logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ცხელ გულზე: შენ დაუკა! ოღონდ... არასამხიარულო!
- +

11 ნოემბერი. 2017. 17:07



ცხელ გულზე: შენ დაუკა! ოღონდ... არასამხიარულო!


****************************************************************************


ჯერ ფაქტი:

ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.


თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ „შინაარსი" აღმოჩნდა ისეთი, რომ პრემიერმა თავისი „გაოცება" ცერემონიაზე გამოსვლისას ვერ დამალა და თქვა: „მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში. საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაში იყო უმნიშვნელოვანესი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ისტორია არის ისტორია".


ჭეშმარიტებაა!


პრემიერის კვალდაკვალ უკმაყოფილება შევარდნაძის ოჯახმაც გამოხატა საგანგებო განცხადებით, რომელიც გერმანიის საელჩოს გადაეცა. უარყოფითი პოზიცია, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დააფიქსირა გერმანიის საელჩომაც.

ანუ, კიდევ ერთი უხერხულობა, კიდევ ერთი უსიამო ფაქტი, კიდევ ერთი, ჩათვალეთ: სკანდალი!!!!


დიახ, სკანდალი, თანაც ისეთი, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ ნიაღვრად წამოვიდა მოურიდებელი შეფასებები („ნაგავიდან" - „იდოტიზმამდე"). პირდაპირ უნდა ვთქვა, ამ ცხელ გულზე: ძალიანაც მართებული!


და, მაინც, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი!": არც სამთავრობო პიარ-სამსახურიდან, არც მერიიდან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან. კვლავ ტრადიციული პოზიცია... სირაქლემასი!


რა ხდება? რატომ ხდება? როდემდე გაგრძელდება ასე?


ორიოდე დღის წინ მერამდენჯერ ვწერდი: სახელისუფლებო პიარის სფეროში მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა-მეთქი და, აჰა, ამ შეფასების მორიგი კონსტატაცია.


პრემიერი ისე მიიყვანეს და ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში, რომ...


უნდა ვიფიქროთ, პრემიერის მეშვეობით საქართველოსთვის სუვენირად გადმოცემული ბერლინის „კედლის ნატეხი" ახტა, დახტა და იმ რწყილ-ჭიანჭველას არაკისა არ იყოს, პირდაპირ „ევროპის მოედანზე" დახტა და „გამოფენად" გადაიქცა...


ფეისბუქის(?) მეშვეობით მერია უკვე გაემიჯნა ამ სამარცხვინო აქციას, ანუ, აღიარა, რომ დედაქალაქში ამხელა გამოფენა ეწყობა, გახსნაზე ჯერ კიდევ მოქმედ მერს პატიჟებენ და... ის აზრზე არ არის, ვინ, რა და როგორ?.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.


საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელთანაც კონსულტაციის გარეშე და საბოლოო „დასკვნის" გარეშე ასეთი „რამე-რუმეები" არ უნდა ხდებოდეს, ტრადიციულად დუმს. თანაც, რამდენადაც ინფომ გამოჟონა, ხელს იბანენ, არაფერ შუაში ვართო. ეგაა უბედურება, რომ... მართლა არაფერ შუაში არიან არც ამ შემთხვევაში და არც იმაში, რომ მავანი არ თვლის საჭიროდ და აუცილებლად მათთან კონსულტაციას. მიზეზს, მე კი ვხვდები, მაგრამ... ჯობს, „ნარცისებმა" თავად გაარკვიონ.


როგორც სანდო წყარომ მაცნობა, გერმანიაში ჯერ კიდევ ჩვენი მოქმედი ელჩის ლადო ჭანტურიას („ჩემოდნები ჩალაგებული" აქვს) ამ „გაუგებრობაში" მონაწილეობა, უბრალოდ, დაემთხვა მის თბილისში ყოფნას.


მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი ამ „ჭკვიანურ, ევროპულ, პატრიოტულ" აქციაზე?


ჩემ ეჭვს ბოლოსკენ მოგახსენებთ, მანამდე კი პაწია „ლიკბეზი" (ძველი საბჭოური ტერმინია „უცოდინობის(უწიგნურობის) ლიკვიდაციას" ნიშნავს) მინდა ჩავატარო;


„ბერლინის კედელმა", მისმა აღებამ, ბოლო ათეული წლებია მეტაფორული მნიშვნელობა შეიძინა, სინონიმი გახდა გერმანიის გაერთიანებისა, ახალი ევროპისა შექმნა-ჩამოყალიბებისა. ეს აქსიომატური მოსაზრება შეიძლება არ იცოდეს იმ თაობამ, რომელიც ახლა თინეიჯერობს, მაგრამ მათ, ვისაც სამთავრობო კანცელარიაში, მერიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ჭკუა ეკითხება, ასეთ საკითხებზე ელემენტარული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. პირადად მე, სულ პაწია ეჭვიც არ მეპარება, რომ იციან ეს თემა, თანაც კარგად. მაგრამ, აი, კონკრეტულ პერსონას, ვინც უნდა გააკეთოს (ან, დაავალეს, ან თავად იჩენს ბრიყვებისთვის დამახასიათებელ დაუოკებელ ინიციატივას) „საქმე", ანუ გამოფენა, ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნია იმისა, თუ რა უნდა გაეკეთებინა და როგორ, ვისთვის უნდა ეკითხა რჩევა, ვისთან უნდა გაევლო კონსულტაცია და მიეღო საბოლოო თანხმობა გამოფენის მზადყოფნის თაობაზე. ამ მექანიზმმა არ იმუშავა. ტრადიციულად, ანუ, ან მექანიზმი არ არსებობს (რაც წარმოუდგენელია), ან საქმე გვაქვს ზერელობასთან, უვიცობასთან, აშკარა უპასუხისმგებლობასთან.


და ვინაიდან, მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ მარტო ამ „მიზეზებთან" გვაქვს საქმე, რომ, შესაძლოა პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიაც თამაშობდეს გარკვეულ როლს, მით უმეტეს, ორიოდე თვეში საქართველოს მეორე პრეზიდენტის დაბადებიდან 90 წლისთავია და, მავანს ეს თარიღი, ეგებ, საერთოდაც არ ეხატება გულზე. ამ გამოფენაზე „შევის", მისი როლის, მისი პიროვნების ობიექტური და ღირსეული გამოჩენა დიახაც რომ წაადგებოდა მისდამი კეთილგანწყობას. მავანის განათლებულობასაც... სწორედ ამიტომ მივმართავ „ლიკბეზის" მეთოდს. აი, რას წერენ იმდროინდელი „ძლიერნი ამა ქვეყნისა", ისტორიული ეპოქალური ძვრების, მათ შორის „ბერლინის კედლის" ეპოპეის ორგანიზატორ-მონაწილენი:


ჰელმუტ კოლი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი:


**************************************************************************************************

 

„...გერმანიის გაერთიანებაში თქვენი პირადი წვლილი სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩემთვის და ჩემი თანამემამულეებისთვის დაუვიწყარი იქნება..."


რიტა ზიუსმუტი, გფრ ბუნდესტაგის (პარლამენტის) თავმჯდომარე:


************************************************************************************************

 

„... საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ დავინახეთ, რომ იგი იყო დიდი დიპლომატი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა დაეკისრა, დიპლომატთან ერთად მე მასში მებრძოლიც დავინახე და პატრიოტიც.

 

ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროსაც სულის სიღრმეში ყოველთვის ქართველად რჩებოდა...

 

დღეს შეიძლება კატეგორიულობით ამტკიცო, ამას ხედავს კიდეც ყველა, რომ საქართვეო თავისი პრეზიდენტის გასაოცარი ძალისხმევით ართმევს თავს მის წინაშე აღმოჩენილ ურთულეს პრობლემებს და მისდის დამოუკიდებელი მშენებლობის გზით..."


ვილი ვიმერი, გფრ ბუნდესტაგის (პარლამენტის) წევრი:


*******************************************************************************

 

„...ყველამ ისიც ზუსტად ვიცით, რომ ევროპა და მთლიანად მსოფლიო ამჟამინდელი სახით ვერ იარსებებდა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო. ვფიქრობ, ძნელად მოიძებნება მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც შეეძლო სამყარო შეეცვალა ისე, როგორც ეს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა..."


ჰანს-დიტრიხ გენშერი, გფრ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი:


*****************************************************************************************************


„... თქვენს ისტორიულ დამსახურებად დარჩება და ამას ვერავინ შეგეცილებათ, რომ თქვენ იღვწოდით ცვლილებებისთვის უკეთესისკენ. და თუ ჩვენ დღეს ისეთ ევროპაში ვცხოვრობთ, რომელიც 1990 წლის პარიზის ქარტიის პრინციპებსა და მიზნებს შეესაბამება, ეს მნიშვნელოვანწილად თქვენი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის პირადი დამსახურებაა. ეს განსაკუთრებულად ესმის ჩემ ხალხს, რომელსაც თქვენ ერთიანობა დაუბრუნეთ. თქვენი სახელი სამუდამოდ არის შეტანილი იმ ხალხის, რომელიც ამ საუკუნის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომებისა და საშინელი კატასტროფის შემდეგ, თავისუფლების, ადამიანის ღირსების დაცვისა და დემოკრატიის გზას დაადგა.

 

... მთელი გულით გიხდით მადლობას ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენთვის, გერმანელი ხალხისთვის გააკეთეთ".


ჯეიმს ბეიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი:


***********************************************************


„...ცივი ომის მშვიდობიანი დასასრული დამოკიდებული იყო ისტორიულ მოვლენათა მთელ სერიაზე. ზოგი რაციონალური იყო. ზოგიც - ირაციონალური, ზოგიც განუზრახავად, მაგრამ მიწაზე „რბილი დაშვება" ყველაზე მეტად ადამიანებმა განახორციელეს. იგი არ მოხდებოდა, რომ არა ისტორიული ხედვა ისეთი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბუში და მიხეილ გორბაჩოვი. და ვერც მაშინ მოხდებოდა, თუ კულისებში არ იმოქმედებდა დიდი დიპლომატური უნარით დაჯილდოებული ისეთი ადამიანი, როგორიც ედუარდ შევარდნაძეა, საბოლოო ანალიზით, ისტორიას მნიშვნელოვანწილად მაინც ადამიანები ქმნიან და აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფრონტაციის დასასრულის ისტორიის შექმნაში შევარდნაძეს მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე რომელიმე პიროვნებას".

 

რობერტ ბერდი, აშშ-ის სენატორი:


*********************************************

 

„... შევარდნაძე ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურაა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური საბჭოთა იმპერიის ტრანსფორმაციაში, ... რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ყოველგვარი ძალისმიერი კონფრონტაციის გარეშე.

 

ამ ტრანსფორმაციის, ბ ე რ ლ ი ნ ი ს კედლის აღების, ... განიარაღების ძირითად საკითხებზე შეთანხმებათა მიღწევის საქმეში დიდი წვლილი სამართლიანად მიუძღვის შევარდნაძის ნათელ და ძლიერ პიროვნებას. მისი როლი იმ გადამწყვეტი როლის მნიშვნელობის კარგი მაგალითია, რომელიც პიროვნებას კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხი მოვლენების ფორმირებაში ენიჭება. ბატონმა შევარდნაძემ დაამტკიცა, რომ ისტორიას მართლაც ქმნიან პიროვნებები და არა სოციალური და ეკონომიკური იმპერატივები".

 

დიახ, ასეა ეს! და ამაზე მეტყველებს ეს სულ მცირე რაოდენობის ამონაწერებიც.


ჰოდა, ბიძიკოებო, დაკვირვებით წაიკითხეთ, ჩაუღრმავდით ამ გამონათქვამებს. ამას ჩვენი კოხტაპრუწა ტელეწამყვანების ენაყრანტალა რესპონდენტები კი არ გვმოძღვრავენ... როგორც ხედავთ, არავინ ამბობს, რომ შევარდნაძე ფრთიანი ანგელოზია, რომ წმინდანად უნდა შეირაცხოს. როგორც ყველა პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე ან მეთაური, მასაც ჰქონდა შეცდომები, პაწიაც და სერიოზულიც, მაგრამ...


უმადურობასაც, პოლიტიკურ სიბეცესაც, უკულტურობასაც აქვს საზღვარი. თუნდაც, იმ გამოფენას, თქვენ რომ „ევროპის მოედანზე" გახსენით, ვერ გააკეთებდით ვერასოდეს, რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწეთა მცირერიცხოვანი კოჰორტა, რომლის შემადგენლობაში შევარდნაძეს ბოლო ადგილი არ ეკავა და რის გამოც დედ-მამის სულს უტრიალებენ ჟირინოვსკები რუსეთში და, ზოგჯერ... საქართველოშიც.


მადლობა ეკუთვნის ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, რომ თავის გამოსვლაში არ „გაატარა" სუბიექტივიზმის, არაკომპეტენტურობისა და უმადურობის სამარცხვინო ნაბიჯი, მით უმეტეს სახელმწიფოს დონეზე მოწყობილი აქციისას და მართებულად მიანიშნა: ისტორია არისო ისტორია! დავამატებდი: და მისი შეცვლა ძალუძთ მხოლოდ დიდ მოღვაწეებს და არა... საქართველოს მთავრობის აპარატის პიარ-სამსახურში, მერიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკალათებულ ზოგიერთ მცირე განათლების მქონე, ნაკლებად წიგნიერ და სახელმწიფო მოხელისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობის დეფიციტის მქონე „გოგონებს და ბიჭუნებს", რომლებიც კაცმა არ იცის, რა გზით, რის საფუძველზე, რა ინტელექტუალურ-ზნეობრივი კრიტერიუმებით მოხვდნენ ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებში. და ვიდრე ასეთი განუკითხავობა სუფევს ზოგიერთ სახელმწიფო დანაყოფში, არც სკანდალი და არც უხერხულობა არ იქნება იშვიათი მოვლენა.


ახლა დაპირებულ „მიზეზსაც" მოგახსენებთ: დიდი ალბათობით, ამ „გაუგებრობის" თავი და თავი ისევ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უნდა ვეძებოთ. ვვარაუდობ, რომ ამ „ინციდენტის" მოკვლევა ჩემს ვარაუდს დაადასტურებს. აქედან გამომდინარე, ცოცხია, ბატონო პრემიერო, საჭირო, ცოცხი! და თუ დაგვა არ შველის, მაშინ კომბალი უნდა მოიმარჯვოთ! არა მგონია მაგ „იარაღის" შოვნა მაინც რომ გაგიჭირდეთ. ბატონი ჯეჯელავა ხომ მანდვე გყავთ, და ეგ საქმე კი მან მართლა კარგად იცის.


P.S. ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა ერთი ფაქტი: 80 წლისთავზე შევარდნაძემ გერმანიიდან ამაღელვებელი საჩუქარი მიიღო, ზუსტად ისეთი ნატეხი ბერლინის კედლისა, რომლის გამოფენა ზარზეიმით გაიხსნა გუშინწინ ევროპის მოედანზე. ნატეხებს შორის ის სხვაობაა, რომ "გუშინწინდელი" ექსპონატი, გიორგი კვირიკაშვილის ხელით, საქართველოს გამოუგზავნეს, ხოლო ის, საიუბილეო ქვა, პირდად შევარდნაძეს, მოკლე, ამაღელვებელი და მრავლისმეტყველი წარწერით: გმადლობთ, ედუარდ!" 


ეს ისე, უბრალოდ, იმათ გასაგონად ვისაც მეხსიერებასსთან, მხედველობასთან, სმენასთან და ობიექტურობასთან აქვს პაწა პრობლემა...


მე კი ისღა დამრჩენია, შევძახო:

 

შენ დაუკა... ოღონდ, არასამხიარულო!!!



http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner