ავტორი ნათია ცუხიშვილი
მომღერალი პაატა თედიაშვილი გადაცემა „პროფილში" სტუმრობის შემდეგ კიდევ უფრო პოპულარულ და სკანდალურ მომღერლად იქცა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ყველა მის ახალ სიმღერაზე „მუსიკალური გველი" საუბრობს.
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე...
- დიდი მადლობა თქვენ... ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივა.
- მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ ჟანრში მუშაობდით და თაყვანისმცემლებიც გყავდათ, მაინც გადაწყვიტეთ „სიყვარულის არმიის" ჩაწერა...
- დაიწერა ტექსტი, რომელიც იყო პატრიოტული და გადავაგზავნე არანჟირების ავტორთან, რომელმაც მოისმინა და თქვა, რომ თვითონ სიმღერა, ვოკალური შესრულება არის აბსოლუტურად სხვა ჟანრის, ხოლო თვითონ ის პათოსი, რაც პატრიოტულ სიმღერაში უნდა იყოს, არის განსხვავებული და ამიტომ რაღაცნაირად იქნებ შეძლო და შეცვალო ეს ყველაფერიო. ტექსტი იყო პატრიოტული, რომელიც ჟღერდა ასე: თუ წამომყვები ძმობის საზღვართან, იარაღი უნდა ავიღოთ ხელში, ამდენი მოთმინება დამთავრდა, უნდა ავმაღლდე კაციდან ღმერთში... ეს იყო ერთგვარი მესიჯივით მოწოდება, ლოზუნგის ტიპის, ჩემი თანატოლების მიმართ, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ იარაღი და სადღაც უნდა წავიდეთ და რაღაცა უნდა დავიბრუნოთ.
შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი, ისედაც დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში, ამიტომ 5 წუთში რაღაცნაირად შეიცვალა მთლიანად ფაბულა ამ ტექსტის და მივიღეთ ტექსტი რომელსაც ჰქვია „სიყვარულის არმია".
- გათვლილი გქონდათ, რომ „სიყვარულის არმია" პოპულარობას მოგიპოვებდათ და ყველა თქვენზე ისაუბრებდა?
- ყველანი აღმოვჩნდით ძალიან კურიოზულ სიტუაციაში, გარდა იმისა, რომ ქორეოგრაფია ვერ შესრულდა, ეს უკვე რაღაც სკანდალურ თემად იქნა აღქმული იმიტომ, რომ ძალიან ვიწრო სივრცეში ვიყავით და ქორეოგრაფიაც განხილვის და ხუმრობის საგანი გახდა, სიმღერაც, ტექსტიც და ყველაფერმა ერთად ხელი შეუწყო იმას, რომ ნეგატიური ფონით დაწყებული პიარი პოზიტივში გადაიზარდა. გაკეთდა ძალიან ბევრი მიმი, იუმორისტული ქოუბი, რიმეიქი... საბოლოოდ სხვადასხვა ტელესივრცეში გასულმა გადაცემებმა და ჩემმა სტუმრობამ თითქოს საზოგადოების აზრი ცოტა შეარბილა და პოზიტივით შეხედეს სიმღერას.
- როგორ ფიქრობ, ჩრდილში რატომ იდექით? საზოგადოებას გარემიქსებული ფოლკლორის მიღება გაუჭირდა თუ უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოჩნდი?
- 10 წლის უკან ჩავწერე პირველად „ბინდისფერია სოფელი", შემდეგ „სვანური", „თუშური სიმღერების პოპური", სხვადასხვა ვიდეონამუშევარი და ეს ყოველთვის იყო განხილვის საგანი.
მახსოვს, როცა ვმღეროდი „ბინდისფერია სოფელს" ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში, ღვაწლმოსილი ფოლკლორისტი მოვარდა და გამლანძღა, როცა ამ სიმღერას მღერი, ჩოხა მაინც ჩაიცვი ან ფანდური მაინც გადაიკიდეო... წინააღმდეგობრივი მომენტები, ბუნებრივია, მუდმივად იდო, ეს არ დაწყებულა დღეს, რა თქმა უნდა, ყველას არ მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი...
შეიძლება ვერ აღმოვჩნდი კონკრეტულ მომენტში იქ, სადაც უნდა ვიყო... არ შემიძლია მლიქვნელობა მდგომარეობის გამო, არავისთვის მითხოვია ფული, არცერთი ორგანიზაციისთვის, არცერთი სპონსორისთვის... რაც ამ დრომდე გამიკეთებია, ეს იყო მხოლოდ ჩემი შრომით, ჩემი სახსრებით. ბევრი რაღაც მომიკლია, რომ აქამდე მოვსულიყავი.
- რატომ გადაწყვიტეთ მუსიკალური ჟანრის შეცვლა? ხომ არ უკავშირდება ეს უბრალოდ პოპულარობის მოპოვებას?
- არტისტის ცხოვრებაა ასეთი, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, უფრო საინტერესოა. როცა მომინდება ისევ მივუბრუნდები და გავაკეთებ იმას, რაც ჩემთვის საინტერესო იქნება.
- კლიპის ჩაწერა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვინ გიდგათ გვერდით?
- ჩემი ოჯახი... თავიდან როცა დავიწყე, ისინი მეხმარებოდნენ მატერიალურად, შემდეგ უკვე ვმუშაობდი, სამი წელი ვიმუშავე ექიმად (ექიმი-თერაპევტი ვარ პროფესიით), ამის გარდა, მაქვს ჩემი ქორეოგრაფიული სტუდია და ანსაბლი, ვმუშაობ როგორც ქორეოგრაფი, ასევე ვმუშაობ საქართველოს პროფკავშირების შემოქმედთა კავშირში, ღონისძიებების ფესტივალების თანაორგანიზატორად და წამყვანად, ხდებოდა ისე, რომ გროვდებოდა თანხა, რათა ჯერ სტუდიაში ჩამეწერა სიმღერა, შემდეგ კი გადამეღო კლიპები. მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი ვაკეთებდით ამ ყველაფერს.
- ხომ არ გინანიათ „სიყვარულის არმიის" და ახლა უკვე „მუსიკალური გველის" ჩაწერა? გიღირდათ კი ასეთი პოპულარობა?
- ის, რომ „მუსიკალური გველი" ან „სიყვარულის არმია" განხილვის საგანი გახდა და არ იყო მხოლოდ პოზიტივი, იყო იუმორისტული მომენტი, იყო დამცინავი და სალანძღავი კომენტარები, ყველაფერი ერთად ქმნის სკანდალს და მივხვდი, რომ თუ სკანდალური არ ხარ, არსად გიწვევენ...
- კილტის ჩაცმა ვისი იდეა იყო, არ შეგეშინდათ ხალხის რეაქციის, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის ჩაცმას? გადაცემა „პროფილში" თქვით, რომ კილტით თავს თავისუფლად გრძნობდით და შეიძლება ცხოვრებაშიც გიხილოთ კილტით?
- ყველაფერი იყო პროვოკაციული... კილტის ქვეშ არ აცვიათ საცვალი შოტლანდიელებს და ესეც ერთგვარი ინტერესის საგანი გახდებოდა, მეცვა თუ არა, ანუ რეალურად ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი და გამიზნული პროვოკაცია. რა თქმა უნდა, კილტით სიარულს არ ვაპირებ, სცენაზე თუ საჭირო იქნება, გამოვიყენებ.
- რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ახლობლებს ახალ სიმღერებზე? მოსწონთ ოჯახის წევრებს, რასაც აკეთებთ?
- უფრო მძაფრად ჩემმა დამ განიცადა. პედაგოგია და შეეშინდა მშობლების და საზოგადოების რეაქციის. ვინც არ იცის კილტის შესახებ, ისინი უბრალოდ აღიქვამენ მამაკაცს, რომელმაც ჩაიცვა კაბა. მშობლებისთვის კი რთულია, როცა ცეკვაზე ატარებ შვილს და ხედავ, მის პედაგოგს ცეკვისას კაბა უფრიალებს. მძაფრი რეაქცია იყო ჩემი დისგან, თუმცა, ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.
- ვის ეკუთვნის „მუსიკალური გველის" ჩაწერის იდეა?
- უკვე 15 სიმღერა გავაკეთე ძალიან ნიჭიერ მუსიკოს პაატა ფაცურიასთან, რომელიც არის არაერთი სიმღერის არანჟირების ავტორი. პაატასთან დამზადდა ასევე „სიყვარულის არმია" და „მუსიკალური გველიც". ერთად შევთანხმდით, რომ ეს სიმღერა ნაკლებად მელოდიური, უფრო ენერგიული და რეჩიტატიული ხასიათის უნდა ყოფილიყო.
- შენს შემოქმედებაში რა სიახლეებია და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?
- სამომავლოდ, ალბათ, ახალი სიმღერა... ისეთი თემა, რომელიც უფრო აქტუალური იქნება და კიდევ ახალ სათქმელს იტყვის.
- თქვენ რომელი პაატა უფრო მოგწონთ - რომელიც „ბინდისფერია სოფელს" მღერის თუ „მუსიკალურ გველს"? როდის უფრო ამაყად იგრძენით თავი მაშინ როცა „ბინდისფერია" შეასრულეთ, თუ ახლა, როდესაც „სიყვარულის არმიით" და „მუსიკალური გველის" შესრულებით ასეთი პოპულარობა მოიპოვეთ?
- ორივე შემთხვევაში პაატა არის პაატა და სათქმელია სხვადასხვა, სხვადასხვა ეპოქას გამოხატავს.
ორივე შემთხვევაში ჩემი შრომაა ჩადებული და ორივე პაატა მიყვარს, არც ერთი გადამიგდია და მომიშორებია. ახლა ეს არის საჭირო, რასაც ვაკეთებ.
გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვიდეოვერსიას: