ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული მ.მ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, მ.მ-მ ქ.ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით დ.ჭ.-ს დანით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მ.მ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანას დაზარალებულმა და შემთხვევის ადგილას მყოფმა პირებმა შეუშალეს ხელი და არ მისცეს საშუალება დ.ჭ.-სთვის კიდევ მიეყენებინა დაზიანებები, რის შემდეგ იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.მ. 2017 წლის 28 იანვარს წალენჯიხის რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.