„სუბიექტური ვარ? ალბათ, ცოტა... თუმცა, ყველამ იცის, რომ ტყუილი მძაგს და ამიტომ ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეხება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია...
წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის...
პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც...
ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის...
თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს.
და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24-საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს.
სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად.
რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული... რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს", - წერს თეა პერტაია.