logo_geo
eng_logo
„მამამ ბევრი რამ მასწავლა... ახლა ვთვლი, რომ მამაჩემი გურუა“ - მამუკა ჩარკვიანი მამაზე
- +

8 ნოემბერი. 2017. 17:20



 „პრაიმტაიმის" არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს მამუკა ჩარკვიანთან, სადაც მუსიკოსი მამაზეც საუბრობს.

 

„აგვისტოში 60 წლის გავხდები, დიდი ბიჭი ვარ უკვე", - აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა ინტერვიუს ბოლოს.


მიუხედავად იმისა, რომ 80-მდე სიმღერის ავტორია, საკუთარ თავს კომპოზიტორს დღესაც არ უწოდებს. მისი სიმღერების უმეტესობა ჰიტია. მამუკას თინეიჯერებიც უსმენენ.


პირველ ცოლთან განქორწინებამ და ზედმეტმა თავისუფლებამ მის ცხოვრებაზე ცუდი გავლენა მოახდინა. ეს იყო 14-წლიანი გამოუფხიზლებლობის პერიოდი. ამ პერიოდზე მამუკა ჩვენს ინტერვიუში გულახდილად ჰყვება. დღეს ეტლით უწევს გადაადგილება, ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. თუმცა ექიმები მის წამოდგომას რამდენიმე დღეში ვარაუდობენ.


დარდიანი და უდარდელი ბავშვობა


- უდარდელი წლები არ არსებობს. დარდი და სევდა თანამდევია ადამიანისა, ცხოვრების ყველა ეტაპზე. თუ ვიღაც უდარდელია, ის სულელია. იმას სევდაც არ აქვს.

 

- მაგრამ ბავშვობაში ხომ ნაკლებად აცნობიერებ იმ პრობლემებს, რაც შენ გარშემოა...


- რა თქმა უნდა. უდარდელი ვიყავი, მაშინ, როცა ვერ ვხვდებოდი, მამაჩემი რატომ ყიდულობდა ას გრამ კარაქს, ას გრამ ძეხვს და ას გრამ ყველს. ერთხელ ვუთხარი, მამა, ყოველ მეორე დღეს მაღაზიაში მიდიხარ, ერთხელ იყიდე ნახევარი კილო და აღარ მოგიწევს მაღაზიაში წასვლა-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ფული არ ჰქონდა. „დილის" რედაქტორი იყო მაშინ. როცა წიგნები გამოსცა და ფეხზე დადგა ჯანსუღი, მაშინ მივხვდი, რატომ მოჰქონდა ასი გრამი ყველი სახლში ყოველ მეორე დღეს. ამ ფიქრებმა სულ დაშალა ჩემი უდარდელი წლები.

 

- მშობლები ცდილობდნენ, თქვენთვის, შვლებისთვის არ დაენახვებინათ გაჭირვება?


- ცდილობდნენ, მაგრამ მე მახსოვს ბულიონი, რომელსაც დედა ხარშავდა, ნახარშში ეყარა ქათმის ფეხები და ერთი ნაჭერი ქათმის ღვიძლი. მაშინ არც ვიცოდი, რომ ქათმის ეს ნაწილები იაფად, ცალკე იყიდებოდა. ხორცი ფუფუნება იყო. ვფიქრობდი, ეს ასე უნდა ყოფილიყო, უკეთესი რომ ჰქონოდათ, იმას მაჭმევდნენ და გემრიელად გეახლებოდით ამ წყალწყალა ბულიონს მეც და ჩემი დაც.

 

ქუჩის აკადემია


- ცელქი ვიყავი, მაგრამ დამჯერი. არავითარ შემთხვევაში მომთხოვნი. ვეგზავნებოდი მშობლებს მაღაზიაში პურზე, ყველაფერზე, რაც საჭირო იყო. არ მეთაკილებოდა. ეს ჩემ მოვალეობად მიმაჩნდა. ეზოში კი ვცელქობდი, მაგრამ ისე გამოვძვრებოდი ხოლმე სიტუაციიდან, რომ მამაჩემი ვერაფერს იგებდა. დღესაც არ იცის, რამდენჯერ დამაკავეს, რამდენჯერ ვიჩხუბე.


- რაზე გაკავებდნენ?


- რაზე უნდა დავეჭირე. ვიდექით ბირჟაზე, მოვიდოდნენ და გვჩხრეკდნენ. დღესაც ასე აკეთებენ და სწორს შვრებიან, იმხელა დანები უდევთ ბიჭებს ჯიბეში... ხან ჯანოს ხათრით მიშვებდნენ, ხან თვითონ ვახერხებდი თავის გამართლებას. არც იმხელა დანაშაული მქონდა, ციხემდე რომ მისულიყო საქმე. ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს, არავისთვის წამირთმევია.


- რა მოგცათ ქუჩამ, გამოცდილების თვალსაზრისით?


- კაცობა მასწავლა, კაცად ჩამომაყალიბა. ერთხელ, მეზობელს ვეჩხუბე. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო ის ბიჭი, ბურთი წამართვა და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, მცემა. მოვედი სახლში ტირილით, ვუამბე მამაჩემს ყველაფერი. სახლიდან გამომაგდო. სანამ ტირილს არ მორჩები და იმ ბიჭს საკადრის პასუხს არ გასცემ, კარს არ გაგიღებო, მითხრა. წავედი და სადარბაზოსთან ჩავუსაფრდი. ხელში ქვა მიჭირავს. დავინახე თუ არა დავუძახე, მოდი აქ-მეთქი. წამოვიდა ჩემკენ და გავუქანე ქვა თავში. გაუტყდა თავი. ამოვედი სახლში და მამაჩემს ვუთხარი, აბა, გადაიხედე აივნიდან, თავი გავუტეხე-მეთქი. მისმა დედამ ისე დაგვწყევლა, სამ დღეში მე გამიტყდა თავი. ბურთი გამომქონდა სარდაფიდან და რკინას ავარტყი თავი. იმას არ ვამბობ, რომ კარგად მოვიქეცი, მაგრამ ეს მამაჩემმა გამაკეთებინა, მეორედ ცრემლი არ დაინახოს შენს თვალზე ვინმემო, მითხრა. მას მერე ცრემლი ბევრჯერ მომდგომია თვალზე, მაგრამ სხვის დასანახად - აღარ. ამას ერქვა ქუჩური გაგება.

 

- მამას უსწავლებია, ქუჩას კი აბრალებთ.


- მამამ ბევრი რამ მასწავლა. თავიდან მეგონა, რომ ჯანსუღი პოეტი იყო, მერე - კარგი პოეტი, მერე - უფრო კარგი პოეტი. ახლა ვთვლი, რომ მამაჩემი გურუა.


- განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ მშობლებისგან?


- მახსენდება, ოღონდ არ ვიცი, როგორ ვთქვა (ეღიმება). იმას არ აჰყვე, დაიღუპები, ძალიან შორს წაგიყვანსო, მითხრა. იმას არ ავყევი, მაგრამ სმას ავყევი. დალაგებული იყო ყველაფერი, ხალხს სასმელ-საჭმელი ჰქონდა და მექეიფებოდა. ქეიფმა დამღუპა.

 

- დედაზე რას მეტყვით?


- ძალიან მაგარი ქალია დედაჩემი. აქამდე მეგონა, რომ მამაჩემი იყო მაგარი, თურმე დედაჩემი ყოფილა ის ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მართავდა ოჯახს ისე, როგორც მას სურდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი ქალია დედაჩემი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ, ირმა ჩხეიძე. მამაჩემს ცოლად რომ მოუყვანია, დედამისისთვის დაუძახია, დედა, ცოლი მოვიყვანეო. ხომ არ გაგიჟებულხარო, უკითხავს დედამისს. მართლა მოვიყვანე, აგერ მყავსო, რა გვარის ქალიაო, ჩხეიძეო, ამოიყვანეო, უთქვამს დედამისს.

 

- გვარებთან მიმართებაში გართულება თქვენც გაქვთ?


- არა, თუმცა მსიამოვნებს, რომ მყავს ყიფიანი, ჩხეიძე, აფაქიძე, ჩიჩუა.


მოკლეკაბიანი მუსიკის მასწავლებელი


- მუსიკას რომ „დავეჯახე", მაგრად არ მინდოდა. ვეჯღანებოდი მასწავლებელს, რომ გაკვეთილიდან გამოვეგდე. ვერ ვხვდებოდი, რად მინდოდა სოლფეჯიო, სექსტაკორდები, კვარტსექსტაკორდები. სკოლაშივე იყო მეშვიდე მუსიკალური სასწავლებელი. ია მასწავლებელი მყავდა. ძალიან ლამაზი ქალი იყო. რამდენი წლის იქნებოდა მაშინ, არ მახსოვს, მაგრამ ერთი რამ დამამახსოვრდა. მოკლე კაბები მაშინაც მოდაში იყო. სულ მოკლე კაბა ეცვა და რომ ჯდებოდა, უფრო ზევით იწეოდა კაბა. მოადუნე ხელიო, მეტყოდა და მარჯვენა ხელს მუხლზე მადებინებდა, მარცხენა ხელით მაკვრევინებდა. ვკვდებოდი ამაზე. მერვე კლასში ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. ჩემით ვისწავლე გიტარაც და ფორტეპიანოც. შეიძლება კარგად არცერთზე არ ვუკრავ, მაგრამ მე ხომ გიტარისტი არ ვარ. მე არც პიანისტი ვარ. რაც მჭირდება, იმდენს ვუკრავ.

 

- როდის მიხვდით, რომ კომპოზიტორი იყავით?


- მაგ სიტყვას ყოველთვის გავურბივარ. ყოველთვის ვამბობ, რომ მე სიმღერების ავტორი ვარ და არა კომპოზიტორი. კომპოზიტორი არის ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე. 80 სიმღერის ავტორი ვარ, აქედან ბევრი ჰიტია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მე დიდი კომპოზიცია არ დამიწერია.

 

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი?


- ჩემი ცოლი, მამა, დედა, შვილი... მეუბნებიან, სულ სხვა სტილი შემოიტანე ესტრადაზეო, შენი სიმღერები არავისას არ ჰგავსო. ეს მხოლოდ მახარებს.


- პროფესია როგორ აირჩიეთ?


- სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იმ წელს თბილისში არ იყო მიღება ამ ფაკულტეტზე. ავად ვიყავი და მოსკოვში არ გამიშვეს. სადმე ხომ უნდა ჩამებარებინა, ხომ უნდა მესწავლა. ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მაშინ მაინტერესებდა ძველი ქართული ლიტერატურა, უახლესი ლიტერატურა. სტუდენტობის პერიოდში წერილებს ვწერდი ქართველ მწერლებზე.

 

სასიყვარულო გამოცდილება...


- 19 წლის ასაკში დავქორწინდი. 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მე ეზო მინდოდა, ბიჭები მინდოდა. მას მეოჯახე ქმარი უნდოდა, მზრუნველი მამა. ვიჩხუბეთ. წაიყვანა დედამისმა და აღარ მოაბრუნა. ამასობაში დრო გავიდა. ლამაზ ქალს ყურადღებას აქცევენ სხვებიც. მერე ჭორებს იგებ, გარკვევაც აღარ გინდა, მექანიკურად ეუბნები, ჩემთან შერიგება თუ გინდოდა, იქ რა გინდოდაო?

 

- ეჭვიანი ხართ?


- ყველა კაცი ეჭვიანია, არ უნდა მისცე საბაბი. ცოლს არ დავდევ, არ ვამოწმებ, სად დადის, მაგრამ თუ მოვიდა მთვრალი ღამის 2 საათზე, ვიეჭვიანებ, რა თქმა უნდა.

 

- და თუ თავად მოხვალთ ღამის 2 საათზე მთვრალი, მან არ უნდა იეჭვიანოს, არა?


- ყოველდღე მეც არ უნდა მოვიდე მთვრალი, მაგრამ კვირაში ერთხელ შეიძლება იქეიფოს კაცმა ბიჭებთან ერთად.

 

- საკუთარ ბრალეულობას ხედავთ პირველი ოჯახის დანგრევაში?


-  ვხედავ, მაგრამ საინტერესოა, ის თუ ხედავს, რომ მისი ბრალიც იყო. ეგ აღარ მიკითხავს. საკითხავად დრო აღარ იყო, ქვეყანა ჩაერია და აირია მონასტერი. გავიდა დრო. დრო ყველაფრის მკურნალიაო ვითომ. მიდიხარ და გხვდება სხვა, ერთი, მეორე, მესამე, მეათე. მერე აღმოჩნდება, რომ ნახევარი თბილისი შეგხვდა უკვე, ნახევარი თბილისი შენს სახლშია ნამყოფი, ნახევარ თბილისთან შენ ხარ ნამყოფი შენი გიტარით ხელში. უძღვნი სიმღერებს... 14 წლის მერე მივხვდი, რომ დავიღალე. ჩემი მეგობარია დედა ელისაბედი. მაშინ არ იყო დედაო. ეზოში ვართ და ვხედავ, რომ მეორე სართულიდან იყურება ლამაზი, გარუჯული გოგო. ეს ვინ არის-მეთქი, ვკითხე ელისაბედს. შენი მეზობელია, ირმა ჰქვიაო, მიპასუხა. გადავედი მანქანიდან და ავძახე აივანზე, უკაცრავად, ყავაზე დამპატიჟებ-მეთქი? დაიბნა, როდისო, მკითხა. ახლა-მეთქი, ვუთხარი. მობრძანდითო. ავედით, ყავა დავლიეთ. ძალიან მომეწონა თქვენთან, თუ შეიძლება, კიდევ მოვალ-მეთქი, წასვლის წინ დავიბარე. მეზობელს უარს როგორ მეტყოდა. დაგირეკავ-მეთქი, შევპირდი. არ დამირეკავს. კორპუსის კუთხეში შემხვდა, დავაბზრიალე, რაღაცები ვუთხარი, კიდევ დავპირდი, დაგირეკავ-მეთქი და წამოვედი. დავტოვე გაშტერებული. ისევ არ დამირეკავს. ყვავილებით დავხვდი ერთხელ ქუჩაში და ასე დავახვიე თავბრუ. ბოლოს დავურეკე, ავედი, წავუკითხე ესენინი, ბლოკი, „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა". ცოლად რომ მოვიყვანე, მეკითხებოდნენ ჟურნალისტები, ის მაინც არ გაგიგიათ, მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებო. აბა, გლდანში და ვარკეთილში ვიარო ქალისთვის, აგერ თუ მყავს-მეთქი, ვპასუხობდი.


- ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში სწორედ მეორე ცოლთან გამოიარეთ. გიფიქრიათ იმაზე, როგორ აიტანა ამდენი?


- თუ ვერ გამიძლებდა, წავიდოდა, ქალის მეტი რა არის? არ წავიდა და დარჩა ბოლომდე. კი არის გაჭედილი ჩარკვიანებში (იღიმება).  თავის მოვალეობას ხუთიანზე ასრულებს.

 

- და ამდენი რომ ანერვიულეთ...


- სიმღერა ხომ დავუწერე (იცინის). რა ვქნა, რით გამოვისყიდო ჩემი დანაშაული, რა გავაკეთო, 24-წლიანი თანაცხოვრების მერე სიმღერა დავუწერე.


„ერთი შემხედე, რა ახლოსა ვარ, რა ახლოსა ვარ, ერთი შემხედე.


ხელში მიჭირავს ატმის რტოსავით მზე, რომლის სევდა მე ვერ ვიშვილე.


მე დაღლილი მზე მიჭირავს ხელში, ჩემს მეტი კაცი ვერ შეეხება.


შემოდგომის მზე ტირის და კივის და სიყვარული გულში იღვრება".



ძმაკაცი მამა


- ერთი ბიჭი გყავთ ირმასთან?


- საერთო კი. ირმას ჩემი ქალიშვილის ტოლი გოგონა ჰყავს. ჯაკო 18 წლის არის.

 

- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილს? როგორ ურთიერთობას ამჯობინებთ მასთან?


- ერთ ეპიზოდს გიამბობთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ. ოღონდ, სწორად უნდა გაიგოთ თქვენც და მკითხველმაც, რასაც ახლა ვიტყვი. ჩემს შვილს არ მოერიდა, მოსულიყო ჩემთან ღამის სამ საათზე და ეთქვა, დღეს რაღაც სალაპარაკო მაქვს ერთ ბიჭთან და გამომყევიო. გავყევი. იმ ბიჭმა ჰკითხა, ეს ვინ არისო. ჩემი ძმაა, მამაჩემია, ყველაფერია ჩემთვის, ამისი ნუ გერიდებაო, უთხრა. გამიხარდა. საუბარს არც დავსწრებივარ, მანქანაში ვიჯექი. ასე რომ, მთავარი შვილთან მეგობრობაა. უნდა იმეგობრო, რომ გენდოს, ყველაფერი გაგანდოს, მოგიყვეს, გაგიზიაროს.


საყვარლის აივნიდან აივანზე

 

- ის ავადსახსენებელი პერიოდი როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში?


- პირველ ცოლს რომ გავშორდი, მაშინ. დამრჩა ბინა, რომელსაც არ ვკეტავდი. მთელი თბილისი ჩემს სახლში იყრიდა თავს. ის თოთხმეტწლიანი პერიოდი იყო ჩემი ტკივილი. მერე დავიღალე. ერთხელაც ლოგინიდან ვეღარ ავდექი, ძალიან დაღლილი ვიყავი. ირმას (მეორე ცოლს) ვიცნობდი უკვე. დილის შვიდ საათზე მივადექი და ზარი დავრეკე. რა გჭირსო, მკითხა. მეძინება და შეიძლება დავიძინო-მეთქი, ვკითხე. დაიძინეო, მითხრა. დავწექი და დავიძინე.


- მარტო ცხოვრობდა მაშინ ირმა?


- შვილთან ერთად. წყნეთიდან ვიყავი ჩამოსული, ღამენათევი, მოვუყევი ისტორია, რაც წყნეთში შემემთხვა და დავრჩი.


- რა შეგემთხვათ?


- იმ ისტორიას ვერ მოვყვები. აივნიდან აივანზე მომიწია გადახტომა. ქმარი მოვიდა სახლში. 

 

- მამუკა, უკან რომ დაბრუნებულიყავით, თქვენი ცხოვრების რომელ ეპიზოდს ამოიღებდით?


- არ ვიცი. ერთი ეპიზოდი რომ ამოვიღო, ყველაფერი დაინგრევა, ყველა ეპიზოდი ერთმანეთზეა მიბმული, ჩამოინგრევა ცხოვრება. არაფერსაც არ ამოვიღებდი. იმ ავადსახსენებელი დროის მერე, რომ გამოვედი სიმღერით, სიტყვით, ჩემს ხალხს მოვუყევი ყველაფერი. საზოგადოებამ მაპატია, მიმიღო. თვითონ მოვყევი და არ გავხადე სალაპარაკო. ხალხს გულწრფელობა მოსწონს. მე ხალხთან ერთად ვცხოვრობ, ძალიან მიყვარს ხალხი და მათაც ვუყვარვარ, ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რომ  მეკითხებიან, რამდენ სიმღერას იმღერებ კონცერტზეო, ვბრაზდები. მე ბოლომდე ვმღერი, იქამდე, სანამ არ დავეცემი. ვინც წინასწარ იცის, რამდენ სიმღერას იმღერებს კონცერტზე, ის კრეტინი მგონია. ვისაც უნდა, იმას ეწყინოს. შენ ხომ ხალხისთვის მღერი. თუ ხედავ, რომ მათ შენი მოსმენა კიდევ უნდათ, როგორ უნდა უთხრა, დამთავრდა კონცერტიო?!


ნინო მჭედლიშვილი

 








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner