logo_geo
eng_logo
სპეციალური პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის
- +

18 აპრილი. 2016. 12:00


მასწავლებლობა პროფესიაა, რომელზეც, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ალბათ ყველას უოცნებია. მათ, ვისაც სკოლაში მუშაობის სურვილი ისევ აქვს, სახელმწიფო უნიკალურ შანსს აძლევს - ერთწლიანი, 60-კრედიტიანი სპეციალური პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტი შესაბამისი სერტიფიკატით, სკოლაში მუშაობის უფლებას მიიღებს. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში კი, კურსდამთავრებული უფროსი მასწავლებელი ხდება.

 

მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ერთწლიან პროგრამას სახელმწიფო, გამოცხადებული კვოტების შესაბამისად დააფინანსებს. ამ ეტაპზე უკვე აკრედიტებულია 12 უნივერსიტეტის პროგრამა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლობის მსურველებს მიიღებენ. პროგრამის გავლამდე კი, პედაგოგობის მსურველებს, საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. შესაბამისი საგნის ჩასაბარებლად მსურველებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პროგრამის მიზანი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო პედაგოგების მოზიდვა და მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრაა, განსაკუთრებით რეგიონებში.


პროგრამის მიზნისა და დეტალების უკეთ გასარკვევად, „ვერსია" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს მანანა რატიანს დაუკავშირდა:


- ქალბატონო მანანა, რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი პროგრამის შემუშავება?

 

- აუცილებელია, დარეგულირებულიყო, ვის აქვს უფლება, შევიდეს პროფესიაში. ამ ეტაპზე დარეგულირდა პედაგოგის საქმიანობის დაწყება სქემით, რომელიც სახელმწიფო კომისიამ შეიმუშავა და 2015 წლის თებერვალში, მთავრობამ დაამტკიცა. მასში განისაზღვა ორი გზა, რომლითაც უნდა შექმნილიყო საუნივერსიტეტო განათლების გარკვეული მოდელები. პირველი მოდელი არის 300-კრედიტიანი კურსი, რაც გულისხმობს ხუთწლიან განათლებას. მისი გავლის შემდეგ, გაიცემა მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი. მეორე გზა უფრო მოქნილია - ბაკალავრს შეუძლია ისწავლოს ერთწლიან მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მისცემს, მოემზადოს პედაგოგობისთვის,  ისწავლოს მეთოდოლოგია, გაიაროს პრაქტიკა. ეს არის მცდელობა, სკოლებში შესული მასწავლებლები ფლობდნენ არა მხოლოდ საგნობრივ კომპეტენზციას, რასაც დაადასტურებენ გამოცდის ჩაბარებით, არამედ იცოდნენ, როგორ ასწავლონ კონკრეტული საგანი.


- პედაგოგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესაძენად ერთწლიანი კურსის გავლა საკმარისია? 

 

_ ეს არის სასერტიფიკაციო კურსი, რომლის წინაპირობაც საგნის ჩაბარებაა. სახელმწიფო უნივერსიტეტში „შევიდა" და აფინანსებს მათ, ვისაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ. მათი კვალიფიცია არ შეიძლება იყოს ბაკალავრზე ნაკლები. ამ ერთწლიან, 60-კრედიტიან პროგრამაში ჩაშლილია ზოგადი მეთოდოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების თავისებურებები, კლასის მართვის უნარ-ჩვევები, სტრატეგიები და შეფასების მეთოდები... მნიშვნელოვანია, რომ ამ ზოგადი მეთოდოლოგიის გარდა, სტუდენტები საგნის სპეციფიკურ მეთოდოლოგიასაც ისწავლიან.


- პრაქტიკა ახსენეთ. რა დოზითაა გათვალისწინებული ის პროგრამაში?  

 

- პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია, რადგან ხშირად უჭირთ ხოლმე თეორიიდან პრაქტიკაში ცოდნის ტრასნფერი. ამ პროგრამაში პრაქტიკა საკმაოდ მოცულობითია, დაახლოებით 10 კრედიტამდე. სტუდენტები სკოლაში ნახულობენ იმას, რასაც უნივერსიტეტში სწავლობენ. ისინი არა მხოლოდ ესწრებიან გაკვეთილს, არამედ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ, მასწავლებლებთან თანამშრომლობენ. ისინი თითქმის იმდენივე საათს ატარებენ გაკვეთილზე, რამდენსაც აუდიტორიაში. ზოგჯერ პროფესიაში შესვლისას, პედაგოგი აღმოაჩენს, რომ მისი მოლოდინი განსხვავებულია რეალობისგან. პრაქტიკის კომპონენტი იმასაც უზრუნველყოფს, რომ მათი მოლოდინი არის რეალისტური და ამის შემდეგ იშვიათია პროფესიიდან გასვლა.



- მასწავლებელთა მსურველების ასაკობრივი ზღვარი თუა განსაზღვრული? 

 

- ერთადერთი მოთხოვნაა, პედაგოგობის მსურველი მინიმუმ ბაკალავრი იყოს და საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს. სხვა შეზღუდვები არ არსებობს. ვინც წარმატებით დაძლევს პროგრამას, მიიღებს დაფინანსებას. თუ ადამიანი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მიაკითხავს უნივერსიტეტს და შერჩევა უკვე უმაღლეს სასწავლებელში მოხდება.


- მასწავლებელთა განაწილებისას, აქცენტი ძირითადად რეგიონებზე გაკეთდება? 

 

- დეფიციტის დათვლა მოხდა რეგიონებისა და საგნების მიხედვით, შესაბამისად, რომელ რეგიონში, რა საგანშიც რა დეფიციტია მოსალოდნელი, ამის მიხედვით მიენიჭათ უნივერსიტეტებს კვოტები.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკრედიტებული 12 სასწავლებლიდან ერთ-ერთია. „ილიაუნის" პროფესორი სოფო ლობჟანიძე, „ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ უნიკალურ პროგრამაში მონაწილეობა სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, საუკეთესო გზაა ძალიან სწრაფად, დაჩქარებულ დროში მივიღოთ მეთოდურად მომზადებული კადრი, პედაგოგი, რომელმაც იცის, როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, როგორ მართოს კლასი, როგორ გაითვალისწინოს მოსწავლეთა თავისებურებები. ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს პროფესიულად, ეს პროგრამა ნამდვილად არის მოქნილი, პრაქტიკაზე ორიენტირებული. ის ნამდვილად უვითარებს ადამიანს იმ უნარებს, რომელიც მასწავლებელს პროფესიაში შესასვლელად სჭირდება. თამამად შემიძლია ვთქვა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა, ამ უნარებს ნამდვილად აძლევს პედაგოგს. ამ პროგრამაში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 50 სკოლასთან გვაქვს დადებული მემორანდუმი, სადაც ჩვენი სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას. სტუდენტი მთელი წლის განმავლობაში, სკოლაში ორჯერ მეტ დროს გაატარებს, ვიდრე აუდიტორიაში. დაესწრება, გააანალიზებს, შეაფასებს, მასწავლებელს ასისტირებას გაუწევს, თავად ჩაატარებს გაკვეთილს, დაესწრება კოლეგის, ანუ მეორე სტუდენტის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და ურთიერთშეფასებას მოახდენენ. ჩვენი უნივერსიტეტი 150 სტუდენტზე აცხადებს მიღებას. ისინი შემდეგ სხვადასხვა საგნობრივ მიმართულებებზე გადანაწილდებიან. გვაქვს 11 საგნობრივი მიმართულება. ეს ძალიან კარგი პროგრამაა და მასში მონაწილეობა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია".

„ვერსია" პედაგოგობის მსურველებსაც დაუკავშირდა. მათი საერთო პათოსი ასეთია - ამ პროგრამით, საშუალება მოგვეცა, დიდი ხნის სურვილი ავისრულოთ და სკოლაში მუშაობა დავიწყოთ. სახელმწიფოს მხრიდან 60-კრედიტიანი პროგრამის დაფინანსება კი, ყველასთვის, ვინც რეგისტრაცია გაიარა, ნამდვილად დიდი სტიმულია. 


თამუნა ილურიძე, ჟურნალისტი: პროგრამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგე, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ვფიქრობდი, კარგი იქნება, თუ ჩემი მომავალი საქმიანობა მასწავლებლობა იქნებოდა. ამ პროფესიამ განსაკუთრებით დამაინტერესა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ახალი საგანი - სამოქალაქო განათლება". ვფიქრობ, ჩემთვის საინტერესო იქნება ამ პროფესიის შესწავლა და ამ საგნის სწავლება, შედარებით ახალგაზრდა მასწავლებელთან, მოსწავლეებისთვისაც საინტერესო იქნება. აქტიურად ვცდილობ გავიარო პროგრამა, რაც გამოცდის ჩასაბარებლადა არის საჭირო. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანია და ლიტერატურაც, შესაბამისად. მგონია, რომ ეს საგანი,ზოგადი განათლებისთვისაც მნიშვნელოავნია. იმედია, გამოცდას წარმატებით ჩავაბარებ და სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სკოლაშიც ვიმუშავებ. თავიდან, ალბათ ახლანდელ საქმიანობას შევუთავსებ. სამომავლოდ კი, ვნახოთ. ალბათ რეგიონშიც სიამოვნებით წავიდოდი სამუშაოდ. განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში".

 

ირინა ალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი: პროგრამის შესახებ მას შემდეგ გავიგე და მოვიპოვე ინფორმაცია, რაც გადავწყვიტე, რომ მინდოდა მასწავლებლობა. სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრი ვარ და ჩემი დიპლომი მაძლევს საშუალებას, ვასწავლო სამოქალაქო განათლება". ვფიქრობ, ამას შევძლებ. მეგობრებმა მირჩიეს დავკავშირებოდი განათლების სამინისტროს, სადაც დეტალური ინფორმაცია მომაწოდეს ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ და მეც არ დავაყოვნე, დავრეგისტრირდი. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა და იმედია, ამ სფეროშიც წარმატებას მივაღწევ".  


ნინო ლურსმანაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner