ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში საერთაშორისო დასახელების აბრევიატურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„SOS! SOS! SOS!
„ლეგბიტები" და არა - „ელ-ჯი-ბი-თი"(!!!)
უცხოენოვანი აბრევიატურის გადმოქართულება ან ქართული დასახელების აბრევიატურის გაკეთება ერთობ პრობლემური საკითხია, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად იჩენს თავს;
ბევრი აბრევიატურა სწორად გაკეთდა და კიდევაც დამკვიდრდა:
„გაერო"; „ეუთო"; „სემეკი"; „ცესკო"; „თიბისი"...
ამ ბოლო დროს გახშირდა LGBT-ს, როგორც აბრევიატურის, არასწორად გამოყენების ფაქტები : „ელგებეტე"; ელჯიბით(ტ)ი და სხვა.
რამდენადაც ქართულ ენაში ასონიშანთა დასახელება არ იმეორებს ლათინურის მოდელს, ამიტომ ლ-ს წარმოთქმა როგორს „ელ"-ისა, ან გ-სი, როგორც „ჯი"-სი, არასწორია და ეს არ უნდა დავამკვიდროთ.
შექმნილი ვითარებიდან არსებობს მარტივი გამოსავალი: ესაა ამ აბრევიატურის გასიტყვება (რისი ტრადიციაც ჩვენს ენაში არსებობს) .
ამ აბრევიატურის გამოყენება ზეპირი მეტყველების ან წერის დროს შეიძლება ასეთი სახით - „ლეგბიტები" ; მრავლობითის ფორმის გამოყენება კი აგვაცილებს აბრევიატურის შემდეგ კიდევ სხვა სიტყვის გამოყენების აუცილებლობას.
მითუმეტეს, რომ სიტყვა „თემის" ხმარება აქ სრულიად უადგილოა.
შემოთავაზებული აბრევიატურა (მრავლობითის ფორმით) სინტაქსურად ნებისმიერი კონსტრუქციის სიტყვათშეხამებას, ფრაზას ან წინადადებას სულ ადვილად ეხამება.
ახლა მისი დამკვიდრება ჩვენი ჟურნალისტების მოწადინებასა და გულისხმიერებაზეა დამოკიდებული", - წერს ლევან ღვინჯილია.