logo_geo
eng_logo
ილია მეორე ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის
- +

11 ნოემბერი. 2017. 11:53



13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის.


მეტეხის ხიდზე 16:00 საათიდან გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ, 17:00 საათზე კი ილია II ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.


წმ. 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა.


ხვარაზმელი ჯალალედინის ურდოები 1226 წელს საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა თბილისს ალყა შემოარტყეს. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი - მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც მოუმზადებლები შეხვდნენ.


ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის" დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე წმინდა ხატები დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა" ელოდა.


ასი ათასი ქართველი ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner