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ. ჩვენ სასამართლოში დავკითხავთ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.