16-17 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, 10:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.
კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტი, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი "Xорошки", სახელმწიფო ანსამბლი „Песняры", დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - „ევროვიზია 2017" ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.
რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы».
ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13) გაიმართება ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.
კულტურის დღეების ფარგლებში,16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.
ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.