logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მეორე პროკურატურა არაა!
- +

14 ნოემბერი. 2017. 02:09



საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მეორე პროკურატურა არ არის.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე - როგორია საერთაშორისო გამოცდილება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თვალსაზრისით, რა ინსტრუმენტები ექნება ამ სტრუქტურას და ბიუჯეტის ნაწილი როგორი იქნება, წულუკიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მექანიზმი ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს.


„ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, სალაპარაკო ენაზე მოქალაქეები ასე ეძახიან - ჯარის პოლიცია, პოლიციის პოლიცია, ანუ პოლიციელი რომ დანაშაულს ჩაიდენს, მას არ იძიებს მისივე კოლეგა, ამას იძიებს სხვა გარეშე უწყება, რომელსაც უფრო მეტი ნდობა აქვს", - განაცხადა წულუკიანმა.


კითხვაზე, ვინ გამოიძიებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის წარმომადგენლის შესაძლო დანაშაულს, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ ეს ორგანო პროკურატურა იქნება. მისივე თქმით, კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელი ქვეყნის მოდელი იქნება შერჩეული.


„ეს არ არის პროკურატურა ნომერი ორი. ეს არის საგამოძიებო ორგანო, რომლის საპროკურორო ზედამხედველობასაც განახორციელებს პროკურატურა, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ გამოძიებაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო სამსახური და არა მეორე პროკურატურა. ამ ორგანოს შექმნის ბიუჯეტი გათვლილია, ჩვენი პროექტით, რომელიც შეიძლება შემდეგ შეიცვალოს, რადგან პარლამენტში უნდა წავიდეთ და იქ, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. დასაწყისისთვის ჩვენ ვფიქრობთ არაუმეტეს 15 გამომძიებლისა, შეიძლება ნაკლებიც, იმისათვის, რომ მართალია ცოტა საქმეები, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები გამოიძიოს. დღეს აღარ არის პრაქტიკა ადამიანების ცემა-ტყეპა, წამება, მაგრამ როგორც კი რაიმე სერიოზული ნიშანი ჩნდება, მერე რა რომ წელიწადში შეიძლება სულ რამდენიმე საქმე იყოს, ეს გამოიძიონ სწრაფად ამ ადამიანებმა. რატომ დაგვიგვიანდა ამ პროექტის კანონად ქცევა - კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომელი ქვეყნის მოდელით წავალთ, შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ყველაზე კარგი იქნება თუკი ეს თანამდებობის პირი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან, რომ სანდოობის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდეს, მაგრამ მაგალითად შვედური მოდელით ეს უფლებამოსილებები აქვს შვედ ომბუდსმენს. არსებობს მოდელები, სადაც ვთქვათ, მხოლოდ ეს ფუნქცია არ აქვს საგამოძიებო მექანიზმს, აქვს სხვა კონტროლის მექანიზმებიც, მაგალითად ოპერატიულ სამსახურებზე და ასე შემდეგ. ან შეიძლება, არც ერთი ამ მოდელის მსგავსი არ იყოს და უბრალოდ იყოს ამ 4-5 კატეგორიის საქმეების გამომძიებელი, მაგრამ ის, რომ ეს ორგანო უნდა შეიქმნას, ის, რომ პარლამენტი კომპონენტი უნდა იყოს, ამაზე შეთანხმებული ვართ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



ჟურნალისტის კითხვაზე - ახალ ორგანოს ექნება თუ არა სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამის უფლება ყველა გამომძიებელს აქვს.


„ყველა გამომძიებელს აქვს უფლება, დაიწყოს სამართლებრივი დევნა, უბრალოდ ამ პროცესში მას ზედამხედველობას უწევს პროკურორი. რა თქმა უნდა, მათ ექნებათ ვალდებულება, როგორც დღესაც არის, როდესაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტია სახეზე, იქ ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს სიმართლე. ამიტომ ამ მხრივ დიდი ლავირების საშუალება მათ პრინციპში არ ექნებათ, და რაც მთავარია, მათ ეყოლებათ ზედამხედველი პროკურორი იმისთვის, რომ რაიმე გადაცდომებს არ ჰქონდეს ადგილი", - აღნიშნა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner