ჟურნალისტი გიორგი უძილაური პრემიერ-მინისტრის შესახებ facebook-ზე წერს:
„პრემიერ-მინისტრის თსუ-ში მისვლა არის არა მხოლოდ ხიდის გადება ხელისუფლებასა და სტუდენტობას შორის... არის არა მხოლოდ დასტური მისი სურვილისა _ გაამოასწოროს განათლების მდგომარეობა... და არა მხოლოდ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი... გიორგი კვირიკაშვილი ამკვიდრებს ახალ რეალობას, რომელშიც პოლიტიკას შექმნიან არა ნაირნაირი განათლების ჩინოვნიკები, თსუ-ელი "ბრძენები", "ოდეერები" და სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები, არამედ ქვეყნის ინტერესები და ამ ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი მთავრობის მეთაური.
გუშინ, მედიასთან შეხვედრისას კვირიკაშვილმა თქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა. 1. მან განაცხადა, რომ იღებს პასუხისმგებლობას „ოცნების" მომავალ საპარლამენტო გუნდზე 2. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დასრულებაზე და უარის თქმა შეურაცხყოფებზე 3. გამოაცხადა, რომ მოხდება „ოცნების" გუნდის მნიშვნელოვანი განახლება და საჭიროა თამამი ნაბიჯების გადადგმა.
სტუდენტებთან შეხვედრა ამ მზაობების დასტურია. კვირიკაშვილი ამტკიცებს, რომ არ ეშინია პასუხისმგებლობების, ის არ არის არავის გავლენის ქვეშ და შეუძლია თამამი არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება. ის ორიენტირებულია კონსოლიდაციაზე და არა ბნელ ოთახებში არარსებული კატების ძებნაზე (ან გამოგონებაზე) და რაც მთავარია, ის გრძნობს დროს და მომავლის მოთხოვნებს.
სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ბევრი მენტალობით, კრეატივით, ეშმაკობით, ინტრიგანობით და მტრების ხატების ხატვით ჩარჩენილია წარსულში, რეალობა კი ითხოვს გათავისუფლებას ბალასტი სტერეოტიპებისგან და აქტიურ მოქმედებას. სტუდენტების თემაც ითხოვდა მოქმედებას და არა უხილავი ბოროტი ძალების ძიებას ან შეთქმულების თეორიების გამოგონებას. პრემიერის მისვლა კი იყო არა მხოლოდ მოქმედება, არამედ პოლიტიკა...სტუდენტებზე ორიენტირებული პოლიტიკა.
სამწუხაროდ, სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული სტუდენტებთან ურთიერთობის პოლიტიკა გულისხმობდა მათი წინასაარჩევნო კონტროლის ან რეკრუტირების მცდელობებს. რეალურად კი ეს პოლიტიკა არის ქვეყნის მომავალთან დამოკიდებულების პოლიტიკა და არა ურთიერთობა როგორც პოტენციურ ელექტორატთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვირიკაშვილი ზუსტად ხედავს ამას და არა მხოლოდ ხედავს, მოქმედებს კიდეც", - წერს უძილაური.