logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: შესაძლოა აფრასიძეების საქმეზე ბარამიძე დააპატიმრონ
- +

18 აპრილი. 2016. 14:11


აფრასიძეების საქმე დღემდე არ არის დახურული. „პრაიმტაიმისთის" ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ბოლოსკენ მიდის და მალე დასრულდება, ბარამიძეზე კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს და მას სავარაუდოდ დააპატიმრებენ.


„ერთ­ერთი ინფორმაციით, მას საარჩევნო სიაში ბოლოში მიუჩენენ ადგილს და შესაძლოა, პარლამენტში ვერც მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში გადაინაცვლოს. თუმცა, თავად აცხადებს, რომ გამოძიებას არ გაურბის და რომ აფრასიძეების საკითხში ის სუფთაა.

 

აფრასიძეების საქმის გამოძიების და კონკრეტული პირების დასჯის მოლოდინი ბოლო წლებია, სხვადასხვა მოვლენებს ებმება. განსაკუთრებით მაშინ დადგა ეს დღის წესრიგში, როდესაც პროკურატურამ „კორტების საქმე" გახსნა და მაღალჩინოსანი პოლიციელები პასუხისგებაში მისცა...

 

ბარამიძის საკითხი მაშინაც დადგა დღის წესრიგში, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო აფრასიძეების გახმაურებული საქმის განხილვას შეუდგა და საქმის ირგვლივ დამაზუსტებელი შეკითხვები დასვა. ეს კითხვები თბილისშიც გამოგზავნეს. ინტენსიური გამოძიება მთავარმა პროკურატურამ მაშინაც განაახლა: სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაიაც დაჰკითხეს.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ქაჯაიას, სხვა სპეცრაზმელების მსგავსად, პროკურატურა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სთხოვდა ჩვენების მიცემას, რომ მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდათ ბრძანებას აფრასიძეების ლიკვიდაციაზე...

 

მართალია, ბარამიძე მაშინაც და ახლაც აცხადებს, მოვიდნენ და დამკითხონო, მაგრამ პროკურატურისთვის მის იმუნიტეტთან გამკლავება, როგორც ჩანს, რთული პროცედურა აღმოჩნდა და არც იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტს ამაზე დაითანხმებდნენ. ამასობაში კი გაბედული განცხადებების მიღმა არც ბარამიძეს გაუბედავს, თავად მისულიყო პროკურატურაში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა მისი მისამართით არსებული ეჭვებისთვის...

 

ოჯახს კი კვლავაც აქვს პრეტენზიები, რომ 2004 წელს, როცა სამინისტროს კარგად შეიარაღებული „სპეცნაზი" ჩავიდა ეწერში ე.წ. გამწმენდი ოპერაციისთვის, მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი ­ მოეხდინათ ოჯახის ლიკვიდაცია. არსებობს ძალიან ბევრი თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ გოჩა და ომეხ აფრასიძეები ხელბორკილდადებული გამოიყვანეს სპეცრაზმის თანამშრომლებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან, მანამდე მათი დაჭრილი მამა გამოვიდა ხელებაწეული და სამართალდამცველებს მიმართა, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და სროლა შეეწყვიტათ. ამ დროს ხელებაწეული ევგენი აფრასიძე დაჭრეს, შვილებმა შეათრიეს სახლში, სადაც სპეცრაზმი შევარდა და იქიდან გამოიყვანეს. ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე ავტომატის ჯერით მოკლეს. რაც შეეხება მის ძმას, გოჩა აფრასიძეს, მას ახლო მანძილიდან „შტიკნოჟით" ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. როგორც მეზობლები და ოჯახის წევრები ამბობენ, მათ არ მისცეს საშუალება, ცეცხლწაკიდებული სახლიდან ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ, რომელიც ჯერაც ცოცხალი იყო და პრაქტიკულად ცოცხლად დაწვეს. შმაგი აფრასიძის მეუღლეს ეგონა, რომ მისი შვილიც იწვებოდა ამ ცეცხლში, უბრალოდ, მან არ იცოდა, რომ გოჩა აფრასიძემ ის ფანჯრიდან გადააგდო და ასე გადარჩა ეს ბავშვი. როდესაც ბავშვი მეზობლის ჭიშკრისკენ გარბოდა, მის მიმართაც მიზანმიმართული ცეცხლი იქნა გახსნილი და მას მარჯვენა ფეხზე ჰქონდა დაზიანება. შმაგი აფრასიძის მეუღლე, ქალბატონი ინდირა იმის გამო, რომ ეგონა, ბავშვიც დაიწვა, ფსიქიკურად შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუწია რეაბილიტაციის გავლა.

 

რაც შეეხება აფრასიძეების საკუთრებას ­ სახლი მთლიანად დაიწვა და გაიძარცვა. ოჯახის ადვოკატების მტკიცებით, ომეხ აფრასიძეს ყელიდან ჩამოჰგლიჯეს ოქროს ჯაჭვი, ბეჭედი რომ ვერ მოხსნეს, თითი მთლიანად მოაჭრეს. მოგვიანებით თბილისში, ერთ­ერთ ძმას, შმაგი აფრასიძეს ესაუბრა პიროვნება, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო და აჩვენა მისი ძმის ბეჭედი და ჯაჭვი. შმაგი აფრასიძემ იცის სახელი და გვარი ამ პიროვნების, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამას ადვოკატები ვერ ამბობენ", - წერს გამოცემა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner