ავტორი ნინი ჩოქური
ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პრაიმ-შოუში" გამოჩენის შემდეგ, მსახიობი და მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მის განსხვავებულ საუბრის მანერას დიდი განხილვა მოჰყვა სოციალურ ქსელში. გიორგი „რეპორტიორთან" საუბარში საკუთარი ლექსით პასუხობს იმ ადამიანებს, ვინც მის იმიჯს ყალბად მოიხსენიებს.
- ვეტყვი, რომ:
არასდროს მითამაშია, საქმე, არ ვიცი, რაშია,
უფალი თუკი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია.
მითხრეს, სიკვდილი გზაშია, მიმაფრენს ჩემი რაშია,
თავშესაფარი ცაშია, ცა მიწის გასაყარშია.
ხორცი გავიღე, არ მშია, ცხონება დათმენაშია,
მაყვალი ეკალნარშია, გლოვის ცრემლები თვალშია,
არასდროს მითამაშია, საქმე, ვერ ვხვდები, რაშია,
უფალი თუკი ცაშია რა ყრია ქვეყანაშია.
ასე მივუგებ მათ. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, გუშინ ჩემმა ორმა მშვენიერმა დამ „ინსტაგრამი" გამიკეთეს, ვუთხარი, მე არ გავეკარები, ტყუილად გამიკეთეთ-მეთქი, მაგრამ მათ მითხრეს, არ გვაინტერესებს, შენ გაეკარები თუ არა, ჩვენ გვექნება შენი „ინსტაგრამი" და შენს ლექსებს გამოვაქვეყნებთო. თქვენმა მზემ-მეთქი, ვუთხარი.
არც ნეგატივს ვკითხულობ, ვაიდა, გამაბოროტოს ამ მცირედ მორწმუნემ და არც კარგს ვკითხულობ, რომ ვაიდა, იმაზე უკეთესი მეგონოს საკუთარი თავი, ვიდრე ვარ, აქედან გამომდინარე, დიდი სიყვარულით მოვიხსენებ ორივე მხარეს",-განაცხადა გილიგაშვილმა.