logo_geo
eng_logo
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება
- +

9 ნოემბერი. 2017. 20:32


 

16-17 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება.


ამ თემასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, 10:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.


კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და  გალა-კონცერტი, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება.


 გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი "Xорошки",  სახელმწიფო ანსამბლი „Песняры", დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - „ევროვიზია 2017" ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.


 რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы».


ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13)  გაიმართება ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით,  «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.


კულტურის დღეების ფარგლებში,16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52),  14:00 საათიდან 20:30 საათამდე,  ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.


ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner