ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მრგვალი მაგიდის ერთ-ერთ მიტინგზე, ფოტოს ვუღებდი სიტყვით გამომსვლელ ილია მართლის საზოგადოების წევრს რუსუდან პატარაიას... ახლა როდესაც ვათვალიერებდი ძველ კადრებს, აღმოვაჩინე რომ სულ შემთხვევით რუსუდანის უკან ფოტო კადრში მომიხვედრებია, სვანურ ქუდში მყოფი ახალგაზრდა რომელიც გახლავთ დათო ცინდელიანი... მაშინ დათომ რა იცოდა რა ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს, რომ შევარდნაძის სისხლიან რეჟიმს გადარჩენილი, სააკაშვილი ხელისუფლების ჯალათები სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ... „კუდის" თანამშრომელი ონისე კვაშილავა პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეში შემაძრწუნებელ ჩვენებას იძლევა: დათო ცინდელიანი დააკავეს, უფრო სწორედ გაიტაცეს მესტია-ქუთაისის გზაზე 2008 წლის 17 აგვისტოს და მისი კვალიც სამუდამოდ დაიკარგა... კვაშილავას ჩვენებით, ღამით გამოიძახეს, ბათუმის მახლობლად ზღვის სანაპიროზე, სადაც მისვლისას აღმოაჩინა დაპატიმრებული ცინდელიანი. იქ იმყოფებოდნენ „კუდის" თანამშრომლები ლერი ლუხუტაშვილი, რომან შამათავა, ალექსანდრე დანელია, ლადო თორია, სერგო უბილავა, გიორგი ჩიქოვანი. ღამის საათები იყო, კვაშილავას და ჩიქოვანს დაევალა, ხელ-ფეხ შეკრული ცინდელიანი რეზინის ნავში ჩაესვათ, ასეც მოიქცნენ, მათთან ნავში ჩაჯდა, მაშინდელი აფხაზეთის „კუდის" ხელმძღვანელი რომან შამათავა, ზღვაში გასვლისას, შამათავამ ამოიღო იარაღი და დათო ცინდელიანს თავში ესროლა, გაკოჭილი გვამი კი ზღვაში გადააგდეს...დახვრეტილ გვამს თურმე მოსწყდა კისრიდან ხის ჯვარი, რომელიც ზღვის აქაფებულ ტალღებზე მიცურავდა... აი ასე დამთავრდა უნიჭიერესი ახალგაზრდის ცხოვრება „მოძმეთა ხელით"... ვფიქრობ პროკურატურამ და შესაბამისმა ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა როგორმე მისი ცხედარი მოძებნონ, რათა დათოს მშობლებმა და ახლობლებმა დაიტირონ და ღირსეულად დაკრძალონ...
დათო შემთხვევით გავიცანი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მაშინ მეც და ისიც სტუდენტები ვიყავით...როგორც მეგობრებმა მითხრეს, დათოს სურდა აქტიურად ყოფილიყო ეროვნული მოძრაობის რიგებში და იმ წლებში მრგვალი მაგიდის და წინააღმდეგობის ფრონტის მიტინგებში ჩართულიყო... წამოვიყვანეთ სტუდენტურ მოძრაობაში, მას შემდეგ ყველა მიტინგის აქტიური მონაწილე იყო...ეს ფოტოც იმ წლებში მქონია გადაღებული. უნივერსიტეტის დასრულების მერე დათო აღარ მინახია, მესტიაში დაბრუნდა, თვლიდა რომ სვანეთის შვილს, იქ მეტ სარგებელს მოუტანდა თავის კუთხეს და საქართველოს... ასე წავიდა... წავიდა სამუდამოდ... ყველაზე მეტად მაშინ ვიხსენებ დათოს, როდესაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვხვდები... სხვა მომღიმარი სტუდენტებისგან განსხვავებით, ოდნავ მწუხარე სახით და განუყრელი სვანური ქუდით..." - წერს შონია.