logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი პოლიციელებს: ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:43



შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიციელებს მიმართავს. გიორგი მღებრიშვილი თავის ორწლიანი საქმიანობას აჯამებს და მადლობას უხდის პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს და სამინისტროს თანამშრომლებს.


„ჩემო პოლიციელებო, ძვირფასო მოქალაქეებო!

ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად და მემსახურა თქვენი უსაფრთხოებისთვის!

ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი.

ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების, ჩემი თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე!

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.

ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა.

ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს.

• შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის ანალოგი სულ რამდენიმე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშია.

• დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის პირველი შედეგები უკვე სახეზეა.

• 2017 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან, რითაც საქართველოს შს სამინისტრო ევროპის საპოლიციო ოჯახის ნაწილი გახდა.

• საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაფართოებამ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ორმხრივმა ურთიერთობებმა, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

• სამინისტროს არაერთი დანაყოფი გაწევრიანდა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებში.

• ახლახან ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია.

• ჩვენი უცხოელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს ორგანიზებული დანაშაულის, ე.წ. „კანონიერი ქურდების", ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

• 2016 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი - მოთხილამურე პატრული. სამთო-სათხილამურო პატრულებმა უკვე 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება.

• 2015-2017 წლებში „112"-მა, თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები დანერგა.

• მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შსს-ს აკადემიაში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში... რომელთა ჩამოთვლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ.

ვფიქრობ, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.

მე მჯერა ამ პროგრესის, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც იტყვის ქვეყნის განვითარების საქმეში. მინდა, იცოდეთ, რომ ეს უწყება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია და მას თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით...

მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს... ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი.

საუკეთესო სურვილებით,

გიორგი მღებრიშვილი

პოლიციელი გმირია!

ვემსახურები საქართველოს!" - ნათქვამია გიორგი მღებრიშვილის განცხადებაში.

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner