ავტორი მარიამ პაიჭაძე
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამოსაცემად ამზადებს უნიკალურ წიგნს - დავით ჯავრიშვილის „ქართული ხალხური ცეკვა", რომელშიც შესული იქნება ქორეოგრაფისა და ბალეტმაისტერის დავით ჯავრიშვილის თითქმის ყველა გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაშრომი.
პროექტის დეტალებზე წიგნის შემდგენელი და რედაქტორი ბაია ასიეშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა:
- საიდან გაჩნდა წიგნის გამოცემის იდეა?
- ამ წიგნის გამოცემას წინ უძღვის ავთანდილ თათარაძის „ქართული ხალხური ცეკვის" გამოცემა. მართალია, ქრონოლოგიურად ჯერ უნდა გამოცემულიყო ჯავრიშვილი და შემდეგ თათარაძე, რადგან ჯავრიშვილი უფროსია და მისი მოწაფე და მომდევნო თაობა იყო თათარაძე, მაგრამ ასე მოხდა და მაინც კარგი საქმე გაკეთდა. წიგნი საკმაოდ სქელტანიანია. დავით ჯავრიშვილი არის ქართული ქორეოგრაფიის მამამთავარი, ძალიან ბევრი რამ მის სახელთან არის დაკავშირებული და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ქორეოგრაფიაში. წიგნი 800 გვერდამდეა და მასში შესულია დავით ჯავრიშვილის თითქმის ყველა გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წიგნში შევა, არის საკმაოდ დიდტანიანი ნაშრომი - „ქართველ ქალთა ცეკვები". ასევე, შესულია მისი პირადი წერილები, დაუბეჭდავი ნაშრომები, ფოტომასალა და წიგნს პირადად მე დავურთე 500-სიტყვიანი ლექსიკონი. დავით ჯავრიშვილი არის ქართული საცეკვაო ტერმინების პიონერი, მის არქივში მივაკვლიეთ ძალიან მდიდარ ჩამონათვალს, მაგრამ განუმარტავი იყო. მის ნაშრომებზე დაყრდნობით განვმარტე ეს სიტყვები და ლექსიკონი დავურთეთ წიგნს.
- ალბათ, ძალიან შრომატევადი იყო ამ წიგნზე მუშაობა... დაახლოებით, რა დრო დაგჭირდათ?
- ამ წიგნზე მუშაობა ნამდვილად შრომატევადი იყო და დაჩქარებული ტემპით დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა. ძალიან დიდი დრო წაიღო დაკაბადონებამ, კორექტურამ. ზოგადად, წიგნი ძალიან რთულია, რადგან ნახაზებით არის სავსე. მასში შესულია ქართული ცეკვის ნიშნები, რომელიც ძალიან რთული სამუშაო იყო. ჩვენ ვიმუშავეთ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის, ასევე სახელმწიფო არქივებში. ოჯახში დარჩენილი არქივი კი დავით ჯავრიშვილის რძალმა, ნატა ჯავრიშვილმა მოგვიტანა და გადაარჩინა „ქართველ ქალთა ცეკვები", რომელიც შემდეგ ჩვენი ძალისხმევით გამოიცა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1934 წელს დავით ჯავრიშვილი იყო სვანეთში, ექსპედიციაში. მან საკუთარი კინოფირით გადაიღო და დააფიქსირა სვანური ფერხულები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა დვალიშვილმა ეს ფერხულები გაშიფრა, დაურთო ტექსტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ეს - რომ გაცოცხლდა სვანური ფერხულები და ვინც მოისურვებს, შემდგომში მის დადგმასაც შეძლებს.
- როდის იგეგმება წიგნის გამოცემა და ტირაჟი რამდენი იქნება?
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტირაჟი იყოს 500. წიგნი უნდა გამოიცეს 2018 წლის დასაწყისში. საკმაოდ ძვირადღირებული წიგნი იქნება, რადგან სქელტანიანიც არის და ისეთი აგებულება აქვს, რომ მისი გამოცემა ძვირი ჯდება. მიუხედავად ამისა, მთელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მუშაობს იმაზე, რომ ეს წიგნი როგორმე დაფინანსდეს და გამოიცეს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ წიგნი ძვირადღირებული იქნება. დაახლოებით ფასს ხომ ვერ გვეტყვით?
- შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ წიგნის თვითღირებულება 30 ლარი მაინც იქნება.
„რეპორტიორი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელს უჩა დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დავით ჯავრიშვილის წიგნს „ქართული ხალხური ცეკვა" ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და ის გაამდიდრებს ქართულ ქორეოგრაფიას.
- რა მნიშვნელობა ექნება ამ წიგნს ქართული ქორეოგრაფიისთვის და რა წვლილს შეიტანს მის განვითარებაში?
- რა თქმა უნდა, ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი დავით ჯავრიშვილი არის ფუძემდებელი თეორიული და პრაქტიკული სწავლების, მეთოდოლოგიურად რომ შევაფასოთ. ის ნაშრომები, რაც გამოცემული იყო, დღემდე არის ჩართული სასწავლო პროცესებში. ახალი წიგნი, რომელიც, ფაქტობრივად, ანთოლოგიაა, შევსებული იქნება გამოუქვეყნებელი მასალებით, შევა სხვა ნაშრომები. მოვიძიეთ სხვადასხვა საარქივო მასალები. დავით ჯავრიშვილის მიერ დადგმული ცეკვები ჩავიხაზეთ და ჩავწერეთ. სვანეთის ექსპედიციაში დავით ჯავრიშვილის მიერ გადაღებული ცეკვა სვანური ფერხულები, რომელიც კინოფილმის სახით არსებობდა, პირადად მე გადავიტანე ფურცელზე და ახლა უკვე წიგნში დაიდებს ბინას. წიგნში ასევე შევა სხვადასხვა სტატიები, კვლევები, რომელიც, რა თქმა უნდა, გაამდიდრებს ქართულ ქორეოგრაფიას.
დავით ჯავრიშვილი ჩვენ ბოლომდე არ გვყავს შესწავლილი. ის ბუმბერაზი ადამიანი იყო. ეს არის ჩვენი ისტორია, წარსული და მომავალი. დიდი შრომა დაგვჭირდა ამ წიგნის მოსამზადებლად, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან გაამდიდრებს ქართულ ქორეოგრაფიას და მას არამარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული დანიშნულებაც ექნება.
ქორეოგრაფი და ბალეტმაისტერი, ქართული ქორეოგრაფიის მამად და სპორტის ჯადოქრად წოდებული დავით ჯავრიშვილი ქართული ქორეოკულტურისა და ქორეოლოგიის სათავეებთან დგას. ის ქორეოგრაფიაში მხატვრული ტანვარჯიშიდან მოვიდა და XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ცეკვა გახდა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი ნაწილი. მისი მასწავლებლები იყვნენ: გიორგი ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ვაკარეცი.
დავით ჯავრიშვილი ქართული ქორეოგრაფიის მეტრად იყო აღიარებული: 1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე იგი ხელმძღვანელობდა ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს. გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს 1951 წლის ბერლინის საერთაშორისო და 1955 წლის ვარშავის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-5 მსოფლიო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ხელმძღვანელობა.
გასული საუკუნის 50-იან წლებში პირველად გამოიცა ქართული ხალხური ცეკვის შედევრი - დავით ჯავრიშვილის „ცეკვა ქართული", ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაშრომი. სამწუხაროდ, 60-იანი წლების მიწურულიდან დღემდე ამ ცნობილი ბალეტმაისტერის არც ერთი ნაშრომი არ გამოქვეყნებულა.