ტელეკომპანია „მაესტროს" წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ადვოკატებს სხვა სამართლებრივი არგუმენტებიც ჰქონდათ, რის საფუძველზეც ითხოვდნენ, რომ არ დაკმაყოფილებულიყო მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სარჩელი.
მისივე თქმით, მოსამართლემ დღეს მხოლოდ ის განმარტა, რომ არსებობს საქართველოში პრაქტიკა, რომლის თანახმადაც წინარე ხელშეკრულების დადებით მხარეს ვერ დაავალდებულებს ვერავინ, რომ დადოს ძირითადი ხელშეკრულება.
„2011 წელს წილის გაყიდვების ძირითადი ხელშეკრულება არ დაიდო და დაიდო მხოლოდ წინარე ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადება, ამიტომ მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო ვერ დაავალდებულებს მხარეებს, რომ დადონ ის ხელშეკრულება, რომელიც მათ თავის დროზე არ დადეს.
გამომდინარე იქიდან, რომ წინარე ხელშეკრულების ვადა იყო გასული, ჩვენ ვამბობდით, რომ აღარ არსებობს ვალდებულება ძირითადი ხელშეკრულების დადების. წინარე ხელშეკრულებას ვადა 2012 წლის 10 დეკემბერს გაუვიდა, შესაბამისად, გია გაჩეჩილაძეს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება არ ჰქონდა. ეს არგუმენტი ჩვენს მიერ წარდგენილი იყო სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
„მაესტროს" სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება.