logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბევრი ვინმე და ბევრი რამე მახსოვს, ბატონო ჯანსუღ!
- +

8 ნოემბერი. 2017. 00:58



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჯანსუღ ჩარკვიანი... ვფიქრობ ჩვენს თითქმის 30-წლიან ურთიერთობაზე... ჩემს არქივში შენახულ მის ხელნაწერებზე... ძვირფას ავტოგრაფებზე... ბრწყინვალე ლექსებზე, ბევრი რომ აამღერა და კალც-ლექსებზე, ბევრს რომ მდუღრავდა... მის სიცილ-ნათელებზე... მე კი ის ლექსი მიყვარს, ადამიანის ამქვეყნად მოსვლას რომ ამართლებს და ამქვეყნიდან ვალმოხდილად გასვლას რომ აადვილებს.

 

ჰო, მწყურვალსაც მიუტანა წყალი, მევალესაც მიუტანა ვალი, გზააბნეულსაც ასწავლა გზები, შეუწამლავიც შეწამლა ზვრები, მოძებნა სხვაგან დამარხული ძმები, თქვა: ამქვეყნად სიცოცხლე ღირდა და... წავიდა!

 

ჰო, ჯანსუღის ხრამში ჩაკიდული სიტყვაც მახსოვს...

„ვდგავარ ხრამის წინ,

ხრამში მინდა სიტყვა ჩავკიდო..."

 

ასე იცხოვრა - ხრამის წინ იდგა და მისმა ჩაკიდულმა სიტყვამ არაერთი ადამიანი ამოიყვანა საწუთროს ხრამიდან!

 

მე შევესწარი ერთ ასეთ ამოყვანას ლიკანში ამ ოციოდე წლის წინ, და მერე ამ სათაურით ("ხრამში ჩაკიდული სიტყვა") წერილიც გამოვაქვეყნე... „როგორ გახსოვდა ეს ლექსი?" - გაიკვირვა იმ დღეს რედაქციაში მოსულმა და მერე სიცილით მითხრა: „თუმცა შენ რა არ გახსოვს..."

 

ეჰ, მახსოვს, ბევრი ვინმე და ბევრი რამე მახსოვს, ბატონო ჯანსუღ!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner