logo_geo
eng_logo
თაკო კვირტია: თბილისის მერიაში ბაღების სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული უწყებაა!
- +

13 ნოემბერი. 2017. 21:56



თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც განხორციელდა და რომელიც მომავალში იგეგმება.



- რა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა თემურ თორდინავას ხელმძღვანელობის პერიოდში?


- 2014 წლის შემოდგომაზე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალ ადმინისტრაციას დახვდა სისტემური პრობლემები. ესენი იყო - 50-მდე დახურული ბაღი, რის შედეგადაც ათასობით ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა. მოქმედი და დახურული ბაღების შენობაში სხვადასხვა სოციალურმა ფენებმა დაიკავეს ტერიტორია. ასევე, ზოგიერთი ბაგა-ბაღის შენობა ავარიული იყო, დაზიანებული იყო ფასადები, ცენტრალური გათბობის სისტემა არ არსებობდა ან შეფერხებით ფუნქციონირებდა. ეზოები არ იყო კეთილმოწყობილი, ანუ არ არსებობდა სპორტულ-გასართობი მოედნები და ატრაქციონები. მოძველებული და შემოუღობავი ეზოების გამო არ ხერხდებოდა ბავშვთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა.


ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არაკვალიფიციური კადრი მუშაობდა. მათ არ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი გადამზადების კურსები. ბაღების უმეტესობაში გაუქმებული იყო ლოგოპედისა და ფსიქოლოგის შტატი და საერთოდ არ არსებობდა სპეცპედაგოგის ინსტიტუტი. არ იყო დაგეგმილი და განსაზღვრული სასწავლო/სააღმზრდელო მეთოდური საკითხების პრაქტიკაში ეფექტიანად მუშაობისთვის შესაბამისი ღონისძიებები.


რაც შეეხება კვების მხრივ არსებულ პრობლემებს, კვების პროდუქტებისა და კვების პროცესის მართვის არაეფექტური და არარაციონალური სისტემა არსებობდა. ამასთან, არ არსებობდა საერთო მენიუ და ბავშვთა კვების რაციონში არ იყო დაცული კალორაჟულობა. რა თქმა უნდა, მთლიანობაში აღნიშნული საკითხები სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა.


თემურ თორდინავას ხელმძღვანელობის პერიოდში მოხერხდა ის, რომ გაიხსნა 12 ახალი საბავშვო ბაღი.


გაიხსნა გასულ წლებში დახურული 132-ე  საბავშვო ბაღი, ასევე, 109-ე და 196-ე საბავშვო ბაღების დახურული ფლიგელები და 16-ე საბავშვო ბაღში გაუქმებული საცურაო აუზის შენობაში გაიხსნა 3 ახალი ჯგუფი.


სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 56-ე საბავშვო ბაღს, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. სარემონტო სამუშაოების შემდეგ კი, ბაღმა სრული დატვირთვით განაახლა ფუნქციონირება.


ასევე, აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების გახსნის, ჯგუფების და შტატების დამატების შედეგად დასაქმდა 3000-ზე მეტი ადამიანი.


სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა თითქმის ყველა საბავშვო ბაღში. მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულოები (მათ შორის,  სამზარეულოები აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით: ელექტროღუმელით, კარტოფილის სათლელი აპარატით, ცომის საზელი დანადგარით, ბოსტნეულის საჭრელი ხელსაწყოთი).


82 საბავშვო ბაღში გაკეთდა სპორტულ-გასართობი მოედნები, 84 საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო ღობე, 60-მდე საბავშვო ბაღში მოეწყო პანდუსი, 3 საბავშვო ბაღის შენობას ჩაუტარდა გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები, 10 საბავშვო ბაღში გარემონტდა შენობის ფასადი, 10-ზე მეტი საბავშვო ბაღის ეზო დეკორატიულად მოეწყო. ხოლო გსმ ბავშვებს, რომლებსაც ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ესაჭიროებოდათ ბაღში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელება, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სკოლამდელი განათლება 7 წლის ასაკამდეც, რაც აქამდე არ ყოფილა.


2016 წლის იანვრიდან თბილისის ბაგა-ბაღებს დაემატა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეცპედაგოგის შტატი. დღეის მდგომარეობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულია 120 ლოგოპედი, 150 ფსიქოლოგი და 160 სპეცპედაგოგი. მიმდინარეობს ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების გადამზადება. მთლიანობაში გადამზადდება 410 ადამიანი.


სააგენტოს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელო, სპეციალური გზამკვლევი, რითაც ისინი უკვე ერთიანი მიდგომით ხელმძღვანელობენ. კვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასულ წელს გამოაცხადა კონკურსი აღმზრდელის თანაშემწის, აღმზრდელისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციის დასაკავებლად. ბაგა-ბაღების დირექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესახებ. ყველა ბაგა-ბაღის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი ახალი გაიდლაინის (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა)  გაცნობის მიზნით. დაინერგა სასკოლო მზაობის პროგრამა, რომლის მიზანია, განუვითაროს ბავშვს მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები, კომუნიკაცია და მეტყველება, სწავლისათვის საჭირო ნებელობა, რაც მათ ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პერიოდს უადვილებს. თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა ტრენინგი  ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ისე აღმზრდელების უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას.


ბავშვთა კვების რაციონის მოწესრიგების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა. კვების რაციონი გახდა უფრო მრავალფეროვანი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #78 დადგენილების მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მოვიდა. 2015 წლის 1 იანვრიდან საბავშვო ბაგა-ბაღში მომუშავე პერსონალისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა გახდა უფასო.


დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ბაგა-ბაღის თანამშრომლებისთვის გახდა ანაზღაურებადი. 2016 წლის 1 თებერვლიდან კი საბავშვო ბაღების თანამშრომელებს გაეზარდათ შრომის ანაზღაურება 5-20%-ით.


- რა პროექტების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ?


- როგორც უკვე აღვნიშნე, ახალ მერს კახა კალაძეს დახვდება 13 მშენებარე ბაღი, ათამდე პროექტირების ეტაპზე მყოფი საბავშვო ბაღი და ოცი შერჩეული ლოკაცია, სადაც შესაძლებელია საბავშვო ბაღების აშენება.


- ახალი მერის პირობებში, ბაგა-ბაღების მართვის სისტემაში რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

 

- საკადრო ცვლილებების შესახებ, ალბათ, მალე გახდება ცნობილი. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ კი მე პირადად, საქმის კურსში არ ვარ.


- ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში პიარის პრობლემაა... თქვენთან რა ვითარებაა ამ მხრივ? ახერხებთ საზოგადოების დროულად ინფორმირებას მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებთან დაკავშირებით?


- ვცდილობდით, შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად მიგვეწოდებინა - მოცული გვქონდა როგორც სატელევიზიო, ისე ბეჭდვითი და ციფრული მედია, სოციალური ქსელი. ჩვენს facebook-გვერდს 22 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს, რაც ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საზოგადოების დიდ ნაწილამდე მისვლაზე მიუთითებს.


ამასთან, თბილისის ბაღებში მიმდინარე რეფორმები ყოველთვის იყო მედიის ყურადღების ცენტრში; სააგენტოს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მედიასაშუალებებთან, არასდროს უთქვამს უარი ინტერვიუზე თუ ინფორმაციის მიცემაზე. ვცდილობდით, ვყოფილიყავით მაქსიმალურად გახსნილები და ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც ჩვენი მისამართით გაჟღერდებოდა, ყოფილიყო პასუხგაცემული.


ვფიქრობ, რომ თბილისის მერიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაღების სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული უწყებაა, ეს კი სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას დამსახურებაა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა სისტემის ჭაობიდან ამოყვანისა და მისი განვითარებისთვის. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან თვალსაჩინოა შედეგი, რაც ბაღების სააგენტოს მუშაობას აქვს დღეის მონაცემებით და ამას საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რადგან ალბათ დამეთანხმებით, 25 ახალი საბავშვო ბაღი დედაქალაქში 3 წლის მანძილზე ნამდვილად შესაშური შედეგია - აღარ დავკონკრეტდები იმ საგანმანათლებლო რეფორმებზე, ასევე კვების რეფორმაზე, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და ა.შ. ნამდვილად მოხარული ვიქნები, თუ განვითარება მომავალშიც ასეთივე ტემპით გაგრძელდება.


საბავშვო ბაღი ის დაწესებულება და ის სისტემაა, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან - ყველა ოჯახი, რომელსაც ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავს, და რომელიც სარგებლობს საჯარო ბაღების მომსახურებით, თავად ხედავს ამ პროგრესს და რეფორმების შედეგებს.


ამას ადასტურებს ისიც, რომ თბილისის ბაღებში განხორციელებული რეფორმების გატარებას ითხოვს მოსახლეობა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში - მსგავს მესიჯებს ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ რეგიონებიდან.


ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი პირადად სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას დამსახურებაა და ასევე თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ თემურ თორდინავა ბაგა-ბაღების სისტემაში ნამდვილი რეფორმატორია და შედეგიც სახეზეა - დღეს თბილისს 25 ახალი საბავშვო ბაღი აქვს, მაშინ როცა, ახალი ბაღები თბილისში საბჭოთა კავშირის მერე არ აშენებულა და პირიქით, დაიხურა 50-მდე ბაღი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner