logo_geo
eng_logo
№1 „ოქროს მოწმე“ - მეგის ქარდავა ექსტრადირების მოლოდინში!
- +

8 ნოემბერი. 2017. 21:15



საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ მეგის ქარდავას საექსტრადაციო პროცედურები უკრაინაში, ერთ წელზე მეტხანს არ გაგრძელდება. სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც საქართველოში, ხუთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაუსწრებლად, საერთო ჯამში - 33 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, უკრაინაში 1 ნოემბერს დააკავეს.


თადარიგის პოლკოვნიკი მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2013 წლის თებერვლიდან იძებნებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგი კიევიდან 582 კილომეტრით მოშორებულ, ივანო ფრანკოვსკის ოლქის პატარა სოფელ ზადნესტრიანსკში აიყვანა, სადაც ძებნილი სახლს ქირაობდა.


ჯერჯერობით უცნობია, როდიდან იმალებოდა ქარდავა უკრაინის ტერიტორიაზე, რატომ არ მოხდა მისი აქამდე დაკავება და კიდევ რომელ ქვეყნებს აფარებდა თავს. ძებნილს ოთხი ყალბი პასპორტი (ლატვიის, ბელიზის და ორი - უკრაინის) და მეზღვაურის ყალბი მოწმობა აღმოაჩნდა. უკრაინის ყალბი პასპორტი „ომარ ძანძავას" სახელზე იყო გაცემული, სადაც დაბადების ადგილად აზერბაიჯანია მითითებული.


ივანო-ფრანკოვსკის სასამართლომ მეგის ქარდავას 40 დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა უკვე შეუფარდა. იგი ამჟამად ამავე ქალაქის იზოლატორშია მოთავსებული. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამბობს:


„მთავარი ამ ეტაპზე არის ის, რომ მეგის ქარდავას სასამართლოს მიერ უკვე შეეფარდა საექსტრადაციო პატიმრობა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. უკრაინის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მთელი ეს პროცესი, სავარაუდოდ, ერთ წელზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, წინასწარ რაიმე ვადებზე საუბარი ძნელია."


39 წლის მეგის ქარდავა სახელთან „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის, ყველაზე ბინძური საქმეები ასოცირდება. ამასთან, იგი ნომერ პირველი „ოქროს მოწმეა", რომლის ჩვენებებმაც არაერთ უმძიმეს დანაშაულს შეიძლება ახადოს ფარდა.


ქარდავას, რომელიც ძმები ბაჩო და დათა ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლებოდა, სხვადასხვა დროს (2005-2012) ორთაჭალის მე-7 საპყრობილის დირექტორის, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობები ეკავა.


საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი ხუთი გამამტყუნებელი განაჩენით, მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: „ციხის ბუნტის" (მიესაჯა 3,9 წელი), „პატიმართა წამების" (მიესაჯა 7,6 წელი), „კასრების უკანონო ჩანაწერების" (მიესაჯა 9 წელი), პატიმარი ქალის წამების (მიესაჯა 3,9 წელი), თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მკვლელობის (მიესაჯა 9 წელი) გახმაურებულ საქმეებზე. (სსკ-ის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს -ზ.წ).


ქარდავა ბრალდებულია კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, რომლებსაც სასამართლოები ამჟამად იხილავს. მათ შორის არის - ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, მალხაზ არქანიას წამების საქმე, ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთა-წამების საქმე და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე.


2016 წელს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეგის ქარდავას ბრალი თადარიგის გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენა, ამ საქმეს დღემდე გრიფი საიდუმლო ადევს.


„ევროპული საქართველოდან" პარლამენტის დეპუტატი ოთარ კახიძე, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ მეგის ქარდავა მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით არ მოქმედებდა. კახიძე მიიჩნევს, რომ „უკონტროლობისა" და „გულგრილობის" გამო, უმძიმესი ხასიათის დანაშაული დიდ დემოკრატიულ ქვეყნებშიც არაერთხელ მომხდარა:


„მიმაჩნია, რომ ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, ვინც იყო დამხმარე და ვინც იყო დანაშაულის დამკვეთი, ყველა უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალას, მაღალი თანამდებობის პირებს, ვისაც ევალებოდათ სისტემის კონტროლი, მათ პოლიტიკურად უკვე აგეს პასუხი - არჩევნებზე ხალხმა ხმა აღარ მისცა. ეს არის სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

 

მაგალითად, ერაყის ტერიტორიაზე, ამერიკელთა დაქვემდებარებაში მყოფი აბუ გრეიბის ციხის სკანდალი რო გავიხსენოთ. კატასტროფა მოხდა იქ, უკონტროლობის გამო სასტიკად აწამებდნენ პატიმრებს, მაგრამ ვინმე ამბობს, რომ აშშ-ს მთელი მაშინდელი ხელისუფლება, აშშ-ს რესპუბლიკური პარტია იყო ამაში დამნაშავე და ისინი კრიმინალები არიან ?!"


უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებას ერთ-ერთი პირველი, კიევში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მეგის ქარდავას პირადად არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესის საშუალებით იცის".


საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციამ, 2010 და 2012 წლების ორი ბრძანების (№1168 და №19/01/05) ასლი გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის" და „სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის" მეგის ქარდავა, ჯერ, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, შემდეგ კი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner