ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს (www.diacult.ge) ერთ-ერთი პრიორიტეტია კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია ნოემბრიდან იწყებს ტრეინინგული ხასიათის მრავალპლანიანი ლექცია-სემინარების სერიას. საზოგადოების ინტერესთა გათვალისწინებით სალექციო კურსები იქნება ფართო სპექტრის მომცველი. დისკუსიათა თემატურ არეალში მოექცევა დიპლომატიისა და კულტურის ისტორიის, ხელოვნების სხვადასხვა დარგების, დემოგრაფიის, PR-ისა და მარკეტინგის, ამერიკანისტიკის, ფრანკოფონიის და სხვა მრავალი საკითხი. ლექცია-დისკუსიებს წარუძღვებიან ღვაწლმოსილი მოღვაწეები, ცნობილი მეცნიერები, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, წარმატებული სპეციალისტები.
ლექცია-დისკუსიების პირველი ბლოკი სახელწოდებით ,,კაცობრიობა, ძალაუფლება, ისტორიის გაკვეთილები" მიეძღვნება დიპლომატიის ისტორიის ჩანახატებს.
6 ორსაათიანი ლექციისგან შემდგარ ამ ბლოკს წარუძღვებიან ,,ასოციაცია კულტურათა დიალოგი XXI"-ს პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ასათიანი და ცნობილი ისტორიკოსი, მთარგმნელი, პროფესორი, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი ივანე მენთეშაშვილი. სალექციო თემატიკა ასე გადანაწილდება: ,,ნაპოლეონი" (18 ნოემბერი), „ნაპოლეონი, საქართველო და ერეკლე II" (,,ევროპაში მე და აზიაში დაუმარცხებელი ერეკლე-მეფე ქართველთა" - ფრიდრიხ II) (25 ნოემბერი), ,,სახელმწიფო და ძალაუფლება - კარდინალი რიშელიე" (2 დეკემბერი), „სიყვარული და ძალაუფლება" (9 დეკემბერი), ,,ფოლკლენდის ომი - გადაჭრილი კონფლიქტი - უნიკალური შემთხვევა" (16 დეკემბერი), „დემოკრატიული საქართველო (1918-1921 წ.) და დიდი სახელმწიფოები" (23 დეკემბერი).
ლექცია-დისკუსიები, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანებისთვის, გაიმართება შაბათობით (18 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე) 19 საათზე გალერეაში ,,წიგნის სახლი ბახტრიონზე" (მისამართი: ბახტრიონის ქ. 11ბ). აღსანიშნავია, რომ ლექციების სრულ კურსზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
ლექცია-სემინარების კურსის გამართვაში ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის ფონდი, კაფე-გალერეა „წიგნის სახლი ბახტრიონზე", რესტორანი „თბილისის მუხამბაზი", საინფორმაციო მხარდამჭერები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, TV პირველი, მედია ჰოლდინგი „რეპორტიორი", გაზეთები „საქართველოს რესპუბლიკა", „პრაიმ თაიმი".
დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და რეგისტრაცია შესაძლებელია ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.diacult.ge