„აუდიტორია 115" მე-6 კორპუსს მაშინ დატოვებს, როცა პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ, წერილობით განცხადებას გაავრცელებს, სადაც პრემიერი მათი მოთხოვნების მხარდაჭერას დაადასტურებს. როგორც სტუდენტებმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მანამდე ისინი თსუ-ის მეექვსე კორპუსის ბლოკირებას განაგრძობენ.
„გავაცანით ჩვენი მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს. ის ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა "აუდიტორია 115"-თან თანამშრომლობისთვის. მან დადო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე. „აუდიტორია 115" მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რადგან შეთანხმება შედგა, არაფერი უდგას წინ ღიად გაცხადდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი პოზიცია", - აღნიშნეს სტუდენტებმა.
მათივე განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატი ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებას დღის ბოლომდე აპირებს.