logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: დიახ, ამ საერთაშორისო ბრენდმა პატივი სცა სახელმწიფო ენასა და კანონს რეკლამის შესახებ!
- +

8 ნოემბერი. 2017. 00:26



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დავიწყებ მადლობით - ცნობილი კომპანია „ჰ და მ" (ლათინურად H&M) 30 ნოემბერს თბილისში მაღაზიას ხსნის. მან გარე ფასადზე აბრები უკვე დაკიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართულია. მადლობას სწორედ ამის გამო ვუხდი.

 

დიახ, ამ საერთაშორისო (შვედეთიდან) ბრენდმა პატივი სცა სახელმწიფო ენასა და კანონს რეკლამის შესახებ.

 

უკვე მეორე დღეა, ამ ამბავმა ქილიკი და უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.

 

აი, როდიდან გახდა ქართული დამწერლობა ან კანონის დაცვა დასაცინი? ძალიან უხერხულია.

 

ახლა განვმარტავ:

კანონი დაწესებულებებს სახელის თარგმნას არ ავალდებულებს. მაგალითად, თუ არის Head and Shoulders, მას გარე აბრაზე შეუძლია დააწეროს ქართული ასოებით ისე, როგორც იკითხება - ჰედ ენდ შოლდერსი და არა როგორც იწერება „ჰეად ანდ შოულდერს(ი)", მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ლათინური ასოებით არ უნდა დაიწეროს.

 

ბრენდის საკუთარი სახელის თარგმნას კანონი არ ითხოვს.

 

ცუდად ჟღერსო, კრიტიკოსები ამბობენ. თუ ცუდად ჟღერს, ჩვენი ბრალია? ეს ხომ ჩვენი მოგონილი სიტყვები არ არის? ისე ვწერთ, როგორც წარმოითქმის.

 

რაც შეეხება ჰდამ-H&M-ს - ეს შვედური კომპანიაა. სრული სახელია Hennes & Mauritz, რაც ნიშნავს ქალის და კაცის. შემოკლებით H&M.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონი ბრენდს არ სთხოვს ქ და კ-ს, ანუ, სახელის გადმოქართულებულად დაწერას. ამიტომ, არც ეს შემთხვევაა საქილიკო.

 

დედანში H&M იკითხება როგორც „ჰაუნდემი", ხოლო ინგლისურად წარმოსთქვამენ „ეიჩენდემი-ს".

 

თუ მაინცდამაინც ისე უნდა დავწეროთ, როგორც წარმოითქმის, მაშინ ჰაუნდემი იქნება, რადგან მწარმოებლის სახელია.

 

ხოლო თუ ქართულით მივყვებით, მაშინ ლოგიკურად, „ჰოედამანი" იქნება. აბრევიატურა საკუთარ ენაზე მორგებას იტანს, ისევე, როგორც ინგლისურმა „ეიჩენდემი" მოირგო.

 

რატომაც არა? დავუძახოთ „ჰოედამანი".

 

და კიდევ, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადაც „ჰოედამანი" შედის, მცირე ხნის შემდეგ მას უფრო ცნობილი ბრენდები მიჰყვებიან.

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბრენდს სახელმწიფო ენის პატივისცემისთვის.

 

ახლაც მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამის გამო იქილიკა, დასცინა, გესლი გადმოანთხია და თან, კანონიც დაიწუნა", - წერს ჩანადირი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner