მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის შემუშავება ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკებზე დაყრდნობით, მათ შორისაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკავშირის სხვადასხვა სპეციალიზებული სააგენტო, როგორიცაა: საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი, იუნესკო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის საფუძველზე. აღნიშნულ ანგარიშში შეფასებულია 137 ქვეყანა სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით, რომელთაც გარკვეული ზეგავლენა აქვთ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე.
მოცემული ანგარიშების თანახმად, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმების გამოვლენის ფაქტები, როგორიცაა - ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა.
2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად, 26 პოზიციით გაუმჯობესდა დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ინდექსი. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველომ 56-ე პოზიციიდან 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიდან არც ერთს არ დაუსახელებია რომელიმე სახის დანაშაული ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად, განსხვავებით ისეთი განვითარებული ქვეყნებისა, როგორიცაა - აშშ, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია და სხვა.
მოცემულ ანგარიშში, პოლიციისადმი ნდობის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო 42-ე პოზიციას იკავებს და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებელი 4 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 2017 წელს მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ უფრო სასურველ გარემოს ქმნის.