"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კოალიციაში მიმდინარე პროცესებსა და ურთიერთობაზე ისაუბრა. კობახიძემ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის ბოლო დროს დაძაბული მდგომარეობაც შეაფასა და განაცხადა, რომ ასეთი ტიპის განცხადებები არ წაადგება კოალიციური ურთიერთობებს.
"კოალიცია გუნდურ რეჟიმში წარმართავს თავის საქმიანობას, აქვს თავისი პოლიტიკური საბჭო, რომლის ლიდერი არის პრემიერი გიორგი კვირიკაშილი და ბუნებრივია, ურთიერთობები ძირითადად წარიმართება სწორედ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაშვილის მიერ.
რაც შეეხება პარტიას, გიორგი კვირიკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ ყრილობა დაამტკიცებს და გახდება პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი.
საკითხები, რომლებიც კოალიციასთან და კოალიციურ პარტნიორებს შორის ურთიერთობებთან არის დაკავშირებულიუნდა დარეგულირდეს გუნდურ რეჟიმში, ეს არის ჩვენი სულისკვითება და ამისათვის არსებობს კოალიციის პოლიტსაბჭო. ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშვება კოალიციაში ან კოალიციურ პარტნიორებს შორის ჯერ უნდა დარეგულირდეს გუნდურ რეჟიმში, ეს არის პოლიტსაბჭოს მთავარი არსი და ის ამისათვის არსებობს. რაც შეეხება ბოლო პერიოდის განმავლობაში, "მრეწველებისა" და "რესპუბლიკელების" განცხადებები არ წაადგება კოალიციური ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელებას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.