საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები : სომხეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ ბინაში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.
რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.