უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იქადაგა და მრევლს ურჩია, საკუთარ სულიერ განწმენდაზე იზრუნონ.
„მოგვიახლოვდა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. ორი კვირა დარჩა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღირსეულად შევხვდეთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
დღეს არის ხსენება ღირსისა დედისა ჩვენისა, მარიამ ეგვიპტელისა. მარიამ ეგვიპტელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ადგეს ცოდვებისაგან ადამიანი, როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა იმისათვის, რომ განიკურნოს ვნებებისაგან.
როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როდესაც ვფიქობთ ხალხზე, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი ახლოს არს, ჟამი მოახლოვებულ არს ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სულიერად განვიწმინდოთ ჩვენი გონება."- ბრძანა პატრიარქმა.