ავტორი ნინი ჩოქური
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციაა. სერია მოიცავს ქართული თეატრის ისტორიას. პროექტში ჩართული იქნებიან ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების აღსაზრდელები. პროექტის ავტორი და წარმდგენია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
პროექტის მიზანსა და მისი განხორციელების დეტალებზე „რეპორტიორს" ნიკოლოზ წულუკიძე ესაუბრა:
- მთელი ბავშვობა ამ სასახლეში გავატარე, ბავშვობის ყველა ნათელი მოგონება აქ გატარებულ პერიოდს უკავშირდება, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ აქ და სხვადასხვა თემებზე გვესაუბრებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტის შექმნა.
- რას ემსახურება პროექტი?
- თეატრმცოდნის პროფესია გადაშენების გზაზეა. წელიწადში 2-3 კაცზე მეტს არ უჩნდება სურვილი, ამ პროფესიას დაეუფლოს. სწორედ ამიტომ, თიკა რუხაძესთან და ზორა ეგუტიასთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თემაზე „ქართული თეატრის ამბები" თვეში ერთი ღია ლექცია ჩატარდეს. ქართულ თეატრს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, და რომელიც ამდიდრებს არა მარტო თეატრის ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიასაც, ამიტომ მინდა, ახალგაზრდებმა იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიდა.
- ლექციები მხოლოდ ქართულ თეატრის ისტორიას შეეხება თუ მსოფლიო თეატრის ისტორიაზეც ისაუბრებთ?
- არა, აქ არ იქნება მსოფლიო თეატრის ისტორიაზე საუბარი, მხოლოდ ქართული თეატრის ისტორიას შევეხებით, როგორიცაა: ბერიკაობა, ყეენობა, სახალხო თეატრიდან თანამედროვე ქართულ თეატრამდე.
- როგორც ვიცით, პროექტში ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების აღსაზრდელებიც იქნებიან ჩართული, რა ფორმით ჩაერთვებიან პროექტში ბავშვები?
- პირველ რიგში მინდა, გარკვეული ჯგუფი შედგეს, შემდეგ ბაზა რომ მომზადდება, წავიყვანთ ბავშვებს თეატრში, მონიტორზე გავუშვებთ სპექტაკლებს, რომელსაც ნახავენ და დასრულების შემდეგ ნანახზე ვიმსჯელებთ, ასევე შევხვდებით შემოქმედებით ჯგუფს, გვინდა, თეატრალური ატმოსფერო შევქმნათ.
- რა ფორმით იქნება შეხვედრები - მხოლოდ ლექციები ჩატარდება თუ?..
- დიახ, მხოლოდ სალექციო სახით იქნება, ალბათ ნოემბრის ბოლოს ჩვენ უკვე დავიწყებთ კურსს. 1-საათიანი ლექცია ჩატარდება თვეში ერთხელ, ალბათ ხუთშაბათობით, ჯერ არ დაგვიზუსტებია.
- თეატრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს რა ფორმით შეეძლებათ ლექციაზე დასწრება, დასწრება იქნება თავისუფალი თუ ფასიანი?
- დასწრება სრულიად უფასოა, ყველას, ვისაც სურვილი ექნება, შეეძლება მობრძანდეს, მნიშვნელობა არ აქვს, სასახლის მოსწავლე იქნება თუ არა, პირიქით, ძალიან გაგვიხარდება, თუ ფართო აუდიტორია გვეყოლება.
- და ბოლოს, ცნობილი რეჟისორები და მსახიობებიც ხომ არ მიიღებენ მონაწილეობას პროექტში და საკუთარ გამოცდილებას ხომ არ გაუზიარებენ აუდიტორიას?
- არა, ეს იქნება სალექციო კურსი, რომელსაც მხოლოდ მე - საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წულუკიძე გავუძღვები.